ქვეყნის პირველი დიპლომატი აშშ-ი განათლებამიღებული გიორგი კვირიკაშვილი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პრიორიტეტი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება, რომელიც ქვეყანას მეტ წარმატებს მოუტანს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებით. როგორც for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიანიშნებს, რომ საგარეო პოლიტიკური ამოცანები უფრო საგარეო-ეკონომიკური გახდა.
ბატონო რამაზ, მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას რა პოლიტიკური კონტექსტი ახლავს?
- მგონია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნა მაინც მეორადი მოვლენაა - შეიძლება, მეშლება, მაგრამ არ მახსენდება, თავისი მიმართულებით ქუმსიშვილი ისეთი წარმატებული ყოფილიყო, რომ ორიენტაცია მასზე აეღოთ. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს და კონკრეტულად კვირიკაშვილს, სხვა მინისტრებზე უფრო ხშირად გამიგია შენიშვნები, კვირიკაშვილის შემთხვევაში - ნაკლებად.
მგონია, დგება ეტაპი, როდესაც საგარეო ურთიერთობებში წინა პლანზე ეკონომიკა იწევს. ამიტომ მას, ვისაც საგარეო ეკონომიკა მიჰყავს, საჭიროა, კომპეტენცია გააჩნდეს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და პერსპექტივებში. ასეთი კი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრია.
ახალი დატვირთები და ამოცანები ჩნდება საგარეო-ეკონომიკურ ვექტორში?
-რა თქმა უნდა, თუმცა მგონია, რომ ეს სიახლე ეკონომიკურ სივრცეში აზიის გამოჩენამ მოიტანა. როდესაც დასავლეთი გვთავაზობდა ურთიერთობებს, აყოლებდა კიდევაც იმ კონსულტაციებს, რომელიც ამ ურთიერთობის ნორმალური წაყვანისთვის იყო საჭირო.
ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობაში დასჭირდა ადამიანი, რომელსაც ეკონომიკური კუთხით აქვს გამოცდილება, ასევე კონტაქტები, რაც ამ ქვეყნებთან ურთიერთობისათვის აუცილებელია.
როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდს ხელისუფლებაში ცვლილებები სჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ამით აიხსნება? მითუფრო, როდესაც აქტიურად საუბრობენ, რომ ეკონომიკური კუთხით ქვეყანას აქვს ჩავარდნა...
-არ ვიცი, დღევანდელ სინამდვილეში ეკონომიკურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი არის თუ არა ეკონომიკის სამინისტრო. იმიტომ, რომ ეკონომიკა არ არის სახელმწიფოს ხელში, რეალურად ის ბიზნეს-სექტორის ხელშია. რომელ უწყებას რა როლი ეკუთვნის ამ ბიზნესის ხელშეწყობაში, ამის თქმა გამიჭირდება. ეკონომიკის „ცუდადყოფნას“ პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ვერ დავაბრალებთ. ეს მინისტრთა მთელი კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხია.
„თუკი მთავრობა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს, მაშინ ღიად თქვან ამის შესახებ“, - ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დამიშვნას ოპოზიცია. ბატონო რამაზ, რამდენად სწორია საკითხის ასე დაყენება, სად ჩანს, რომ კვირიკაშვილის დანიშვნით მთავრობა საგარეო კურსს ცვლის?
-აბსოლუტურად გაუგებარია საკითხის ასე დაყენება. ის, რომ მინისტრი იცვლება, ყოველთვის არ ნიშნავს კურსის ცვლილებას და მითუმეტეს, კვირიკაშვილის შემთხვევაში.
პირადპირ ვთქვათ, ისეთი ევროპული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, როგორიც კვირიკაშვილს აქვს, ბევრ იმ ოპონენტს არ აქვს, რომელიც ამას ამბობს.
2015-2016 წელი ძალიან დატვირთული წელია საქართველოსთვის - ჩნდება ახალი პერსპექტივები - როგორიც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, დეკემბერში იმართება ნატოს მინისტერიალი და უკვე, 2016 წელს ვარშავის სამიტია, სადაც უნდა გადაწყდეს წევრობის საკითხი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ გამოწვევებს წარმატებით გაართვას თავი?
-ყველა, ვინც იცნობს კვირიკაშვილს, და ვიცნობ მეც, ფიქრობს, რომ ის შეძლებს წარმატებით გამოცდის ჩაბარებას.
რაიკომის პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე და დანიშნეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად. თუ შევარდნაძემ შეძლო რაიკომის მდივნობიდან საგარეო საქმეთა მინისტრობა, მაშინ კვირიკაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ თავი გაართვას საგარეო გამოწვევებს. მას ნადვილად აქვს ის გამოცდილება, რომ საგარეო-ეკონომიკური კუთხით წარმატებას მიაღწიოს.