„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი“დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016წლიდან“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედი“ არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დროებით შეჩერების ფაქტს.
თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც „იმედი“ მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებს, ცნობილია, რომ არ იქნება „რექაცია“ და მისი წამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც არხის გენერალური დირექტორისგან გადაცემის დახურვის შესახებ 29 აგვისტოს შეიტყო.
„რეაქციისა“და„იმედის კვირის“პროდიუსერები და ჟურნალისტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ორი მაღალრეიტინგული გადაცემის დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მით უფრო, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით.
ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია.
როგორც „რეაქციის პროდიუსერი სოფო ხუციშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გადაცემა ბადეში იჯდა და ეთერში 18 სექტემბერს უნდა გასულიყო.
„ჩვენ ვმუშაობდით გადაცემაზე. „რეაქცია“ ბადეში იჯდა და 18 სექტემბერს უნდა გავსულვიყავით ეთერში. პირველი სამი გადაცემაც დაგეგმილი იყო. მთელი გუნდი ვმუშაობთ და მაშინ არანაირი მინიშნება არ იყო. გუნდმა ბოლო დღმდე იცოდა, რომ 18 სექტემბერს იყვნენ ეთერში. თუმცა, 29 აგვისტოს უთხრეს ინგას გადაცემის დახურვის შესახებ“, - აცხადებს სოფო ხუციშვილი.
თავად გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნების წინ არ ყოფილიყო ეკრანზე. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი გადაცემა 29 აგვისტოს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახურეს.
„იმედი არის კერძო ტელევიზია და არხს აქვს სრული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაცემა სჭირდება და რომელი არა. ამიტომ, „გაგებით ვეკიდები“ მათ გადაწყვეტილებას, რომელიც ვითომ მათ მიიღეს და ვითომ სულაც არ იყო პოლიტიკური. მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ“, - აცხადებს გრიგოლია.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ „იმედმა“ შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით. ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ტელეკომპანიას დაავალეს მისი გადაცემის დახურვა და „იმედმაც“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„გასაოცარი ის არის, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და „იმედმაც“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი ამბები ხდებოდა ყველა ხელისუფლების დროს ჩემს თავს და ასე მოხდა დღესაც“, - აცხადებს ინგა გრიგოლია.
for.ge-სთან საუბრისას გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ „იმედის კვირა“ გრიგოლიამ თავისი ნებით ივლისში დატოვა.
„არ ვიცი რამდენად იცის ეს მოსახლეობამ. ტელევიზიაში ყველამ ვიცოდით, რომ ინგა თავისი ნებით ტოვებდა „იმედის კვირას“. რაც შეეხება არხის გადაწყვეტილებას, მე არ ვარ საინფორმაციო-პოლიტიკური რედაქციის წევრი. მე ვიყავი „იმედის კვირის“ წამყავნი და თუ პირდად, ჩემი აზრი გაინტერესებთ გეტყვით, რომ ნებისმიერი რეორგანიზაცია უკეთესობისკენ უნდა იყოს მოწოდებული და ყველანი ამას დაველოდებით.
რაც შეეხება საუბარს პოლიტიკურ მოტივებზე, არ მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ან პოლიტიკური დაკვეთა. ძველი რომაელები ამბობდნენ, ვისაც აწყობს ეს ყველაფერი, ის არის დამნაშავეო. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე ძალიან ხეირობს „რუსთავი 2“, რადგან მას რჩება ბურთი და მოედანი“, - აცხადებს შალვა რამიშვილი.
„რეაქციის“ და „იმედის კვირის“ დახურვას წინ უსწრებდა GDS-ზე „კვირის 2030“-ის დახურვა. როგორც გადაცემის წამყვანი და მთავარი პროდიუსერი, არჩილ გამზარდია აცხადებს, თავიდანვე იცოდა, რომ მისი თანამშრომლობა დროებითი იყო და ასეც მოხდა, როდესაც პროექტი დასრულდა.
„ხელშეკრულება დასრულდა და დასრულდა პროექტიც. ამაში ტრაგიკულს ვერაფრს ვხედავ. უფრო ტრაგიკულად მიმაჩნია ისეთი თოქ-შუების დახურვა, რომლის ამოსავალი წერილი ერთი კონკრეტული ჟურნალისტია. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები ეს არის საზოგადოებრივი დიალოგის სივრცე და თუ ეს სივრცე შემცირდა, ან გაუქმდა, ეს არ იქნება სწორი და შეიძლება დაემსგავსოს წინა ხელისუფლებისდრონდელ სიტუაციას. იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება.
ვერ ვიტყვი, რომ აქ პირდაპირ არის ხელისუფლების ჩარევა. თუმცა, გვახსოვს, როგორი მიდგომა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს - როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში თქვა, რომ ხალხს აღარ სჭირდება პოლიტიკური თოქ-შოუებიო და დახურა ყველა გადაცემა. ეს მიდგომა მაშინც მცდარი იყო და ახლაც მცდარია. ზოგადად, გადაცემის დახურვის რა მიზეზიც კი მომისმენია, ყველა ერთმანეთს ჰგავს და საკმაოდ უსუსურად გამოიყურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ვერცერთი დამოუკიდებელი მიმომხილველი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ „იმედში“ მიმდინარე პროცესებში ჩართულია ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები. მისივე თქმით, ის, რომ ცალკეულ დეპუტატებს თუ მაღალჩინოსნებს ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ რაღაც განცხადებები აქვთ გაკეთებული, ეს ჯერაც არაა იმის დამადასტურებელი, რომ ხელისუფლება ჩაერია იმედის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში, რომ 2016 წლამდე შეეჩერებინა ყველა პოლიტიკური თოქ-შოუ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ - არა თუ ჩვენ, ქართული სახელმწიფოს მედიის წარმომადგენლები, არამედ დასავლეთ ევროპაშიც კი, ძალიან ბევრი ანალიტიკური გამოცემა, ბევრი საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი ამბობს, რომ ძლიერდება რუსული ფლანგის საინფორმაციო მანქანის შემოტევა. ამასთან, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებზე. ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებიც ტექნოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით შეუდარებლად ძლიერები არიან. ფაქტია, რომ ჩვენთან გაძლიერებულია მედიაში რუსული უკანონო ფულის შემოდინება“, - აცხადებს ტაბლიაშვილი.
მისივე განცხადებით, ღიად არის გამოცხადებული რუსული გრანტების მიღება. რაც, მისი თქმით, აბსურდია, რადგან, არც ერთი რუსული გრანტის გამცემი ორგანიზაცია არ არის თავისუფალი და ბუნებრივია, რომ ის სარგებლობს რუსეთის სპეცსამსახურების და ოლიგარქიული ფულით.
„ეს განსაკუთრებით თვალსაჩიონოა ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიაში. მიაქციეთ ყურადღება თქვენსავე „კოლეგებს“, რა მიმართულების მესიჯები ისმის ამ მედიასაშუალებებიდან? - მიმართულება ასეთია - საქართველო აუცილებლად უნდა დაუახლოვდეს რუსეთს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთი, უარყოფით ძალად არის წარმოჩენილი. შესაბამისად, არის მცდელობა, რომ ტელემედიაში, რომელსაც ყველაზე მეტად მოიხმარს საზოგადოება, შეაღწიოს რუსულმა იდეოლოგიამ და რასაკვირველია, ამის მცდელობები არის.
ყველაფრი რაც არაგამჭვირვალეა და შეფუთულია თითქოს არხის რეორგანიზაციით, წაკითხული უნდა იქნას, როგორც რუსული დინების მოძლიერებად“, - აცხადებს f or.ge-სთან საუბრისას ირაკლი ტაბლიაშვილი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „რეაქციის“ და „იმედის კვირის“ ბედი გაიზიარა ეკა მიშველაძის თოქ-შოუმ „პირველი სტუდია“. for.ge-ს ინფორმაციით, გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ იმ მოტივით მიიღო, რომ ჟურნალისტი პოლიტიკოსზე დაქორწინდა. „საზოგადოებრივი არხის“ ეთიკის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური შეუთავსებლობაა. თავად ეკა მიშვნელაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „საზოგადოებრი მაუწყებელს“ ეთიკის კოდექსი მაშინ არ გახსენებია საზმაუწყებელს, როდესაც შსს-ს მაღალჩიონოსანის, შოთა უტიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამ არხის სახე იყო.