„სააკაშვილი უკრაინაში დარჩენაზე რომ იყოს ორიენტირებული, სხვაგვარად იმოქმედებდა“

„სააკაშვილი უკრაინაში დარჩენაზე რომ იყოს ორიენტირებული, სხვაგვარად იმოქმედებდა“

„ოდესელი მიშკა“ - ახლა უკვე ასე უწოდებს სააკაშვილი საკუთარ თავს - პერმანენტულად გააქტიურდება ხოლმე და ოდესელების გაოცებასაც ახერხებს. იგი ხან იქაურ პატრულს ავარჯიშებს და საპატრულო მანქანის საბარგულში მოიკალათებს, ხანაც ოდესელ პროკურორებს მაგიდაზე ხელებს უბრახუნებს; ხან კი ოდესის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელს მთელი ხმით უყვირის. არც კანონიერ ქურდებს ივიწყებს და ირწმუნება, რომ ოდესელი კანონიერი ქურდები პრაღაში მის მოსაშორებლად შეიკრიბნენ, თუმცა რატომ არ კლავენ, მისთვისაც გამოცანაა. ალბათ იმიტომ, რომ „ლაჩრები არიან“, - ასე ფიქრობს სააკაშვილი.

უსამართლობასთან მებრძოლის მანტიით შემოსილი ექსპრეზიდენტის ხილვა საქართველოში არავის უკვირს, თუმცა საინტერესოა, რა პროცესისთვის ემზადება ოდესის ოლქის გუბერნატორი, რომელიც პერიოდულად საქართველოსაც გადასწვდება ხოლმე?!

სულ ახლახან, სააკაშვილმა გაიხსენა, რატომ აუმხედრდა მას ქართული ინტელიგენცია და რის გამო დაიმსახურა რობერტ სტურუას გულისწყრომა, რაც ბანალური მიზეზით ახსნა -  ქართველმა რეჟისორმა მას თურმე მარიხუანის გამო დაჭერილი მეგობრის შვილის გათავისუფლება სთხოვა და ამიტომაც გადაეკიდა. სააკაშვილმა კი ამ ყველაფერში დამნაშავედ საბჭოთა ინტელიგენცია მიიჩნია, რომელიც საბჭოთა მეგობრულ-მაფიოზური კანონებით ცხოვრობდა...

რისთვის ემზადება სააკაშვილი და როდის გადაწყვეტს, კიდევ ერთხელ სარფის საბაჟოდან „ჩამოუქროლოს“ საქართველოს?! კვლავაც ქართულ პოლიტიკაში რეალიზებას უმიზნებს თუ ოდესის გუბერნატორობას სამომავლო ტრამპლინად განიხილავს, ოღონდ უკრაინის მასშტაბით?!

ექსპერტი, არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში მშვიდ გარემოცვაში კონსტრუქციული არჩევის შანსი სააკაშვილს ნულოვანთან მიახლოებული აქვს. ამისთვის რაღაც თეორიული შანსი შეიძლება კიდევ არსებობდეს; ისევე, როგორც შეიძლება არსებობდეს შანსი, რომ 90-ე წუთზე, ათით ნულს როცა აგებ, გამარჯვების შანსი გქონდეს.

ექსპერტის თქმით, ოდესაში სააკაშვილის ასეთი „მოუსვენრობა“ განპირობებულია იმ სიძულვილით, რომელიც მას აქვს ქართველი ხალხისა და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ; ნაცმოძრაობა დღეს არჩევნებში გამარჯვებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ჩვენს ხელისუფლებას.

სააკაშვილიც დაახლოებით ამ რაკურსით მიდის და მისი ქცევები განპირობებულია არასრულფასოვნების განცდით, რათა იმ ადამიანებს მიაყენოს მაქსიმალური ზიანი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან; არც ის ხალხი დაინდოს, ვინც იგი არ ისურვა - ანუ საუბარია ქართველ ერზე.

„ეს არის სარეკლამო ტრიუკები სააკაშვილის მხრიდან, რაც გვახსოვს საქართველოში მისი მეორე ვადით არჩევისას, როცა იგი დროზე ადრე გადადგა ხელისუფლებიდან. იმ პერიოდშიც ვნახეთ მისი საარჩევნო კამპანია, ზუსტად ამავე ფორმულით მუშაობდა და ჯართან თუ პატრულთან მიმართებით ტრიუკებს აწყობდა.

სავარაუდოდ, სააკაშვილი საკუთარ თავს დიდხანს არ მოიაზრებს არც უკრაინაში, რადგან ის საკმაოდ რთულ ადგილას არის; ის არ გაუშვეს უფრო სტაბილურ ადგილას გუბერნატორად, თანაც, ნეგატივი სააკაშვილის მიმართ უკრაინაში საკმაოდ დიდია. იმ პრინციპით, რომ დასაკარგი არ აქვს და საქართველოში მოჭრილი აქვს გზა, ცდილობს, ოდესაში გააქტიურებას, იქნებ, გაუმართლოს.

მაინც ვფიქრობ, სააკაშვილი უკრაინაში დარჩენაზე რომ იყოს ორიენტირებული, სხვაგვარად იმოქმედებდა. სავარაუდოდ, საკუთარ თავს არ აღიქვამს გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინაში. სააკაშვილისთვის მსოფლიოში ნამდვილად მოიძებნება ადგილი, რადგან მასზე უარესებისთვისაც მოძებნილა ასეთი ადგილი. მრავალ ასპექტში ის ნიჭიერი ადამიანია და შეიძლება მისი რესურსის კარგად გამოყენება, მაგრამ მისი ფსიქოტიპი ისეთია, რომ თავისი რესურსებს მიღმა ხედავს საკუთარ თავს მთელ მსოფლიოში.

ის არ არის ხელწამოსაკრავი ფსიქოტიპი, მაგრამ ფსიქიკა ხელს უშლის, რომ მისი რესურსი თუნდაც სხვა ქვეყანამ კარგად გამოიყენოს. ის მაინც ახალგაზრდა კაცია და, თუ დროთა განმავლობაში გარკვეულ დასკვნებს გააკეთებს, შეიძლება, მსოფლიოში მისთვის კარგი ადგილიც მოიძებნოს. ის უნდა დაშორდეს იმ სიძულვილს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გააჩნია და უნდა დაშორდეს განდიდების მანიას“,-აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება დასავლეთს ან აშშ-ს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ შტატებს აქვს ერთი უნიკალური თვისება, მან შეიძლება ფავორიტები გვერდზე გასწიოს, რაციონალურად მიუდგეს საკითხს და სააკაშვილისადმი სიმპათია სიმპათიის დონეზე დატოვოს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლება დასავლეთისთვის, ასევე საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ბევრი რამ გასაგებია. საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან და ახალი რეალობისადმი ადაპტაციიდან გამომდინარე, სააკაშვილი თავისი თავის წარმოჩენას ცდილობს ოდესაში, რაც ხელს შეუწყობს იქ დამკვიდრებაში.

იურისტი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც სამართლებრივად მოსწყდა სამშობლოს და უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში მის პოლიტიკურ მომავალს საქართველოში ვერავინ წარმოიდგენს. არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებლის კატეგორიას განეკუთვნება, არამედ კანონი კრძალავს ამ ყველაფერს.

შესაბამისად, სააკაშვილი ცხოვრებს არა საქართველოთი, არამედ - პირიქით - მისი განვლილი ცხოვრების ეპიზოდების მოშველიება მას ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად სჭირდება.

„იგი ცდილობს, ძველი საბჭოთა გადმონაშთის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩინოს თავი, რადგან სააკაშვილი მკვიდრდება იმავე პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში. წარსულის თვალსაზრისით, ბევრი რამ შეიძლება იდენტური იყოს ქართულ და უკრაინულ საზოგადოებას შორის, ოღონდ მასშტაბები განსხვავებულია. ასე რომ, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას კი არ ცდილობს და მისი დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხი საქართველო კი არ არის, არამედ საქართველოს თემატიკას იყენებს უკრაინული რეალობისთვის.

სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ მისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელება საქართველოში შეუძლებელია. ზენაციონალური და სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებით მოთამაშის ამბიცია არა მგონია, გონივრული იყოს სააკაშვილისთვის. ამ ეტაპზე მისი ამოცანაა, რომ იქ, სადაც არის, წარმატებულად დამკვიდრდეს. სააკაშვილი როგორც „წარმატება“- ამ ბრენდის დამკვიდრება ხელს შეუწყობს მის პოლიტიკურ აღმასვლას, უკრაინის პრემიერობა იქნება ეს თუ პრეზიდენტობა. ერთი კია, უკრაინის კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ახლად მიღებულ მოქალაქეობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.  

რაც შეეხება საპატრულო წვრთვნებს სააკაშვილის მონაწილეობით, იურისტი თვლის, რომ ეს ქმედება არაორდინარული იქნებოდა უკრაინელებისა და ოდესელებისთვის. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსად არ გვინახავს, რომ ამა თუ იმ რეგიონის ხელმძღვანელი წვრთვნებში მონაწილეობდეს, მაგრამ სააკაშვილი ამით რაღაცის დემონსტრირებას ახდენს და ეს რაღაცა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმავე პატრულის თანამშრომლებისთვის ან იქ მაცხოვრებლებისთვის.

შესაბამისად, ამ ყველაფერს პიარის ელემენტები დაჰკრავს და მსგავსი არაორდინარული ქმედებები, რომელიც სააკაშვილს კარგად გამოსდიოდა საქართველოში, როგორც ჩანს, თანმდევი იქნება მისი უკრაინული ცხოვრებისთვისაც. ეს ხომ მისი ერთ-ერთი საფირმო ნიშანია.