25 აგვისტოს, ლარის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ფინანსთა მინისტრის პროგნოზის მიუხედავად, რომ ლარის კურსი აუცილებლად სტაბილური გახდებოდა, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.44-დან, 2.47-ლარამდე მერყეობდა. დღის ბოლოს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოლოდინი არ გაგვიცრუა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი - 2.4161 ლარი დაადგინა. მანამდე კი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი - 2.3640 ლარი ღირდა - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0521 ლარი შეადგინა.
ვიდრე ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ კურსს დაადგენდა, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებისა და მოსახლეობის დამშვიდება სცადა.
„330 მილიონ დოლარზე ნაკლებია გასული ქვეყნიდან, ასევე აღმოფხვრილია დისბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის და არავითარი ფუნდამენტური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის.
ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიმდინარეობს. საერთაშორისო ბირჟებზე სერიოზული რყევებია, რაც ირიბად ზემოქმედებს ჩვენს შიდა ბაზარზე.
მისივე შეფასებით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სავალუტო ბირჟაზე დამატებითი რესურსების მოზიდვა ინვესტიციების, თუ სხვა ტიპის პირდაპირი ფინანსური ნაკადების სახით.
„ლარის დასუსტება არის ეკონომიკური სისუსტის ბრალი. ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი, რომ არ შემოდის არც ინვესტიცია. ეროვნულ ბანკს აქვს მოკლევადიანი ინსტრუმენტი იმისა, რომ დროებით დაარეგულიროს ფულის ერთჯერადი მოთხოვნა-მიწოდება, მაგრამ თუ გრძელვადიანი, სისტემური ფაქტორები არ შეიქმნა, ეროვნული ბანკის რეზერვები ამოიწურება და მერე რას იზამენ? - ეს საკითხია გადაუწყვეტელი.
ამიტომ, აუცილებელია სისტემური გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოფიქრება ისე, რომ მოზიდული იქნას ინვესტიციები, გარდა ამისა, გაზარდოს ნაღდი ფულის მოზიდვა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ გარკვეული პანიკური მოლოდინები შეიმჩნევა საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში, ხუხაშვილის განცხადებით, ამას თავისი მიზეზი აქვს.
„პრემიერი კი საუბრობს, რომ დისბალანსი აღმოფხვრილიაო, მაგრამ ასე არ არის. სავალუტო ბირჟაზე დარეგულირებული არ არის მოთხოვა-მიწოდების საკითხი, რაც რისკებს ზრდის. რაღაც კრიტიკულ წერტილს რომ გადალახავს, შემდეგ უკვე ადამიანები იწყებენ ვალუტის მომარაგებას - ეს პანიკა და აჟიოტაჟიც ამით აიხსნება.
პრემიერი ბუნებრივია, უნდა შეეცადოს რაღაცნაირად ჩააწყნაროს სიტუაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - არც პრემიერია ფსიქოთერაპევტი და არც ჩვენ ვართ პაციენტები. ეს რიტორიკა საჭიროა, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, გაჩნდეს გრძელვადიანი ფაქტორები, რათა სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დაბალანსდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილმა სიტუაციამ, რომელსაც საბოლოო ჯამში, მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე საფონდო ინდექსების ჩამოშლა მოჰყვა, მნიშვნელოვნად აისახა ქართულ სავალუტო ბაზარზე. მისივე განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია უცხოურ ბაზრებზე, აქედან გამომდინარე ის ნეგატიური ტენდენციები, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ფიქსირდება, ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
„ეს აჟიოტაჟი რაც საქართველოს სავალუტო ბაზარზეა, ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი პანიკით. საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ლარის დაცემა. ბუნებრივია, ეს ძალზე ნეგატიური ტენდენციაა, თუმცა, როგორც წესი, ასეთ აჟიოტაჟი მოკლევადიანია.
სავარაუდოდ, საქართველოშიც მოკლე პერიოდში დამთავრდება ეს აჟიოტაჟი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ლარი გამყარდება, თუმცა სტაბილურობის ნიშნები უახლოეს პერიოდში გაჩნდება. იმიტომ, რომ აჟიოტაჟი ნიშნავს პიკს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს და მეტნაკლებად სტაბილური პერიოდი გაგრძელდეს წლის ბოლომდე, პირველ რიგში, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა გადახედოს მონეტარულ პოლიტიკას და ამ მხრივ გარკვეული კორექტირებები გააკეთოს. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დოლარზე მოთხოვნის შემცირებას და ლარზე მოთხოვნის გაზრდას.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს მონეტარული პოლიტიკის კორექტირება, განსაკუთრებით კი, რეფინანსირების სესხების პოლიტიკაა გადასახედი, რადგან რეფინანსირების სესხების ოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის ზრდას.
ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედების მეორე ინსტრუმენტი კი უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია - ესაა პრივატიზაციის ტემპი, რომელიც დაანონსდა, მოლოდინები გვქონდა, თუმცა, ეს მოლოდინები ჯერჯერობით შესრულებული არ არის.
წლის დარჩენილ პერიოდში როგორმე მნიშვნელოვნად უნდა დავძლიოთ ჩამორჩენა პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა - ანუ დამაბალანსებელი ინსტრუმენტების ამოქმედება.
თუ დოლარსა და ლარს შორის ბალანსი არ აღდგა, ძალიან გაგვიჭირდება დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან კალანდაძემ.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ვალუტის გაუფასურების მიზეზები ქვეყნის შიგნით არ არსებობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის კლებამ მთლიანად დააბალანსა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება.
„იმპორტის შემცირებიდან 332 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან, რამაც დააბალანსა 202 მლნ-დოლარიანი ფულადი გზავნილების შემცირება. რაც შეეხება პრივატიზაციას, 110 მილიონ ლარზე მეტია შემოსული პრივატიზაციიდან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან ან მიიღებენ სპეკულაციური ტიპის ტრანზაქციებში მონაწილეობას, აუცილებლად წაგებული დარჩებიან.
„ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს - ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა - კონკრეტულად, საუბარი მაქვს ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად დაექვემდებარება“, - მიიჩნევს კვირიკაშვილი.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი აუცილებლად სტაბილური გახდება. ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები.
„ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იღებს. წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 110 მილიონ დოლარს, ანუ წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი.
ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.