„რუსთავი-2“-ის ადვოკატირება ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭომ საკუთარ თავზე აიღო

„რუსთავი-2“-ის ადვოკატირება ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭომ საკუთარ თავზე აიღო

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ძალიან მალე, „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელს, ეროსი კიწმარიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკაში გადასვლის გამო ტელეკომპანიის დატოვება მოუხდა. როგორც მაშინ ითქვა, მან პარტნიორები დაიყოლია ტელეკომპანიის გაყიდვაზე - ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მოგვევლინა. ის ტლეკომპანიას ხელმძღვანელობდა მანამ, სანამ მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი არ გახდა - ყველას კარგად ახსოვს ქიბარ ხალვაშის გადამწვარი საწყობები. ხალვაში იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად უცხოეთში წაულიყო. დღეს ის წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

ტელეეთერით გამოსვლისას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილი გაკვირვებულია - „როგორ შეიძლება საუბარი იყოს ისეთი რაღაცის დაბრუნებაზე, რომელიც პიროვნებას არასდროს ეკუთვნოდა“. ბიბილაშვილი ირწმუნება, რომ უდიდესი ინვესტიცია მოხდა კომპანიის ამჟამინდელი მეწილეების მხრიდან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შექმნილიყო, ამასთან კი ქიბარ ხალვაშს არასდროს შეხებაც არ ჰქონია“. მისივე თქმით, შესაბამისად, ეს არა რაიმეს დაბრუნების, არამედ ამ ყველაფრის ხელში ჩაგდების მცდელობაა. 

For.ge-ს კითხვაზე, რა პერიოდში განხორციელდა ეს ინვესტიცია და რა მოცულობით ან რითი დასტურდება, რომ ინვესტიციები ნამდვილად განხორციელდა - ტრანზაქციები საბანკო ანგარიშსწორებით თუ ხდებოდა და შეუძლიათ თუ არა მისი წარმოდგენა, „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა საკმაოდ სიტყვაძუნწი პასუხი გასცა: „ყველაფერს წარვადგენთ, რაც და რა მოცულობითაც დასჭირდება საქმეს“.

რა პერიოდში განხორციელდა ინვესტიციები და რა მოცულობისაა ეს „უდიდესი ინვესტიცია“, ბიბილაშვილი ამის განმარტებისგანაც თავს იკავებს.

რაც შეეხება „რუსთავი-2“ ის ხელში ჩაგდებას, საინტერესოა ერთი დეტალი - ტელეკომპანიიდან ქიბარ ხალვაშის წასვლის შემდეგ პრაქტიკულად გაურკვეველი იყო ტელეკომპანიის მფლობელის ვინაობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მზის“ მფლობელები.

სავარაუდოდ, დასავლეთის ზეწოლით, საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მიიღო მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც, ერთი მხრივ, აკრძალა სამაუწყბელო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის და მეორე მხრივ, ყველა მაუწყებელს დაევალა 2012 წლის 1 იანვრამდე შეევსო შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანიების დამფუძნებლების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გამხდარიყო.

სწორედ ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მზის“ მფლობელების იყვნენ, ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე (10%) და ლევან ყარამანიშვილი (90%). ანალოგიურად ინაწილებდნენ წილებს გეგეშიძე და ყარამანიშვილი ტელეკომპანია „მზე“-ში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ახალი მფლობელების რეგისტრაცია 2011 წლის 6 დეკემბერს განხორციელდა. მანამდე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმითედი“ „რუსთავი 2“-ში 70%–ს, ხოლო „მზეში“ 55%–ან წილს ფლობდა. შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ კი „რუსთავი 2“-ში 30%–ან წილს, ხოლო „მზეში“ 45%-ან წილს ფლობდა. თავის მხრივ, შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ 100%-ან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ ფლობდა.

2011 წლის 6 დეკემბერს ლევან ყარამანიშვილმა იყიდა (უცნობია - რამდენად) „დეგსონ ლიმითედის“  45%-ანი წილი „მზეში“ და 20%-ანი წილი „რუსთავი 2“-ში. იმავე დღეს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალსა“ (წარმომადგენელი რამაზ ბერიძე) და ლევან ყარამანიშვილს შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა 30%-ანი წილი იყიდა „რუსთავი 2“- ში, ხოლო 45%-ანი წილი „მზეში“.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, როგორც ჩანს, ტელეკომპანიის მფლობელებმა ტელეკომპანიის თავიდან მოცილება ან წილის რეალური მფლობელისთვის გადაფორმება მოინდომეს - დღემდე უცნობია, რეალურად რა მოხდა - ფაქტი კი ისაა, რომ ტელეკომპანია თავდაცვის ყოფილი მინისტრს  დავით კეზერაშვილს 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდეს.

დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტიანი წილი, რომელიც 4 ოქტომბერს იყიდა, 5 დღის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. მანვე იყიდა „ჯორჯიან მედია კომპანიის“ კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი ტელეკომპანია „მზეში“. ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება.

შევეცადეთ, „რუსთავი 2“- ის ადვოკატთან გაგვერკვია რატომ მოხდა გადაყიდვა და ეს რამენაირად უკავშირდებოდა თუ არა ტელეკომპანიაში განხორციელებულ ინვესტიციებს, მაგრამ ბიბილაშვილმა გვიპასუხა, რომ ის ამ ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, „რადგან ეს საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს სასამართლო დავის საგანს“.

რამდენადაც ცნობილია გიორგი (გია) ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ისინი კიევში სწავლის დროს ჯგუფელები იყვნენ და მასზე პრეზიდენტმა 2005 წელს, საჯარო გამოსვლისას ისაუბრა.

რაც შეეხება ტელეკომპანიის მფლობელების სააკაშვილთან მეგობრობას, ამ თემის გაგრძელებაა - სწორედ ამ მეგობრული თუ მჭიდრო ბიზნეს-კავშირების, შესაძლოა, არხის ტენდენციურობის გამო, ხშირად ისმის ბრალდება, იმის შესახებ რომ „რუსთავი-2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელეკომპანია. თუმცა ტელეკომპანიის ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს: „ბრალდება ყველანაირი შეიძლება ისმოდეს, მაგრამ არც ერთი ბრალდება არასდროს ყოფილა ოდნავ მაინც დასაბუთებული. ვერც იქნებოდა, რადგან ეს ასე არ არის“, - აცხადებს ბიბილაშვილი.

როგორც ჩანს, ესეც დამთხვევაა - „რუსთავი-2“ ის ადვოკატი, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია. ბიბილაშვილი აცხადებს რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია: „მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი და ვახორციელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა და საადვოკატო საქმიანობა რომ შეუთავსენელი არაა, ამაში „ქართული ოცნების“ არაერთი წევრის მაგალითზე შეგიძლიათ დარწმუნდეთ“,- აცხადებს ბიბილაშვილი.

კიდევ მრავალი კითხვა ტრიალებს საზოგადოებაში: მართალია, „რუსთავი-2“-ის ოფიციალური მფლობელები ცნობილია, მაგრამ ვინ არის „რუსთავი -2“ ის რეალური პატრონი, ყარამანიშვილები თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ან ემთხვევა თუ არა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისა და ტელეკომპანიის ადვოკატების პოზიცია ყარამანიშვილების პოზიციას? ყარამანიშვილები ტელეკომპნიის გაყიდვას რეალურად აპირებდნენ თუ არა და მყიდველი მართლაც ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო?  რა ფულით უნდა ეყიდა გვარამიას „რუსთავი-2“?- ამ თემებზე საზოგადოებასა და პოლიტიკურ კულუარებში კვლავ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.