არ მოეფეროთ კატებს!

არ მოეფეროთ კატებს!

აღმოჩნდა, რომ კატებს სულაც არ უყვართ, როდესაც მათ მოფერებით ზურგზე ხელს უსვამენ... თანაც, არა მხოლოდ არ უყვართ, არამედ, ამით სტრესს იღებენ, – ასეთი მოულოდნელი დასკვნა გამოიტანეს მკვლევრებმა და გამოაქვეყნეს კიდეც ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში „ფიზიოლოგია და ქცევა“.

როგორც ბრაზილიელმა, ავსტრიელმა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როდესაც ფისოებს მოსაფერებლად ხელს ვუსვამთ, მათ ორგანიზმში გამომუშავდება „სტრესის ჰორმონი“ – კორტიზოლი.

„განსაკუთრებით დიდ სტრესს ის კატები განიცდიან, რომლებსაც არ სიამოვნებთ, მაგრამ, პატრონებს მაინც აძლევენ საშუალებას, მოეფერონ მათ“, – აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დენიელ მილსი.

მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ეს ფაფუკი ცხოველები, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, არ არიან წინააღმდეგნი, რომ ბინაში მათ გარდა, სხვა კატებიც იყვნენ – ამით ისინი ზედმეტ და მათთვის არასასურველ ყურადღებას – პატრონის მოფერებას აიცილებენ თავიდან.