საქართველოს მთვარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ. საუბარია პირზე, რომლის დნმ-ს კვალიც სოსანაშვილის კვალთან ერთად, აღმოჩენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომელითაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. მოწყობილობაზე აღმოჩენილი კვლების მაჟორული წილი სოსანაშვილს ეკუთვნის, მინორული კი, სხვა პირს რომელსაც პროკურატურა ეძებს.
სახელმწიფო ბრალდებამ დაადგინა, რომ ბრალდებულ გია სოსანაშვილს აფეთქების წინა პერიოდში სატელეფონო კავშირი ჰქონდა სწორედ ამერიკასა და საფრანგეთში. საქართველოს მასშტაბით კი ყველა პირი, ვისთანაც სოსანაშვილი აფეთქების დღემდე კონტაქტობდა, გამოკითხულია. მათ შორის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა.
გამოკვეთა თუ არა ბრალდებამ შემსრულებელთა წრე; რა კავშირი აქვთ ძებნილებს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატს, მერაბ ჩიქოვანს ესაუბრა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც საფრანგეთში, ასევე აშშ-ი. ბატონო მერაბ, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ ადამიანების დასადგენად და რა კავშირი აქვთ მათ ბრალდებულ სოსანაშვილთან?
-იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა სწორედ აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ პირებთან. ვადასტურებ, რომ იური ვაზაგაშვილის მკველობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საფრანგეთსა და აშშ-ში. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-სა და საფრანგეთის ძალოვან უწყებებთან, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საფრანგეთში და აშშ-ი განხორციელებული სატელეფონი ზარის შესახებ საგამოძიებო უწყებას ბრალდებულმა თავად მიაწოდა ინფორმაცია. სოსანაშვილმა მართლაც თავად მიაწოდა ეს ინფორმაცია გამოძიებას და ამის შესახებ საუბრობს ბრალდებული დაკითხვის ოქმში?
-ჩვენ გავეცანით სოსანაშვილის ჩვენებას და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ბრალდებული თავის ჩვენებაში არ საუბრობს საფრანგეთში განხოციელებულ სატელეფონო ზარზე. ის, რომ თითქოს მეგობარს ესაუბრა საფრანგეთში და ამის შესახებ თავად მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, ასეთი რამ მის ჩვენებაში არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სოსანაშვილს არც ზეპირსიტყვიერად მიუწოდებია გამოძიებისთვის.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი მკვლელობის ძირითადი საქმიდან, რომელზეც ძიება გრძელდება. საქმის გამოყოფის საფუძველი არსებობდა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების ნაბიჯი იყო სწორი. ვინაიდან, მოპოვებული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ სოსანაშვილის გარდა ამ საზარელ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირებიც. ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე აღმოჩენილი ორი დნმ-ის კვალიდან, ერთი ეკუთვნის სოსანაშვილს, მეორე დნმ-ის კვალის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიებისთვის ცნობილია სოსანაშვილთან ერთად რაოდენობრივად რამდენი პირი მონაწილებოდა ამ მკვლელობაში?
-რაოდენობრივად გამოკვეთილია პირთა წრე. ასევე, გამოიკვეთა შემსრულებელთა წრეც. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ანალიზის შედეგად საჭირო გახდა, საქართველოს სახელმწიფოს სხვა ქვეყნისთვის მიემართა სამართლებლივი დახმარებისთვის. მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აშშ-ი და საფრანგეთში, სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ თურმე ბრალდებულს კონტაქტი ჰქონია თავის მეგობრებთან საფრანგეთში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ერთ ჩვენებაში სოსანაშვილი ამის შესახებ არ საუბრობს.
კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას შიძლება, მოჰყვეს კონკრეტულ პირთა წრის, ან პირის დაკავება, რომლებსაც კავშირი აქვთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან?
-რა თქმა უნდა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიება ობიექტურად წარიმართება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საზარელ მკვლელობაში. გამოძიება აბსოლუტურად ობიექტურად და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სრული დაცვით მიმდინარეობდა სოსანაშვილის მიმართ; ასევე წარიმართება სხვა პირების მიმართაც. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, გამოიღებს საბოლოო შედეგს და ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მკვლელობაში, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.
გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირთა დასადგენად, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეში, თუ გამოკვეთა გამოძიებამ რა კავშირი აქვს იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, მისი შვილის მკვლელობასა და ამ საქმეზე დაკავებულ პირებთან?
-გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, რომ საქმეზე დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება უკვე დაკავებულ მაღალჩინოსნებს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და თუ გამოიკვეთება მათი მონაწილეობა, ისინი წარსდგებიან სასამართლოს წინაშე.
იური ვაზაგაშვილი მკვლელობა კავშირშია მისი შვილის მკვლელობასთან?
-არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დაველოდოთ გამოძიებას. რაც შეეხება უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, მიმდინარეობს ამის ანალიზი და იმ სურათის აღდგენა, რა ხდებოდა 20 იანვრამდე; ასევე, რა მოხდა 20 იანვარს - ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება დაადგენს, რა ხდებოდა, ვისთან ერთად მოქმედებდა სოსანაშვილი, ვისთან იყო კავშირში, ვის აკითხავდა, ვის ესაუბრებოდა ამ თემებზე, ვინ იყო დამხმარე, წამქეზებელი, დამკვეთი, ორგანიზატორი და თანაშემსრულებელი. ასე რომ, გამორიცხული არ არის გაიზარდოს ბრალდებულთა სია.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში თანამონაწილე პირები, რომლებსაც აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები არიან და აქვთ თუ არა მათ კავშირი იარაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან? ერთ-ერთი ვერსიით ისინი კავშირში არიან ბრალდებულებთან...
-არაფერს არ გამოვრიცხავ. რთულია წინასწარ კონკრეტულ დეტალებზე საუბარი. გამოძიება მიმდინარეობს, მას აქვს თავისი შედეგებიც. თუმცა, გამოძიება ელოდება სხვა შედეგებსაც. ასე რომ, ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, ეს ადამიანები მოქმედი ძალოვანები არიან თუ ყოფილი.