თუ მამაკაცი დუმს...

თუ მამაკაცი დუმს...

ქალისთვის საყვარელ მამაკაცთან საუბარი სიამოვნებაა და მას ეს ძალიან სჭირდება. მაგრამ მამაკაცები უფრო დუმილს ამჯობინებენ, ზოგჯერ კი მათი ალაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქალი ბრაზობს – მამაკაცის დუმილი მას ეჭვებში აგდებს.

მთელი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცების ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი: მათ უფრო უკეთ აქვთ განვითარებული ლოგიკა. ისინი ჯერ აანალიზებენ სიტუაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, ამას კი დრო სჭირდება. თუ კაცი რაიმე რთულ პრობლემას აწყდება, თუ რამე სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, შეიძლება, საერთოდ დამუნჯდეს. ამიტომ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, თუკი თქვენი ძვირფასი მეორე ნახევარი უცებ გადაწყვეტს, რომ მისთვის ჩუმად ყოფნა უფრო საჭიროა. ქალებსაც უნდა გავუგოთ – ინფორმაციის უქონლობა მათთვის სერიოზული და ძნელად გადასალახავი პრობლემაა. სხვათა შორის, მამაკაცის დუმილი ხშირად გამოწვეულია შიშით, რომ მას გააკრიტიკებენ, დასცინებენ, ან, იმას, რასაც იტყვის, გამოიყენებენ იარაღად ისევ მის წინააღმდეგ.

როცა მამაკაცი დუმს, მას არც ქალის ლაპარაკის მოსმენა უნდა – ეს თავდაცვითი რეაქციაა და, თუ არ გაჩუმდებით, შეიძლება, საერთოდ გაიქცეს კიდეც, ოღონდ კი საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. თუ ძალიან შეაწუხებთ, ამას ის პირადი სივრცის დარღვევად ჩათვლის და, შესაძლოა, მისი რისხვა დაიმსახუროთ. ამიტომ, როცა დუმს, მიეცით თავისუფლება.

არცთუ იშვიათად, მამაკაცის დუმილი მანიპულირების საშუალებაა – ამით ის სჯის ქალს რაღაც კონკრეტული საქციელისთვის. ან, უბრალოდ, სჯის, რომ შემდეგ უკეთ მართოს ის. თუ მამაკაცი დუმს თქვენთან, მაგრამ კარგად „ჭიკჭიკებს“ სხვებთან, არ შეიმჩნიოთ, რომ ეს თქვენ გულს გტკენთ. ნუ დაუწყებთ თხოვნას, რომ დაგელაპარაკოთ, პირიქით, მშვიდად დაელოდეთ, როდის დაგელაპარაკებათ თვითონ.

მამაკაცი იშვიათად გიპასუხებთ შეკითხვაზე მაშინვე – ესეც მათი თვისება და ბუნებრივი მდგომარეობაა. თავს ძალა დაატანეთ და ნერვები არ აიშალოთ. მოკლედ, გახსოვდეთ: თუ კაცი დუმს, ეს კატასტროფა არ არის!