ტელევიზორის ყურებისას აკონტროლეთ სუნთქვა

ტელევიზორის ყურებისას აკონტროლეთ სუნთქვა

თვალის გაწითლება გადაღლის მთავარი ნიშანია. ის მაშინ ჩნდება, როცა სისხლი ქუთუთოებს აწვება. დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად ზიხართ თუ არა კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ, რა პოზაში კითხულობთ წიგნს, წერთ და ასე შემდეგ.

არ შეიძლება, წიგნი წამოწოლილმა იკითხოთ, მით უფრო – შედარებით სუსტი განათების ფონზე. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერთან სწორად ჯდომას. ის უნდა იდგეს მაგიდაზე, თქვენ წინ, დაახლოებით, 60 სანტიმეტრის მანძილზე, ისე, რომ ეკრანის ზედა საზღვარი იყოს თვალების დონეზე ან 15-30 გრადუსით ქვემოთ.

არ შეიძლება ტელევიზორის ეკრანიდან ხუთ მეტრზე შორს ან ძალიან ახლოს დაჯდომა. ასევე, არ არის რეკომენდებული მისი საძინებელ ოთახში ყურება. ეცადეთ, დროდადრო ყურადღება ეკრანის მიღმა გადაიტანოთ – მოათვალიერეთ ოთახში დადგმული საგნები და თვალები ასე დაასვენეთ. ასევე, აუცილებელია, ტელევიზორის ყურების დროს გააკონტროლოთ სუნთქვა, რადგან, საინტერესო გადაცემის ან ფილმის ყურების დროს, ადამიანი პერიოდულად იკავებს სუნთქვას, რაც გაუაზრებლად ხდება. ამიტომ, ამ დროს ღრმად უნდა ისუნთქოთ.

კომპიუტერთან მუშაობის პერიოდში, დროდადრო შეისვენეთ და გაავარჯიშეთ კისრის კუნთები – კისერი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მიატრიალ-მოატრიალეთ, ათი წუთის შესვენების შემდეგ კი განაგრძეთ მუშაობა.