„ძეგლის სტატუსის მინიჭება დაიცავს ამ ნაგებობას გაყიდვისაგან, პრივატიზებისგან“...

„ძეგლის სტატუსის მინიჭება დაიცავს ამ ნაგებობას გაყიდვისაგან, პრივატიზებისგან“...

21 აგვისტოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ურთულესი კომპლექსი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა. ამჟამად ენგურჰესი ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში და თავისი თაღოვანი კაშხლით უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობად მიიჩნევა.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ენგურჰესზე გარკვეული სამუზეუმო სივრცე და ვიზიტორთა ცენტრიც მოეწყობა.

ენგურჰესის კომპლექსი სხვადასხვა დროს უცხოეთის ქვეყნების მრავალმა დელეგაციამ მოინახულა. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი ჰიდროლოგებიც, რომლებიც სპეციალურად ენგურჰესის სანახავად ჩამოვიდნენ აშშ-იდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან. დელეგაციის წევრები გაოცებულები იყვნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მშენებლობის გრანდიოზული მასშტაბის გამო. მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა ცად ატყორცნილ მთებს - ტულიშსა და წულიშს შორის აგებული რკინაბეტონის თაღოვანი კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრია, განივი სიგრძე 728. სხვათა შორის, მიმდინარე წელს იუნესკოს 39-ე სესიაზე ინდუსტრიული ნაგებობების საკითხს არაერთი თემა მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპეციალისტები ენგურჰესისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების იდეას იწონებენ, მათთვის მაინც გაუგებარია, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი, როცა ქვეყანაში ისტორიულ ძეგლებს დასანგრევად იმეტებენ, ხოლო თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს ძეგლის სტატუსს ანიჭებენ?! 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი გიორგი მინდიაშვილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ საყდრისი უნიკალური ძეგლი იყო, სადაც ძვ. წელთაღრიცხვის 34-ე საუკუნიდან მოყოლებული, ძვ. წ. აღ-ის 25-ე საუკუნის ჩათვლით,  ჩვენი წინაპრები ოქროს სამთო მეთოდით ამუშავებდნენ და ის ეგვიპტის ნუბიას მაღაროსთან შედარებით ათასი წლით ადრეული იყო, დღეს აცხადებს, რომ, პიარიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ შეიძლება ყველაფერს მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

„მივესალმები, თუ ენგურჰესსაც მიანიჭეს ძეგლის სტატუსი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ენგურჰესი დანგრევის პირას მისული ნაგებობა არაა. უმჯობესი იყო, ისტორიულ ძეგლებზე ეფიქრათ. აქ მარტო საყდრისზე არაა საუბარი. თანაც, ენგურჰესის ეს კაშხლიანი ნაგებობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და არ ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი ენგურჰესს დაცვის მიზნით მიანიჭეს, თითქოსდა იმ მოტივით, რომ ენგურჰესის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. სინამდვილეში, ენგურჰესის კაშხალი ჯვარშია (მდინარე ენგურის ნაპირას) ელექტროსადგურები კი – კონფლიქტის ზონაში“,-აღნიშნა გოგი მინდიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ენგურჰესი ნამდვილად უნიკალური ნაგებობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ამას დიდი პრეისტორია აქვს. კერძოდ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან რუსეთს არ უნდოდა ენგურჰესის აშენება. თუმცა მჟავანაძის დროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ რუსებს ენგურჰესის აშენება „შეაპარა“.

„ძალზე დიდი ღვაწლი მიუძღვის ამაში ანზორ ჭითანავას, რომელიც ამ ნაგებობის აშენების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. ეს არის უნიკალური ძეგლი, უნიკალური ნაგებობა და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე დიდია საქართველოში და ყველაზე იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ძეგლის სტატუსის მინიჭება დაიცავს ამ ნაგებობას გაყიდვისაგან, პრივატიზებისგან, რაზეც მომართული იყო ძველი ხელისუფლება. 2008 წლის ომის შემდეგ ბევრი ჭორი იყო ამაზე, რომ ენგური რუსებს მმართველობაში გადაეცა. ეს იყო გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, ისევე, როგორც ბევრი სხვა ხელშეკრულება, რომელზეც დღესაც არ გვაქვს რეალური პასუხი.

ამიტომ მივესალმები ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. არ ვიცი, ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ რეალურად ეს სერიოზული ნაბიჯია ამ დარჩენილი ელექტრონაგებობის გადასარჩენად, რათა ის  სხვის ხელში არ მოხვდეს. როგორც წესი, ისტორიული ნაგებობის გაყიდვა და პრივატიზება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ადრეულ პერიოდში ბევრ ძეგლს დაუფიქრებლად გაუუქმეს სტატუსი, ეს კი, ალბათ, იმიტომ კეთდება, რომ მოხდეს ძეგლების დაცვა“,-გვითხრა თემურ ჭიჭინაძემ. 

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინჟინრო ნაგებობების სიმწირეს განიცდის საქართველო და, ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია ენგურჰესისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება. თუმცა კულტურის სამინისტროს პოზიცია ცოტა გასაკვირია იმ ფონზე, როცა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება წინამძღვრიშვილის N75-ის საკითხი, სადაც თამბაქოს ფაბრიკის ძველი შენობაა და მეპატრონეს სურს, იქ ააშენოს მაღალსართულიანი კორპუსი.

„აქ ძეგლის სტატუსის მოხსნასა და ამ შენობის დანგრევაზეა საუბარი, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, კულტურის სამინისტროს ამ თემისთვისაც მიექცია ყურადღება, რადგან კულტურულ მემკვიდრეობაზე მთავარი პასუხისმგებელი, კანონმდებლობით, მაინც კულტურის სამინისტროა. რაც შეეხება ენგურჰესს, არანაირი კავშირი ამ ობიექტს იუნესკოს ნუსხასთან არ აქვს. ის, რომ თურმე ენგურჰესის ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ეს ჩვენი ტრაგედიაა, თორემ თავად ნაგებობა ამ თვალსაზრისით არ უნდა განვიხილოთ, რომ ის რახან სადაო ტერიტორიაზეა, თურმე ამიტომ უნდა მივანიჭოთ ძეგლის სტატუსი. კონკრეტულად ამ ობიექტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ რომელიმე ობიექტი ამ სტატუსს იმსახურებს, კვლევისა და დადასტირების შემდეგ სტატუსი უნდა მიენიჭოს კიდეც“,-აცხადებს ცირა ელისაშვილი.