„ფასების ზრდა უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით და საინფორმაციო აჟიოტაჟით აიხსნება“

„ფასების ზრდა უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით და საინფორმაციო აჟიოტაჟით აიხსნება“

სურსათზე ფასები მატულობს. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, პური 10 თეთრით გაძვირდება, ეს კი ნიშნავს, რომ სხვა სასურსათო პროდუქტებზეც ფასები პარალელურ რეჟიმში აიწევს. რაც შეეხება სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, ფასების მატება აქაც აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ატმის სეზონია და მისი ფასი შედარებით იაფი უნდა იყოს, ატამი ჩვენს ბაზარზე 2.50 ლარია, პომიდვრის ფასი -2 ლარს გაუტოლდა, ხოლო კიტრი 1,50 ლარი გახდა.

მართალია, ხშირად დაობენ, რომ სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს არ ასახავს და ერთ ქართულ ოჯახს გაცილებით მეტი თანხა ესაჭიროება, ვიდრე ამას სტატისტიკის უწყება აჯამებს, მაგრამ სტატისტიკოსების ვერდიქტი ამ შემთხვევაშიც მკაცრია - ოთხსულიანმა ოჯახმა 275 ლარით უნდა იცხოვროს!

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საყოველთაო გაძვირების ფონზე საარსებო მინიმუმი შემცირდა. კერძოდ, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარით შემცირდა, ხოლო საშუალო ოჯახისა- 11 ლარით. გამოდის, რომ შრომისუნარიანმა მამაკაცმა თვეში 155 ლარი უნდა იმყოფინოს, ერთსულიანმა ოჯახმა- 137 ლარი, ორსულიანმა -220 ლარი, სამსულიანმა - 248 ლარი, ხოლო ოთხსულიანმა ოჯახმა -275 ლარით უნდა იარსებოს.

კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელის შაქრო ბაკურაძის განცხადებით, თუ ბაზარი არ გაიხსნა და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი, მინიმუმ, 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება. მისი თქმით, ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი არ უნდა ღირდეს და, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ამის შესახებ ბაკურაძე ინფორმაციას არ ფლობს. ერთს კი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი  ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვია. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.

რა იწვევს სამომხმარებლო ფასების მატებას - სპეკულაციური ფასები თუ საქართველოში რეალურად არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა? არჩევნების წინ ამ საკმაოდ არახელსაყრელი პირობების უკან ხომ არ იკვეთება საბოტაჟის ნიშნები თავად პურის ქარხნების მხრიდან? 

როგორც ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, სურსათზე ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საქართველო  იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე საფასო პოლიტიკის ცვლილება, ნებით თუ უნებლიეთ, პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ფასებზე საქართველოში. კერძოდ, ხორბალი და სხვა ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტები, სამწუხაროდ, იმპორტულია, ამიტომ სხვადასხვა სეზონზე შეიძლება დაფიქსირდეს ფასების ზრდა ან კლება.

ექსპერტის თქმით, ამას ემატება მეორე ფაქტორიც - ლარის კურსი. კონტრაქტებში პროდუქტების ფასი ძირითადად დოლარში ან ევროშია დაფიქსირებული. იმის გათვალიწინებით, რომ ლარი დოლართან მიმართებით კურსთა შორის ცვლილებას განიცდის, ესეც ნეგატიურად აისახება მომხმარებელზე. ასევე მოხდა გაზის შემთხვევაშიც. მართალია, გაზის ფასი არ გაზრდილა, იგივე დარჩა, მაგრამ იგი დოლარში დაფიქსირდა და გაზზე მოქალაქეების მიერ გადასახდელი თანხა შეიცვალა.

„ჩვენი სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70 %-ს იმპორტული პროდუქცია იკავებს. საბოტაჟს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე საუბარი რთულია. ამიტომ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა უნდა ჩაატაროს, თორემ ფაქტი ფაქტად რჩება და ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინიშნება. პრაქტიკულად, ერთი ჯგუფი ახორციელებს ხორბლის იმპორტს საქართველოში და, ბუნებრივია, როცა ერთი იმპორტიორია, კონკურენცია არ არსებობს, მაშინ შეჯიბრებითობის პრინციპიც არ მუშაობს და ფასებიც მაღალია“,-აღნიშნა ლევან კალანდაძემ და სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოთხსულიანმა ოჯახმა 275 ლარი უნდა იმყოფინოს.

ექსპერტი აცხადებს, რომ სტატისტიკის სამსახურს თავისი მეთოდოლოგია აქვს და ამ მეთოდოლოგიით, პრინციპში, სწორ გათვლებსაც აკეთებს, თუმცა საინტერესოა,  რამდენად ადეკვატურია ეს მეთოდოლოგია დღევანდელობასთან. მითუმეტეს, როცა წინა ხელისუფლების დროს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდს გადახედეს და ხელოვნური, მექანიკური ჩასწორებებით გარკვეულ პოლიტიკურ მოცემულობას მოარგეს ეს მეთოდოლოგია. ამიტომ, როგორც საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას, ისე ინფლაციის მაჩვენებლის დაანგარიშების კუთხით მეთოდოლოგია ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ სურსათზე ფასების მატება დაკავშირებულია ლარის დევალვაციასთან და იმ მოლოდინთან, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - ქადაგიძის მიერ ინერგება. შესაბამისად, ხდება აჟიოტაჟის შექმნა ამ თემასთან დაკავშირებით.

„ეკონომიკური ფაქტორები არ განაპირობებს ფასების მატებას, ეს უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით და საინფორმაციო სივრცეში შექმნილი აჟიოტაჟური ვითარებით აიხსნება. თავისთავად ცხადია, რომ პური განსაკუთრებული პროდუქტია და ამ სფეროში სასურსათო უსაფრთხოების სისტემა მოქნილად უნდა მუშაობდეს, თუმცა როდესაც ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტს ექვემდებარება, რომელიც, ფაქტობრივად, ოპოზიციაშია მთავრობასთან, აქ სასურსათო უსაფრთხოებამდე მისვლა ცოტა ძნელია.

არ არსებობს გუნდური და კოლეგიალური მუშაობის რეჟიმი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა სწავლობდეს. ანტიმონოპოლიური უწყება რეფორმირების შემდეგაც სუსტია და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, თორემ მან უნდა გააკონტროლოს, რა ვითარებაა ამ მიმართულებით. არსებობს მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ კომპანიას აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა.

აქ არის კიდევ წისქვილ-კომბინატების თემა, ხორბლის იმპორტის თემა, ამ მიმართულებით აზერბაიჯანული კაპიტალის სერიოზული პოზიციები,- ეს ყველაფერი  გასათვალისწინებელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და, როცა იქაური ბიზნესი აწარმოებს ექსპანსიას ჩვენს სივრცეში, ეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამ ყველაფერს თვალყურის მიდევნება სჭირდება ჩვენი შესაბამისი სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. ამისთვის გვყავს შესაბამისი აპარატი“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ For.ge-სთან საუბარში.  

ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, ფქვილთან მიმართებით საბოტაჟი ხდებოდეს. მისი თქმით, არცერთი ვერსიიდან გამომდინარე, საბოტაჟი არ იგრძნობა. „თუ ავიღებთ იმავე „ზარალასთან“ დაკავშირებული კომპანიის ან აზერბაიჯანელების ინტერესებს, მათი მიზანია, ბაზრის კონტროლი და მეტი მოგების მიღება და არა საქართველოში რაღაც კრიზისის შექმნა“,-აცხადებს ვაჟა ბერიძე.