აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, დახმარებას ითხოვს

აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, დახმარებას ითხოვს

„01030002993“ - ეს გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანის, გიორგი შანშიაშვილის ანგარიშის ნომერი, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, მკუნრალობის თანხის არარსებობის გამო,უცხოეთში გამგზავრებას ვერ ახერხებს. მთლიანობაში, გიორგი შანშიაშვილი 3 ურთულეს ოპერაციას საჭიროებს, რაც საერთო ჯამში, 10 ათასი აშშ-ის დოლარი ჯდება.

გიორგი შანშიაშვილი 1993 წლის აფხაზეთის ომის მონაწილეა, ის აფხაზეთის ომში მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პარალელურად, დაინფიცირების პროცესი დაიწყო, რაც განგრენაში გადავიდა. ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ საჭირო გახდა  მარცხენა ფეხის ამპულტაცია, თუმცა მოგვიანებით მარჯვენა ფეხის ტერფის ამუპუტაციაც გახდა საჭირო. 15 წლია, რაც აფხაზეთის ომის ვეტერანი საკუთარი ძალებით ებრძვის ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიც განგრენაა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

როგორც გიორგი შანშიაშვილი აცხდებს, საერთო ჯამში მას 15 ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა ჯერ-ჯერობით შედეგი არ აქვს.

„მკურნალობის კურსები გავიარე. მაგრამ საჭიროა ეტაპობრივი ოპერაციები. ერთ ოპერაციას, რომ გამიკეთებდნენ, უკვე მეორეზე იწყდებდნენ ლაპარაკს, სანამ მეორე ოპერაციას გავიკეთებდი, უკვე პირველი კარგავდა ძალას.

შარშან შემოდგომაზე ვიყავი მოსკოვში, სადაც ჩავიტარე მკურნალობის კურსი. აუცილებელი იყო 6 თვეში ისევ წასვლა, მაგრამ ფინანსების არქონის გამო ვერ წავედი“, - ამბობს გიორგი შანშიაშვილი.

გიორგი შანშიაშვილს ორივე ფეხზე სამი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. აფხაზეთის ომის ვეტერანს თბილისის მერიამ 10 ათასი ლარი ჩაურიცხა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში შანშიაშვილის საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების საკითხს - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 26  ივნისის N28 სხდომის გადაწყვეტილებით, შანშაიაშვილის თხოვნა დაფინანსების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

„საერთო ჯამში მჭირდება 10 000 აშშ დოლარი. ამ მომენტისთვის 10 ათას ლარამდეა გადარიცხული. ეს თანხა გადარიცხა მერიამ. ჯანდაცვის სამინისტრომ პირველ ეტაპზე უარი თქვა დაფინანსებაზე, მეორე ეტაპზე ისევ მივმართეთ და 4 ათასი ლარი გამოყო. ეს ოპერაციის ფულიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი თანხა არ მაქვს, 31 აგვისტოს მაინც მივდივარ მოსკოვში. დავრეკე კლინიკაში და მითხრეს, რომ ის თანხა რომელიც ახლა ხელთ გვაქვს საკმარისი არის სხეულის გასაწმენდად და 2 ოპერაციისთვის. მესამე ოპერაციისა და შემდეგი მკურნალობის თანხა არ მაქვს. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად შედეგიანი იქნება ის ორი ოპერაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი შანშიაშვილი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია.