შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 მოქმედი სპეცრაზმელის თავდების საფუძველზე, პატიმრობიდან განთავისუფლდნენ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 7 რიგითი სპეცრაზმელი. იასონ მილაძემ, ალექსანდრე ციმაკურიძემ, ზურაბ ჯოხაძემ, დავით ალელიშვილმა, სოსო ჩაკვეტაიამ, გიორგი გულბიანმა და ალექსანდრე სანიკიძემ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.
რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა. სპეცრაზმელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი 12 პირს წაუყენეს. თუმცა,მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე ორად გაიყო, ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელებმა ხელმძღვანელი პირების საქმეზე, ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები მისცეს.
ამ დროისთვის, პატიმრობაში რჩებიან სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები - შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი.
ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი იაგო სოხაშვილი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან არც ერთი მათგანი კორტების სპეცოპერაციის საქმეში დამნაშავე არ არის.
„პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას საფუძვლად დაედო 7 ბრალდებული სპეცრაზმელის ჩვენება, რომლითაც სასამართლომ დაინახა, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან - სასამართლოზე გამოიკვეთა მათი უდანაშაულობა. მათ დანაშაულთან შეხება არ ჰქონიათ. ისინი არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც შეასრულეს ბრძანება.
მათ არ ევალებოდათ სპეცოპერაციის კანონიერების გადამოწმება. შუამდგომლობას საფუძვლად უდევს ბრალდებულების მხრიდან სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ მამხილებელი ჩვენებები, თუმცა ძირითადი მოტივი ამ შუამდგომლობისა არის ის, რომ ისინი არიან სრულიად უდანაშაულოები“, - აცხადებს იაგო სოხაშვილი.
მისივე თქმით, ბრალდების მხარესთან ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, იგეგმება თუ არა სხვა შემამსუბუქებელი ღონისძიება რიგითი სპეცრაზმელების მიმართ, როგორიც არის განრიდება ან საპროცესო შეთანხმება. ამ დროისათვის ყველა ბრალდებულთან მიმართებაში ძალაში რჩება განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის საფუძველზეც 7 სპეცრაზმელი დააკავეს და მიმდინარე წლის 4 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა, რომელიც განცხადებით, ვინაიდან ამ საქმეზე დაკითხულია შვიდივე მათგანი და გამოკვლეულია მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, აღარ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ მოტივით, პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას.
ე. წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირებისთვის რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შესაძლო შემამსუბუქებელი ღონისძიება მოულოდნელი არ ყოფილა, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატის, დავით ხაჟალიასთვის, რომლის განცხადებით, სპეცრაზმელებმა ჩვენებებში ისაუბრეს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იმ ბრალს, რაც წარდგენილი აქვთ, სრულიად სხვა კონტექსტში გადაიყვანს და არა განზრახ მკვლელობის, ან საკონტროლო გასროლების მიმართულებით.
„ჩვენი მოლოდინი გააჩინა იმან, რომ მათი საქმე გამოიყო და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისინი ჩვენს წინააღმდეგ მოწმეებივით გამოვიდნენ ჩვენს სხდომაზე, თუმცა მათ ჩვენებებში ახალი არაფერი ყოფილა. ვინმეს ბრალეულობა საკონტროლო გასროლებთან, ან შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით მათი ჩვენებებით არ გამოვლენილა.
მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ორი მოწმის ჩვენებასთან. სანდოობის თვალსაზრისით ამ ჩვენებების შეფასება იურისტების საქმეა, შემდეგ უკვე, სასამართლოზე - როგორ გაითვალისწინებს ის ამ ყველაფერს. დღეის მდგომარეობით რა მტკიცებულებებიც სასამართლოზე წარადგინეს, ბრალდების ნაწილში განაჩენი ვერ დადგება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ხაჟალია.