ურთიერთბრალდებები ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, ერთმანეთის დადანაშაულება არასწორი პოლიტიკის წარმართვისთვის და ამ პროცესით საქართველოს დაზარალებული მოსახლეობა - განტევების ვაცის ძიება უკვე თვეებია, გრძელდება და მტყუან-მართლის გარჩევა ჭირს. ამჯერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გულუხვი შეფასებები არ დაიშურა ნოდარ ხადურმა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, ხელის გაშვერას სხვაგან არ დავიწყებდი. მე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და განმარტა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით, ხადურმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ არასდროს დასმულა კითხვა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა, მაგრამ კითხვები ისმება მის მოცულობასთან დაკავშირებით.
ასე, რომ, ნოდარ ხადური თვლის, რომ ამ შემთხვევაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რადგან ქვეყანაში არავინ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში და საქართველოს ეროვნული ბანკი არის ყველაზე დამოუკიდებელი, რაც კი ოდესმე ყოფილა; მათ შორის, იმ პერიოდში, როცა ქადაგიძე იყო პრეზიდენტი და როცა მას არასოდეს დაუჩივლია, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი.
ნოდარ ხადურს ეს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. მასზე ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა - გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ახლა არ არის ბრალდებების დრო და ახლა 24-საათიანი მუშაობის დროა, რადგან მთავრობის წევრთა და კოალიციის ლიდერთა ყოვლად უარგუმენტო და, ხშირ შემთხვევაში, კომიკური ბრალდებების ფასს ჩვენი მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
თვეების განმავლობაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მისი ყველა რეაქცია დაგვიანებული იყო. უფრო მეტიც, გასული წლის ნოემბერში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები რომ განეხორციელებინა, მაშინვე ჩაახშობდა ლარის ვარდნის სპეკულაციურ პროცესს, სიტუაცია არ დამძიმდებოდა და არ მიიღებდა აჟიოტაჟურ ხასიათს.
დღევანდელი გადასახედიდან საინტერესოა, რეალურად, ქვეყნის შიგნით რა შეგვეშალა? რამდენად არასწორი პროცესები წარიმართა როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან?!
ექსპერტი, ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარისას აცხადებს, რომ ვალუტის კურსის დრეიფთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკს თავიანთი ფუნქციები აქვთ; მისი აზრით, აბსოლუტური ბუნდოვანებითაა მოცული ეროვნული ბანკის, მისი პრეზიდენტის საქმიანობა, რაც აღმაშფოთებელია, როცა იგი აცხადებს, რომ მისი კრიტიკა ეროვნულ ბანკზე დარტყმას ნიშნავს და ამით ლარის კურსი ეცემა.
„ეს შეუწყნარებელი განცხადებაა. ჩვენ რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ, ასეთ განცხადებას ეროვნული ბანკის პირველი პირისგან არავინ მოითმენდა. ქადაგიძე, ფაქტობრივად, ნაციონალების პოლიტიკური გუნდის წევრია, ე.წ. პროკურორების ჯგუფიდან არის დასმული ეროვნულ ბანკში მის გასაკონტროლებლად და საბანკო სისტემის ნაციონალებისთვის ხელში ჩასაგდებად.
ჩვენ ვიცით ქეისები, დაწყებული „სტანდარტბანკიდან“, დამთავრებული „ქართუ ბანკით“, რასაც ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. ქადაგიძისვე ხელმძღვანელობით ნაციონალების დროს ზედამხედველობის სამსახური გამოეყო ეროვნულ ბანკს, მაგრამ მაშინ არც ქადაგიძეს და არც არავის ამის თაობაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. დღეს ასეთი ტაქტიკით ცდილობს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თავისი ბრალეულობის დაფარვას.
აქ საუბარი არ არის იმაზე, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა იყო თუ არა სწორი, ამაზე არავინ დაობს, რა თქმა უნდა, სწორია რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, მაგრამ საუბარია იმაზე, დროული იყო თუ არა ეს გაზრდა, ადრე ხომ არ იყო საჭირო ამის გაკეთება? უფრო მეტად ხომ არ იყო რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საჭირო?
ქადაგიძე ამბობს, ჩვენ 200 მილიონი დავხარჯეთ სავალუტო რეზერვებიდან ეროვნული ვალუტის კურსის მხარდასაჭერადო. ამავე დროს, ამბობს, რომ სავალუტო რეზერვები არ უნდა იხარჯებოდეს ვალუტის გასამყარებლადო. თუ ასეა, სავალუტო რეზერვი რატომ დახარჯა? ანუ აქ საუბარი გვაქვს რეზერვის ხარჯვის თანმიმდევრობაზე, დროულობასა და მოცულობაზე. იქნებ, 300 მილიონის დახარჯვა უკეთესი იქნებოდა და შეაჩერებდა ამ ფარულ წაქეზებას ლარის დევალვაციის? გაუგებარია ტურისტული სეზონის პიკზე კიდევ რატომ ხდება დევალვაცია?“-აინტერესებს ვაჟა ბერიძეს.
ამასთან, ეჭვობს, ხომ არ არის ეს პროვოკაცია და, პოლიტიკური თვალსაზრისით, საშემოდგომოდ სოციალური დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობა?! აქედან გამომდინარე, ერთადერთ გამოსავალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს, რაც დაგვინახებს, რომ ეროვნულ ბანკს უდაოდ აქვს გამიზნული და ფარული ბერკეტები. საერთოდაც, აცხადებს, რომ ეროვნული ბანკისა და წამყვანი ბანკების გარდა სავალუტო ბირჟაზე ვალუტის კურსის დადგენაში არავინ მონაწილეობს.
პარალელურად, ექსპერტი მთავრობის შეცდომებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას საგარეო ფაქტორებზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ არის ელემენტარული ფაქტორებიც, რაც მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული - ექსპორტის წახალისება, ინვესტიციების ზრდა. ამ მიმართულებით კი სერიოზული ნაკლოვანებები აქვს დღევანდელ მთავრობას.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარისას აცხადებს, რომ არსებობს განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ორივე მხარეს უნდა ესმოდეს, რომ თითის გაშვერით პრობლემები არ წყდება და სხვადასხვა თეორიის შეთხზვით მათ პასუხისმგებლობას ვერავინ ააცილებს. მისი თქმით, სოლიდარულად აგებენ პასუხს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, ოღონდ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„გარკვეული რყევები როცა იწყება და სიტუაცია სარისკო ხდება, ეროვნული ბანკის ფუნქციაა, მონახოს პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი შეავსოს ინტერვენციებით ან რეფინანსირების განაკვეთის ზრდით და ამით, ფაქტობრივად, ეს პრობლემა მოკლე ვადაში გადაწყვიტოს.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დაგვიანებით მოხდა თუ არა, ეს თეორიული საკითხია. ყველაფერი სწორადაც რომ კეთდებოდეს, ეს პრობლემას მაინც ვერ გადაჭრიდა, რადგან ეროვნული ბანკის აღნიშნული ინსტრუმენტები მოკლე ვადით მოქმედებს, სულ რაღაც ორი კვირით, ერთი კვირით, მაგრამ გრძელვადიანი გადაწყვეტა უკვე მთავრობის კომპეტენციაა“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ სჯობს, მხარეებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ერთად იპოვონ გამოსავალი, თორემ ეს ყველაფერი პოლიტიკად იქცა და ეკონომიკის სუნი აღარ ტრიალებს ამ სფეროში.