ადამიანის წინაპრებმა ალკოჰოლის გამოყენება 10 მილიონი წლის წინათ დაიწყეს

ადამიანის წინაპრებმა ალკოჰოლის გამოყენება 10 მილიონი წლის წინათ დაიწყეს

ფლორიდის შტატში, გერსვილში, გამოყენებითი მოლეკულური ევოლუციის ფონდის სპეციალისტებმა, რომლებიც ადამიანის ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ფერმენტის ევოლუციას აკვირდებოდნენ, გააკეთეს დასკვნა, რომ ეს ფერმენტი – ალკოჰოლდეჰიდროგენაზ-4 – 10 მილიონი წლის წინათ წარმოიქმნა ადამიანის, გორილისა და შიმპანზეს საერთო წინაპრის ორგანიზმში.

კვლევა რომ ჩაეტარებინათ, მეცნიერებმა აღადგინეს პრიმატების გადაშენებული სახეობების ალკოჰოლდეჰიდროგენაზ-4.

დასაწყისისთვის მათ შეისწავლეს თანამედროვე პრიმატების 27 სახეობის დნმ-ის თანმიმდევრობა, შემდეგ კი „უკანა მიმართულებით წავიდნენ“. შედეგად მათ მოახერხეს, დაახლოებით გამოეთვალათ გადაშენებული პრიმატების გენეტიკური კოდი და ლაბორატორიულად შექმნეს ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ალკოჰოლის დაშლას საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში.

თუმცა, მიღებული შედეგი არ ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები პირდაპირ ალკოჰოლს იღებდნენ. ეს, უბრალოდ, აჩვენებს, რომ ზოგიერთ მათგანს ჩამოუყალიბდა ფერმენტის ახალი სახეობა, რაც შემდგომში ბუნებრივი გადარჩევის გზით ჩვენ გადმოგვეცა. ეს ფერმენტი კი მაშინ წარმოიშვა, როდესაც პრიმატები ხეებიდან ჩამოვიდნენ და საკვების მოპოვება მიწაზე დაიწყეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზოგჯერ ისინი კარგა ხნის წინ ჩამოყრილ, სიმჟავეშეპარულ ხილს ჭამდნენ, რომელშიც გარკვეული რაოდენობით იყო სპირტი. სწორედ ეს თეორია ხსნის, რატომ არ შეუძლიათ ალკოჰოლის გადამუშავება ორანგუტანგებს, რომლებიც ხეებზე ცხოვრობენ; ადამიანთა უმრავლესობა, შიმპანზეები და გორილები კი ალკოჰოლს მშვენივრად ითვისებენ.