ოჯახური იდილია, ანუ...

ოჯახური იდილია, ანუ...

ზოგჯერ ხდება, რომ ოჯახში ატმოსფერო უარყოფითად იმუხტება და იძაბება. მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი. შესაძლებელია, ამ დროს მშვიდი კლიმატის შენარჩუნება?! – რაც აუცილებელია, ის შესაძლებელიც უნდა იყოს და არის კიდეც.

ოჯახი თითოეული ჩვენგანის ნავსაყუდელი და თავშესაფარია – ადგილია, სადაც თავს კომფორტულად, თავისუფლად და მშვიდად უნდა ვგრძნობდეთ. სამწუხაროდ, ოჯახის წევრები სწორედ ამ ყველაფრის საპირისპიროდ იქცევიან.

გინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად, დამღლელი დღის შემდეგ ცოტა დაისვენო, მაგრამ არ გამოდის. ვიღაც ტელევიზორს მისჩერებია, ვიღაცას გაზეთში აქვს ცხვირი ჩარგული, ვიღაცას არ შია, ვიღაცას პირიქით – ძალიან შია, სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭლის გორა დგას და თქვენც, ძალაუნებურად, ნერვები გეშლებათ.

ერთმანეთზე გაღიზიანების მანერა ძალიან ბევრი ცოლ-ქმრისთვისაა დამახასიათებელი. ყველაფერი გასაგებია – დაიღალეთ, სამსახურში რაღაცაზე ნერვები მოგეშალათ. გინდათ, მეუღლემ თავზე ხელი გადაგისვათ და გითხრათ, თქვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, რომ ბევრს შრომობთ და იღლებით, მაგრამ დუმს, ან გეუბნებათ: მშია, მაჭამე რამე! ისიც ზუსტად იგივეს მოელის თქვენგან, რასაც თქვენ – მისგან: სითბოს და ყურადღებას.

მოგიწევთ, პირველი ნაბიჯი სწორედ თქვენ გადადგათ... ნუ შეგებრალებათ საკუთარი თავი. ნუ იტყვით, რომ არავის უყვარხართ და არავის ეცოდებით. მით უმეტეს, ნუ შეეცდებით ამის დამტკიცებას ჩხუბით და ყვირილით. არ გადმოიტანოთ გარედან შემოყოლილი ნეგატივი სახლში. ეს არ არის გამოსავალი. ოჯახურ იდილიას თქვენ ქმნით. გადადგით პირველი ნაბიჯი – ეს არ არის რთული. ბუმერანგის პრინციპი ყოველთვის მუშაობს.