ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მეორე ეტაპზე, 6 საათიანი დროის დამატების შემდეგ მალევე გამოიტანეს. პირველ ეტაპზე, რომელიც 3 საათიან ვადას მოიცავდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს; შესაბამისად, დამატებითი შემდეგი დროის განსაზღვრა გახდა საჭირო. ცნობისითვის, ვერდიქტისთვის საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა. კერძოდ, 8 ხმა 4-ის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას წარდგენილ სასჯელზე ერთი მეოთხედი მოაკლდებათ, ვინაიდან, მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, ამნისტირებულია. საუბარია სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. ეს მუხლი სასჯელად 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამნისტიის საფუძველზე კი, ორივე ბრალდებულს სასჯელის ერთი მეოთხედი მოაკლდება. ამასთან, კობა ხარშილაძე, სხვა საქმეზე, კერძოდ კი, „გრინსერვისის“ საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფება და ორწლიანი რეალური სასჯელი, ხოლო ორწლიანი პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი.
ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც ბრალდებულების ახლობლები, ასევე გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები და ოჯახის წევრები, მათ შორის ზურაბ ჟვანის ძმა - გოგლა ჟვანია.
ვიდრე ნაფიცები სათათბიროდ გავიდოდნენ, მხარეებმა რეპლიკის ეტაპით ისაუბრეს. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა თორნიკე ნადირაძემ ნაფიცებს განუმარტა, რომ ვერდიქტს ხარშილაძისა და ძაძამიას მიმართ ელოდებიან ზურაბ ჟვანიას 92 წლის დედა, რემა ჟვანია, ასევე მეუღლე, ნინო ჟვანია და უკვე გაზრდილი შვილები.
რეპლიკის ეტაპზე მსაჯულებს მიმართა დაცვის მხარემაც. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ნაფიც მსაჯულებს განუმარტა, რომ პატივს სცემს ზურაბ ჟვანიას ოჯახს, თუმცა ძაძამიას და ხარშილაძესაც ჰყავთ ოჯახები, რომლებიც ასევე ელოდებიან სიმართლეს. პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს შეახსენა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ასევე - წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ზურაბ ჟვანიას სხეულზე - ტუჩზე და თავის არეში დაზიანებებია, ხოლო ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ უსუპოვს მკერდის არეში აღენიშნება ლაქები და ნაჩხვლეტები.
პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჟვანიას დაცვის წევრებმა - კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა ზურაბ ჟვანიას ცნობილი ვიდეოგამოსვლით დაასრულა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი. ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ გარემოებისა, რაც იმ დღეს იყო. ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი“,- ეს განცხადება საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ გააკეთა. მისივე თქმით, პასუხი კითხვაზე არიან თუ არა ის და ძაძამია დამნაშავეები, არის - არა.
საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამაც - „ჩვენ ვართ ზურაბ ჟვანიას ერთგულები და ვიყავით ყოველთვის. ჩვენ ვართ მართლები ზურაბ ჟვანიას წინაშეც და ღმერთის წინაშეც“, - განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.
დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს ბრალდებული ადვოკატებმა, რომელთა განცხადებით, არავის უცდია ზურაბ ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა და კობა ხარშილაძემ თავის განცხადებით, საკუთარ თავს ავნო. როგორც ბექა ბასილაია აცხადებს, ჟვანიას გარდაცვალება მოხდა უბედური შემთხვევის შედეგად და ხარშილაძე და ძაძამია აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან.
„არავის უცდია ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა. თუ ვინმეს ზიანი მიადგა, ეს კობა ხარშილაძე იყო მის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელმაც საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია. კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დღემდე თვლის მეგობრად და ამბობს, რომ მასთან ვალშია, მაგრამ ამ ადამიანებს სხვა გზა არ დაუტოვეს.
რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებამდე კობა ხარშილაძეს ამ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა გადაწყვიტა იმიტომ, რომ რაც ეჭვებია დარჩენილი, თითქოს ამათ ვინმეს ხელი შეუწყვეს - ანუ მოკლეს, პასუხი გაეცეს. ყველაფერს პასუხი იმიტომ უნდა გაეცეს, რომ ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.