სააკაშვილს მირზა შაფი ხელიდან გამოგლიჯეს, საკრებულოს - ვერა

სააკაშვილს მირზა შაფი ხელიდან გამოგლიჯეს, საკრებულოს - ვერა

„დღეს არ ვიჩქაროთ და ისტორიული თბილისისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება არ მივიღოთ“, „ძველი თბილისის გულს არ შეიძლება ხელყოფით მოვეკიდოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ინვესტიცია დაიხარჯოს“,-ასეთი შეძახილები ისმოდა საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მირზა შაფის განაშენიანების გეგმის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

ოპოზიცია, საკრებულოს უმრავლესობის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვდნენ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და გადადებას იმ მიზეზით, რომ არც პროექტთან და არც ცვლილებებთან დაკავშირებით კომპეტენტური განხილვები არ გამართულა, რაც საფრთხეს უქმნიდა თბილისის ისტორიულ ნაწილს.

მოთხოვნაზე უარის გამო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა, ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ელისაშვილმა ინვესტორ გიორგი სვანიძეს კრიმინალი უწოდა. ელისაშვილმა განმარტა, რომ 2009 წელს უგულავას და სააკაშვილს მირზა შაფი ხელიდან გამოგლიჯეს, იმ პერიოდში „ქართული ოცნება“ იძახდა, ნუ ანგრევთ ისტორიულ თბილისს - მირზა შაფსო, მაგრამ ამავეს აკეთებს დღეს და ამით თავს იჭრის.

„მეტი საჯარო განხილვა, მეტი საჯარო ჩართულობა ამ პროექტს არ აწყენდა. ამ შემთხვევაში უფრო დაიხვეწებოდა პროექტი. მერიის წარმომადგენლები თანახმა იყვნენ საკითხის გადადებაზე, თუმცა ეს უმრავლესობამ არ გაიზიარა. საკრებულო და მერია ორიენტირებულები უნდა იყვნენ მოსახლეობის ინტერესებზე და არა ინვესტორის ინტერესზე“, - განაცხადა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა.

მირზა შაფის კორექტირებული პროექტის განხილვის დროს „პარტიზანი მებაღეების“ აქტივისტმა, ნატა ფერაძემ დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა. ნატა ფერაძე ამბობს, რომ მისი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ „პარტიზანი მებაღეების“ წევრებს საერთოდ არ გამოათქმევინეს აზრი. ამის შემდეგ მან წყლის ბოთლი დახვრიტა და წყალი დეპუტატებს გადაასხა. ინციდენტის შემდეგ დაცვის სამსახურმა ნატა ფერაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძესა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელს შორისაც. კაკაბაძემ საკრებულოს უმრავლესობას წუწკები და საქართველოს გამყიდველები უწოდა პროექტის მხარდაჭერისთვის. ყვირილის გამო საკრებულოს დაცვამ სხდომათა დარბაზი მასაც დაატოვებინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სევდია უგრეხელიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან აუცილებლად უნდა ამოღებულიყო და ჩატარებულიყო მასზე დამატებითი განხილვები. For.ge-სთან საუბრისას სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მირზა შაფზე უნდა იყოს სივრცე და არა დომინანტური განაშენიანება, რომელიც იპყრობს ყურადღებას. უფრო მეტიც, რა შენობებიც ადრე იდგა, იმას არ უნდა გადაახტნენ არქიტექტორები.

„განაშენიანების რეგურირების გეგმაში ცვლილებები შევიდა, მაგრამ სულ სხვა რეგულირების გეგმით ჩატარდა კონკურსი. ეს ახალი გეგმა რომ ყოფილიყო, რომელშიც უკვე ცვლილებები შევიდა, კონკურსი სულ სხვაგვარად ჩატარდებოდა, რადგან სხვა პირებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ამ დროს კი კონკურსში ერთმა ძალზე სუსტმა კომპანიამ გაიმარჯვა. განაშენიანების რეგულირების გეგმა არის მთავარი ჩარჩო და რას აპირებენ ამ ჩარჩოში, არ ვიცით. ხომ შეიძლება ამ გეგმით გაკეთდეს ცუდი პროექტიც და კარგიც?!

ამბობენ, განაშენიანების მოცულობა შევამცირეთო, აქედან გამომდინარე, ინვესტორი ნაკლებ მოგებას მიიღებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროექტი კარგია. როგორია განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმის დეტალები, არავინ იცის. სულ რაღაც ორი ფარატინა ფურცელი შემოიტანეს. არადა, საქმე გვაქვს ისტორიული მნიშვნელობის ქუჩასთან. არც ის ვიცით, ივარგებს თუ არა სართულებმოჭრილი შენობები, მექანიკურად სართულის მოჭრა არ შეიძლება. მოძვრა ეს ხუთი სართული და ყველაფერი დამთავრდა?! “- გვითხრა სევდია უგრეხელიძემ და ახალი კონკურსის ჩატარება მოითხოვა, ვინაიდან თავის დროზე სხვა არქიტექტორებს არ მიუღიათ მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში და სულ სამი მონაწილის შემადგენლობით, შეზღუდულად ჩატარდა ეს კონკურსი.

სევდია უგრეხელიძის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ პერიოდში პროექტი 12-სართულიან შენობებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, კეთილსინდისიერმა მშენებლებმა ამ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ახლა კი, როცა მოაკლდა ფართობები და დაწიეს სართულიანობა, სხვებსაც უნდა მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის საშუალება.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ ნაცმოძრაობის დროს დაიწყო მირზა შაფის ქუჩის უკანონო ნგრევა, რის გამოც კონკრეტულად „თბილისის ჰამქარმა“ 2010 წელს სარჩელი შეიტანა, როგორც მერიის, ისე ინვესტორის წინააღმდეგ. პროკურატურამ ეს სარჩელი მიიღო, თუმცა რეაგირება არ ჩანს.

ცირა ელისაშვილის განმარტებით, აბანოთუბანში, იმ ტერიტორიაზე, სადაც მირზა შაფის ქუჩა იყო, 8-სართულიანი შენობები და 25 ათასი კვადრატული მეტრი ჯამური განაშენიანება იმდენად დიდი ფართობია, რომ რაც არ უნდა კვალიფიციური არქიტექტორი იყოს, ამ განაშენიანებას ვერ მოარგებს აღნიშნულ ლანდშაფტს. მისი თქმით, თუკი ქალაქის ხელისუფლება თვლის, რომ 8-სართულიანი კორპუსები, ანუ მასივი უნდა ჩაიდგას მირზა შაფის ქუჩაზე, მაშინ ეს სწორედ ქალაქის ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

„მათ უნდა გაითვალისწინონ ორი უმნიშვნელოვანესი დეტალი - ლანდშაფტი, რაზეც უნდა იყოს მორგებული არქიტექტურა და არსებული უბნის განაშენიანების მასშტაბი. სევდია უგრეხელიძის არგუმენტებს ვერ მივიჩნევ გასაზიარებლად, რადგან სწორედ მათი ხელისუფლების დროს დაიწყო მირზა შაფის ტრაგედია. ამიტომ 12 და 8-სართულიან შენობებზე აქ არ უნდა იყოს საუბარი, ეს ხომ ის ტერიტორიაა, სადაც ძველი თბილისის აკვანი დაირწა. სამწუხაროდ, კანონმდებლობა ისეა მორგებული ინვესტორზე, რომ არსად არ წერია, ძველი თბილისის უბნებში რამდენსართულიანი შენობები უნდა ჩაიდგას. არსებობს მავნებლური მექანიზმი, რომლითაც შეგიძლია ბიუჯეტში შეიტანო თანხა, კოეფიციენტები გაზარდო და იყიდო ტერიტორია, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობდა საკრებულოში“,-აღნიშნა ცირა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, მირზა შაფის - თბილისის ამ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგ ამ ქუჩის გასუფთავება და მასზე მდებარე 20-მდე შენობისა და საცხოვრებელი სახლის აღება ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში განხორციელდა.