„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი, ძალიან მოხარული ვარ; მინდა გითხრათ, რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე“, - განაცხადა ფეხბურთიის ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობის ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოეწურა, თუმცა, ფედერაციის წესედების თანახმად, რომელიც „ფიფასთან“ და „უეფასთანაა“ შესაბამისობაში, მოქმედ პრეზიდენს არჩევნების დანიშვნა 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.
ზვიად სიჭინავა გადადგა. უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაცია წესდების მიხედვით აღმასკომის სხდომას მოიწვევს და არჩევნების თარიღს დანიშნავს. უკვე ცნობილია, რომ ზვიად სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. სიჭინავა ამბობს, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ვინ ჩაიბარებს ქართული ფეხბურთს ჯერ-ჯერობით უცობია. თუმცა, არაოფიციალუარდ ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე კანდიდატურის შესახებ. მათ შორის არის მერაბ ჟორდანია, რომელიც 1998-2005 წლებში სათავეში ედგა ქართულ ფეხბურთს. ჟორდანიასთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი, რეზი არველაძე. სავარაუდოდ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს მიხეილ ყაველაშვილიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან კობიაშვილს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ლობირებს. თავად კალაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს გახდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. რაც შეეხება კობიაშვილს, კალაძის შეფასებით, ის არის ღირსეული ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ევროვნულ ნაკრებს.
„მე მხარს ვუჭერ ქართული ფეხბურთის განვითარებას და მის ჭაობიდან ამოყვანას, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით. სახელმწიფო ყველანაირად და მათ შორის, ფინანსურად ეცდება, რომ ქართულ ფეხბურთს დაეხმაროს. რაც შეეხება იმას, თუ ვის ვუჭერს მხარს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ამაზე ჩემს მოსაზრებებს უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ვფიქრობ, თითოეული გულშემატკივარის ოცნებაა, რომ მივხედოთ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს და ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ეცდება, მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა კახი კალაძემ.
რაც შეეხება ზვიად სიჭინავას გადადგომას, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის შეფასებით, სიჭინავამ ამ ეტაპზე სწორი და ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება მის მუშაობას, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სიჭინავას ისტორია შეაფასებს.
„ბატონი ზვიადი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით. ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. ეს მის სტილშია. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. საფეხბურთო საზოგადოებამ ახლა უნდა გაანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია კარს მომდგარი არჩევნები“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ფედერაციის გენერალური მდივანი, რეზი არველაძე აცხდებს, რომ ზვიად სიჭინავა განაწყენებულია იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მის მიმართ სახელისუფლებო წრეებიდან ისმოდა.
„ადამიანი გულდაწყვეტილია, რადგან 6 წლის გაანმავლობაში თავისი შესაძლებლობები მთლიანად მიუძღვნა თავის საქმეს. როდესაც მის და საერთოდ, ფედერაციის მიმართ იყო არასწორი და არაადეკვატური შეფასებები; რა თქმა უნდა, ეს გულსატკენია“, - აღნიშნა რეზი არველაძემ.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ სიჭინავას მუშაობის პერიოდში სასიკეთო ბევრი არაფერი გაკეთებულა.
„მე მგონი, რომ კანდიდატები უკვე ყველასთვის ცნობილია. ფაქტი სახეზეა, რომ შედეგი არის არადამაკმაყოფილებელი, ცუდი. ფეხბურთის წინსვლას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირი კუთხით. აქედან გამომდინარე, „დაღუპვა“ კატეგორიული ნათქვამია, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ სასიკეთო ბევრი არაფერი გაკეთებულა“, - ამბობს შოთა ხაბარელი.