„ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა“, - ეს გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძის ჩვენება, რომლის თქმით, ამ შეთავაზების შემდეგ სამსახურიდან იმ მოტივით არ წამოვიდა, რომ ზურაბ ჟვანიას მასზე ბევრი ამაგი ჰქონდა. კითხვაზე, თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში, ხარშილაძემ უპასუხა, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა.
„18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი რომ არ შემიცვლია. ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება მსურდა, თუმცა ვერ მოვახერხე, შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც პოლიციის აკადემიაში ჩაბარება შევძელი. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და სამსახურიდან ვერ წამოვედი“, - აღნიშნა კობა ხარშილაძემ.
ხარშილაძის ამ სკანდალურ ჩვენებას სასამართლოს დარბაზში მყოფი, ზურაბ ჟვანიას ახლობლის, ხათუნა ხოფერიას მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დარბაზი გააფრთხილა, რომ განმეორების შემთხვევაში პროცესს დახურავდა.
ხათუნა ხოფერია: ერთადერთი რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთო არის ის, რამდენად დიდ დანაშაულს ფარავს, რომ საკუთარ თავსაც კი ასეთ შეურაცხოფას აყენებს, ზურაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. როდესაც ადამიანი ასეთ ვა-ბანკზე მიდის, ე.ი. ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი დანაშაულია.
თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი ჟვანია მას სთავაზობდა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა, მაშინ რატომ იყო წლების განმავლობაში მის გვერდით?
-სხვათა შორის, ეს ჰკითხეს მას, რაზეც უპასუხა, 18 წლის ღარიბი ბიჭი ვიყავიო. მას მერე 10 თუ 11 წელი იყო ზურას გვერდით. თქვენც ხომ გესმით, რამდენად აბსურდული და არაკაცური განცხადებაა. ძალიან საცოდავი კაცია. რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან, რაშიც ის არის ბრალებული? სასამართლო იხილავს შეძლო თუ არა საკუთარი უფლებამოსილების შესრულება.
ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრი მოკვდა; ფაქტია, რომ 4 საათის განმავლობაში არ მოუკითხიათ, ვერ უშველეს, არ დაინტერესდნენ და უფრო უარესს გეტყვით, სასწრაფოც არ გამოიძახეს, არანაირი ზომები არ მიიღეს. კობა ხარშილაძემ ყოველგვარი პროფესიონალური დასკვნის გარეშე თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა იყო მკვდარი. ხომ შეიძლებოდა, კომაში ყოფილიყო ჩავარდნილი?
როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება აქცენტის გადატანა მის ორიეტაციაზე, როდესაც სასამართლო იხილავას დაცვის ქმედებას?
-ეს თემა მათთვის ყოველთვის იყო გარკვეული იარაღი. დადგეს ეს სპექტაკლი - რაულ უსუფოვის დაფიქსირება ზურასთან ერთად, წინასწარ იყო გათვლილი. ფიქრობდნენ, რომ ამ გზით შეძლებდნენ გაეჩუმებინათ ოჯახი.
წლების მანძილზე მიდიოდა ეს პროვოკაცია და ავანტურა. ჩვენი მხრიდან მუდივად იყო პასუხი, რომ რაც გაქვთ სათქმელი თქვით, ოღონდ საქმე გამოიძიეთ და დახურეთ. მაგრამ არა - ისინი მაინც ამბობდნენ, რომ ნუ გვაიძლულებთ, ყველაფერი ვთქვათო და ამავდროულად ჭორებს ავრცელებდნენ.
ახლა დადგა ის დრო, რომ ვა-ბანკზე გადავიდნენ და პრაქტიკულად, ღიად დაიწყეს საუბარი. მაგრამ ასე ხომ არ არის - მე მინდა და ვთქვი, რომ ასეთი იყო. იქამდე მივიდნენ, რომ კაცი თავის თავზე იბრალებს ამას. ხვდებით, რამხელა დანაშაულს ფარავენ? რამხელა წნეხის ქვეშ არის, როცა ახალგზრდა, 40 წლის კაცი ასეთ რაღაცას იბრალებს თავის თავზე.
თქვენ თვლით, რომ ხარშილაძის ჩვენება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს იყო მკვლელობა და ახლა ცდილობს დანაშაულის დაფრავას?
-რა თქმა უნდა, ამის დასტურია. ხარშილაძემ თქვა, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა, რომ ხელი დაედო სააკაშვილისთვის. კობა ხარშილაძე ვალდებულია დაასახელოს ის პირები, ვინც მასზე ახდენდნენ ზეწოლას. ხარშილაძემ აღიარა, რომ პრემიერ-მინისტრის ჯიბიდან ამოიღო გასაღები და გაასუფთავა სეიფები, იმ ნივთების ჩამონათვალი გააკეთა, რაც წაიღო. ამას რაღაცა მოტივებით ხსნიდა, მაგალითად ოფისის სეიფი იმიტომ გავხსენი, რომ გაუფორმებელი იარაღიო იყოო, ეს გაუფორმებელი იარაღი წამოვიღე, აბა რა მექნაო.
ზურას გარდაცვალებიდან 3 საათის მერე, სეიფებს რომ ასუფთავებ, ქურდი ხარ, აბა რა ხარ. ვინ მისცა უფლება, რომ პრემიერ-მინისტრის სეიფები გაეხნა კომისიის გარეშე, ვინ მისცა იმის უფლება, რომ არ დალუქა მისი კაბინეტი და პირადი ნივთები?!. პირიქით, სეიფები გააღო და გაქურდა იქაურობა. აქ არ არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბარი, არამედ საუბარია კრიმინალზე, რომელიც მან ჩაიდინა იმ დღეს.
პროკურატურა მუშაობს პრემიერის მკვლელობის ვერსიაზე, მაგრამ როდესაც აქცენტი კეთდება მის ორიენტაციაზე, ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას პროკურატურამ, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ?
-პარასკევს უნდა დასრულებეულიყო ამ საქმის განხილვა, მაგრამ როგორ უნდა დასრულდეს, როდესაც ეჭვმიტანილი გეუბნება, რომ ჩაიდინა ქურდობის ფაქტი. მართალია ამბობს, რომ ის ფული და ძვირფასი ნივთები ნინოს მივუტანეო, მაგრამ ფული რამდენი იყო, ვინმემ დაადგინა? ეს არ არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება?!. გარდა იმისა, რომ მოკლეს, გარდა იმისა, რომ გადარჩენის მცდელობა არ ჰქონდათ, პარალელურ რეჟიმში მისი პირადი ნივთები გაიტაცეს - მე არ ვიცი რას იზამს პროკურატურა.
ყოფილი პრემიერის ორიენტაციაზე აკეთებს მინიშნებას ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც მისი, ზურაბ ადეიშვილის და ნინო ჟვანია-ქადაგიძის შეხვედრას იხსენებს: „ზურამ გვითხა წაიკითხეთ თუ არა დასკნა, რაზეც ნინომ უთხრა, რომ აუციებელი და სავალდებულოა, რომ ეს გამოქვეყდეს? ზურამ უთხრა, რომ არ არის ამის აუცილებლობა, რომ ეს გამოქვეყნდეს, მე შემიძლია ეს თაროზე შემოვდო. ნინომ ჰკითხა, რამდენ ხანს შეგიძლია შემოდო თაროზე? ადეიშვილმა უთხრა, რომ სანამ ჩვენი ხელისუფელბა იქნებაო“. რას იტყვით გოგორიშვილის ამ ჩვენებაზე?
-არ მაინტერესებს რას ამბობს ხათუნა გოგორიშვილი. მე მახსოვს რას ამბობდა ხათუნა გოგორიშვილი ზურას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე. ახლა რას ამბობს, ეს აბსოლუტურად არ მაინტერესებს და ზოგადად ეს პიროვნება არ მაინტერესებს.