For.ge-ს დამფუძნებელთა განცხადება: „დაზარალებულებმა უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და თვითორგანიზება“

For.ge-ს დამფუძნებელთა განცხადება: „დაზარალებულებმა უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და თვითორგანიზება“

ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქტივების დასაბრუნებლად დაწყებულ სასამართლო დავას და არც გვიფიქრია, რომ ამ თემაზე აქტიური პოზიცია დაგვეფიქსირებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ განცხადების გაკეთებიდან გასულმა რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, პროცესს შესძინონ პოლიტიკური შეფერილობა, რომ ეს არის დავა არა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის, არამედ ხელისუფლების დაკვეთა, რომელიც მიზნად ისახავს ტელეკომპანიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, ჟურნალისტებზე და, ზოგადად, მედიაზე ზეწოლას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ.

თუმცა, ინტერნეტ გამოცემა www.presa.ge-ს ამჟამინდელი მფლობელის, გიორგი კაპანაძის განცხადებამ გვაიძულა, საპასუხო განცხადება გაგვეკეთებინა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2007 წლის ოქტომბერში ჩვენ, კონსტანტინე სტალინსკისთან ერთად, დავაფუძნეთ საქართველოში პირველი საინფორმაციო პორტალი www.presa.ge, აგრეთვე, „კავკასუს ონლაინის“ მფლობელის თხოვნით, შევქმენით საქართველოში პირველი ინტერნეტ-ტელევიზია www.itv.ge, რომლებიც თაღლითური გზით, „კავკასუს ონლაინის“ დასაკუთრების შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში უკანონოდ მიითვისეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელსაც საზოგადოება დონაძე-კაპანაძის დაჯგუფების სახელით იცნობს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ გიორგი კაპანაძის განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სადაც ეს უკანასკნელი დასავლურ ღირებულებებზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს, არის ცინიზმი, საზოგადოების დაცინვა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დისკრედიტაცია.  

გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკოსებისა და  მედიაში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა, რომლებიც დღეს ხმამაღლა საუბრობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიის ხელშეუხებლობაზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე და ცდილობენ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები წარმოაჩინონ არა როგორც სამართლებრივი, არამედ როგორც პოლიტიკური პროცესი, დუმილი ამჯობინა მაშინ, როცა დონაძე-კაპანაძის დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო presa.ge და იგი ნაციონალური მოძრაობის გავლენას დაუქვემდებარა.

აღსანიშნავია, რომ როგორც „რუსთავი 2“-ის, ასევე „კავკასუს ონლაინისა“ და presa.ge-ს უკანონოდ დაუფლების საქმეში ფიგურირებენ ძმები ყარამანაშვილები, რომლებიც (და ეს საყოველთაოდ არის ცნობილი), განსაკუთრებით არიან დაახლოებულები ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გასულ სამ წელიწადში სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებულ რამდენიმე ავტომანქანას. პროკურატურისა და სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა წინა ხელისუფლების მიერ მედია-საშუალებების უკანონოდ დაუფლების და დახურვის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში.

როგორც ჩანს, დაზარალებულებმა უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და თვითორგანიზება და ყველა კანონიერი გზის გამოყენებით შევძლოთ და მივაღწიოთ სამართლიანობის აღდგენას.

„კავშირი პრესა-საქართველო“, როგორც დაზარალებული და დაინტერესებული ორგანიზაცია, აპირებს ამ პროცესებში ჩაერთოს როგორც მონიტორი. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მედიაზე ძალადობა, წერტილი დაესვას დაუსჯელობის სინდრომით პოლიტიკოსების წახალისებას და მედიის იარაღად გამოყენების მცდელობას, ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ დანაპირებს შესრულება უნდა. ამავე დროს, ჩვენ დავაკვირდებით პროცესის გამჭვირვალობას, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის, მათ შორის ამჟამინდელი მფლობელების მხრიდან, ხელშეშლის, ან ზეწოლის შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.

„კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს დამფუძნებლები: გია იაკობაშვილი, როზი ჯღამაია, ბესარიონ გაბუნია