ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ეუთოს წარმომადგენლებს სასამართლოზე დამკვირვებლებად იწვევს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ეუთოს წარმომადგენლებს სასამართლოზე დამკვირვებლებად იწვევს

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ახლანდელი მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და კომპანიის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

დღეს გავრცელდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში“. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მოითხოვა ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებს დაყადაღება, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტოთ, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიზნად არ ისახავს ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს წარმომადგენელს აშკარად არასწორი ინფორმაცია მიეწოდა, ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, „რუსთავი 2“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოთხოვნა თავად ბიზენსმენმა ქიბარ ხალვაშმა მოხსნა და შესაბამისად, სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება სწორედ იმ გარემოებით იყო მოტივირებული, რომ მას არ სურს ტელევიზიის ფუნქციონირებას ხელი შეეშალოს.

რაც შეეხება სხვა ქონების გასხვისების აკრძალვას, ეს არის აუცილებელი ღონისძიება იმისათვის, რომ გამოირიცხოს ტელეკომპანიის მესვეურთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედებები და არ მოხდეს „რუსთავი 2“-ს ქონების მესამე პირებზე გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, რაც გააუფასურებს სადავო წილების ღირებულებას.

ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ შესაძლებელი იყო, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყება, კონკრეტული დაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ამიტომაც,

ქიბარ ხალვაშმა თავის განცხადებაში ცალსახად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ბიზნესმენი, არავითარ შემთხვევაში, არ ისახავს მიზნად ტელეკომპანიის დასუსტებას და ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლას.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და სრული ტრანსპარენტულობის პირობებში. მოვუწოდებთ ეუთო-ს ხელმძღვანელობას მოავლინოს საკუთარი დამკვირვებლები სასამართლო პოროცესის მონიტორინგისათვის, რაც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და გამორიცხავს ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას.