2003 წელს საქართველო ოფიციალურად მიუერთდა რომის სტატუსს, შესაბამისად აიღო ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ისეთი დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით, როგორიცაა - გენოციდი, ომის დანაშაული, აგრესია და ადმიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. რომის სტატუტიდან გამომდინარე საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს ომის დანაშაულის ჩადენას, და თუკი ეს მაინც მოხდება, გამოიძებს და დამნაშავეებს დასჯის.
2008 წელს ომის დანაშაული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აშკარად იქნა ჩადენილი, მაგრამ, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდი ხანი ამ საქმეების სათანადო გამოძიებას არ აწარმოებდა. რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლის თავზეც არ არსებობს პასუხი, ვინ არის დამნაშავე. 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიცელი და 169 სამხედრო მოსამსახურე, 150 000-მა ადამიანმა სახლ-კარი დატოვა.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა ეტაპზეა გამოიძება და გამოიკვეთა თუ არა რაიმე დამატებითი გარემოებები, პროკურატურაში არ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად, სპეციალური, 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელშიც პროკურატურის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რომის სტატუსის წევრობით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით ახსნა.
2008 წლის ომის მასალები ქართულ მხარეს ჰააგის სასამართლოში აქვს გადაგზავნილი. სახელმწიფოს პარალელურად ომის მასალები ჰააგაში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააგზავნეს. როგორც იურისტი ლია მუხაშავრია აცხდებს, მასალებთან ერთად ტრიბუნალს სპეციალური წერლიც გაუგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურა ამ საქმეზე სათანადო გამოძიებას არ აწარმოებს.
„ცალკე კოალიციის წევრები ვართ, რომელიც არსებობს ჰააგის ტრიბუნალთან და ვთანამშრომლობთ ამ კოალიციის მეშვეობით. ჩვენ, ჩვენი მასალები გაუგზავნეთ ტრიბუნალს და ასევე მივწერეთ, რომ სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურა სათანადო გამოძიებას არ აწარმოებს ამ საქმეზე. ომის დანაშაული აშკარად ჩადენილი იქნა ჩვენს ტერიტორიაზე, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდი ხანი ამ საქმეების სათანადო გამოძიებას არ აწარმოებდა.
მას შემდეგ რაც 2009 წლის ოქტომბერში ტალიავინის კომისიამ თავისი დასკვა ევროპის საპარლამენტო ასაბლიას წარუდგინა, რეზოლუციის მე-6 პუნქტად ჩაიწერა, რომ ჰააგის ტრიბუნალს დაევალოს ტალიავინის კომისიის მიერ დადგენილ ფაქტებზე გამოძიების დაწყება და დაადგინოს არის თუ არა ჩადენილი ომის დანაშაულებები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ეს გამოძიებები“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი ხანს აძლევდნენ საშუალებას, რომ ომის დანაშაული გამოეძიებინა, თუმცა, საქართველოს პროკურატურა აჭიანურებდა საქმეების გამოძიებას.
„ბოლოს როდესაც ტრიბუნალის დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში ისინი შეხვდნენ არჩილ კბილაშვილს და მისგან მიიღეს თანხმობა, რომ საქართველოს პროკურატურა გაუგზავნიდა გამოძიებული საქმის მასალებს. მერე უკვე ტრიბუნალს უნდა გადაეწყვიტა, რამდენად საკმარისი იყო ეს მასალები საქმის შესაწყევტად, ან სასამართლო პროცესის დასაწყებად.
იმიტომ, რომ ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება ემსახურება თვად ტრიბუნალს, ანუ თავად სასამართლოს ინტერესებში მოქმედებს და მათ ძალიან კარგად ესმით, თუ ბრალდება არ იქნება გამყარებული მტკიცებულებებით, მაშინ ისინი სასამართლოში საქმეს არ წაიღებენ, სასამართლო განხილვას არ დაიწყებენ. იქ, გამოძიება პასუხს აგებს მის მიერ გამოძიებულ საქმეზე და თუ სასამართლოში ვერ დაამტკიცა ბრალი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ, რადგან ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს და არავინ ისურვებდა, 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები ჰააგის სასამართლოშია გადაგზავნილი. წულუკიანის ინფორმაციით, მასალები ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვის წინ გადაიგზავნა.
„აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია ჰააგის სასამართლოში. ჰააგის პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია თუ არა ის ნაბიჯები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭიროება, რომ თავად გამოიძიოს ეს საქმე.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო ჩათვლის, რომ რაც საქართველოს ორმა მთავრობამ გააკეთა 2008 წლიდან მოყოლებული, არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ის თავად დაიწყებს გამოძიებას. ჩვენ ვართ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, თუ ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია დიდი და გავლენიანი ქვეყანაა, ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი ობიექტური და სამართლიანი წარმოების დაწყებისთვის.
„ამ საქმის წარმოების შესახებ სრული ინფორმაცია მქონდა, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, რადგან 2009 წლიდან თავად ჩართული ვიყავი პროცესში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩემი უამრავი მასალა იყო გაგზავნილი. მათ შორის, ეთნიკური წმენდის მტკიცებულებები. ახლა არ მაქვს უფლება და საშუალება, ამ საქმით დავინტერესდე. თავდაცვის მინისტრისგან ამის გარკვევა სწორი არ იქნება. თუმცა, 7 წელი გავიდა და შეუძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ამდენი დრო სჭირდებოდეს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ საქმის გახსნა და ვერდიქტი ოფიციალურად გამოცხადდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.
for.ge-სთან საუბრისას იურისტი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოდის მტკიცებულებათა და პოზიციათა მოპოვების, შეჯერების და ანალიზის საფუძველზე.
„ამ ინსტიტუტისთვის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის სასამართლო გამოძიება და ფაქტების სწორედ დადგენა. სანქცირება იმდენად სხვადასხვაგავრი და განსხვავებული შეიძლება იყოს, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ჰააგის ტრიბუნალი მსჯელობს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე და ის გამოიტანს ვერდიქტს, უმნიშვნელოვანესია.
მიუხედავად იმისა სანქციაში რა ეწერება, ეს უკვე უდიდესი საერთაშორისო სამართლებლივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რომელსაც გაგრძელებები მოსდევს სახელმწიფოთა და საერთაშორისო ურთუერთობებში, შესაძლებელია სანქციებიც“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.