საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით.
ამის ნათელი მაგალითია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება,რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს,უპირველესად,თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
გუშინ, ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს.ბანერის სიახლოვეს შეინიშნება შეიარაღებული პირების სიმრავლეც. შესაბამისად, წითელუბნის დახურვალეთის მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავს იკავებენ.
ამასთან,ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით არსებულ საგუშაგოებზე ქართველმა სამართალდამცველებმა დილიდან მედიის გადაადგილებაკვლავ შეზღუდეს.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი,იაგო საური აცხადებს, შეზუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა. რამდენი ხნის განმავლობაში იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრის მიმართულებით გადაადგლება შეზღუდული, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა დაახლოებით ერთი თვის წინდაამონტაჟეს, თუმცა მაშინ ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა.
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის აღმართვის მიუხედავად შს მინისტრის განცხადებით, ვითარება მშვიდია.
„დეტალები ზუსტდება. უფრო მოგვიანებით გავავრცელებთ ჩვენ ოფიციალურ ინფორმაციას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ იქ ვითარება მშვიდია“, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ დღეს, ცხინვალი, ისევე როგორც აფხაზეთი, ორივე მოქმედებს გენერალური მინდობილობით.
„მთელი ეს ისტორია, გინდ კონფლიქტი დაარქვით, გინდაც მცოცავი ოკუპაცია, ცხინვალი ამას აწარმოებს მინდობილობით. დღეს, ცხინვალი, ისევე როგორც აფხაზეთი, მოქმედებენ გენერალური მინდობილობით.რეალური პასუხისმგებელი ამაზე არის მოსკოვი, ცხინვალი კი მხოლოდ ფორმალური პასუხისმგებელია.
თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ შევეცდებით, რომ ეს ვითარება მხოლოდ ცხინვალს დავაბრალოთ. ცხინვალი აქ ნაკელბად არის დამნაშავე, რადგან მისი ინიციატივით არ ხდება. ამ ბანერების აღმართვის და ე.წ. საზღვრის გადმოწევის ინიციატორები მოსკოვში სხედან. ვინაიდან, ცხინვალს არ გააჩნია ის ძველი რუკები, რომლითაც დღეს მოქმედებს. ეს უდიდესი კარტოგრაფიული სამსახური იყო მოსკოვში, ეს „კარტებიც“ მოსკოვშია შენახული და სწორედ ამ 30-40 წლის წინანდელი რუკებით მოქმედებენ ახლა“, - ამბობს სოსო ცინცაძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ხელისუფლებამ ამ საკითხების გარშემო მოლაპარაკება უნდა დავიწყოს.
„რეალური მოლაპარაკება უნდა დაიწყონ რუსეთთან და ამისთვის აუცილებელია, რომ ზურაბ აბაშიძეს გაეზარდოს პრეროგატივა. ან გამოვიყენოთ უკვე მრავალჯერ ნაცადი და არც ერთხელაც გამართლებული ნაბიჯი, წავიდეთ ევროსაბჭოში. აგერ ტუსკი ჩამოვიდა, მერე რა, რა გვაქვს? წავიდა ტუსკი და უკვე ნახევარ საქართველოს არ ახსოვს, რომ ტუსკის საქართველოში ვიზიტი. ამ საკითხის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ მოსკოვში და არა ცხინვალში, ბრიუსელში და ვაშინგტონში“, - ამბობს სოსო ცინცაძე.