„მოტყუებული“ ნოდარ ახალკაცი

„მოტყუებული“ ნოდარ ახალკაცი

საქართველოში ფეხბურთი სპორტის პოპულარულ სახეობას მიეკუთვნება და მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო. დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ.

თავდაპირველად სიტყვას ოთარ გაბელიას გადავცე. ერთხელ, ფეხბურთელობისას ბატონ ოთარს თავს ერთი „უჩვეულო“ ამბავი გადახდა.

„ერთხელ, მოსკოვში, მოგებული თამაშის შემდეგ იქ მცხოვრებმა მეგობარმა სახლში მიგვიპატიჟა მე და დავით მუჯირი – ელარჯი უნდა გაჭამოთ შუაგულ მოსკოვშიო. რა უნდა მექნა? მეგრელი რომ ელარჯზე უარს იტყვის, მე იმ მეგრელს, მაგალითად, კარგი თვალით ვერ შევხედავ. რას ვიზამდით, ვესტუმრეთ ამ კაცს.

გაიშალა ზღაპრული სუფრა.

მესამე ჭიქას რომ ვსვამთ, კარზე ზარმა დარეკა, მასპინძელი შემოუძღვა სტუმარს და, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა – ფარსადანოვიჩის ხმა არ გავიგონე?! თურმე ისიც დაპატიჟებული ჰყოლია ჩვენს მასპინძელს და ცოტა დაჰგვიანებია.

– რაღა ვქნა ახლა?! გამოგვჭერი ყელი და ესაა, – ვეცი მასპინძელს, სანამ ნოდარ ახალკაცი ხელის დასაბანად იყო გასული, – არ დაგველია მაინც! თან, სიგარეტის ბოლიც დგას.

– ნუ გეშინიათ, – გვამშვიდებს მასპინძელი, – ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულ-მომზადებული.

– რა?

– რა და, აგერ დაგიდგამთ ჩაის ჭიქებს, ვითომ ჩაის სვამთ, რა მოხდა მერე!

ბატონი ნოდარი დაჯდა და დაიწყო საუბარი.

ჩვენ კი ვართ და აღარც ვართ. ფარსადანოვიჩი არაფერს გვეკითხება – ან აქ რა გინდათ, ან, რომ მოდიოდით, რატომ არ გამაფრთხილეთო. არაფერს გვეუბნება, თითქოს არც ვიყოთ იქ.

– კაცო, მგონი ვერც გვხედავს, – დაეჭვდა მუჯირი, – უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ გვახურავს?

ცოტა ხანში მასპინძელმა მე და მუჯირი მეორე ოთახში გაგვიხმო, რა თქმა უნდა, ფარსადანოვიჩთან ბოდიშის მოხდით.

გავედით და რას ვხედავთ – გაუშლია ჩვენთვის ცალკე, „სკუჩნი“ სუფრა. ვუთაქეთ თითო ჭიქა გულისჯავრზე, ჩავაყოლეთ და შემოვბრუნდით ახალკაცთან. აბა, სულ იქ რომ დავრჩენილიყავით, დაეჭვდებოდა.

ცოტა ხანში ისევ გაგვიხმო მასპინძელმა მეორე ოთახში.

ისევ ვუთაქეთ, ოღონდ, ახლა, ორ-ორი (მაინც დალეული გვაქვს და...) დავბრუნდით საერთო სუფრასთან უცოდველი კრავებივით, თუ შეიძლება, რომ კრავები ჩაის სვამდნენ.

მესამედაც რომ გავედით და ისევ შემოვბრუნდით, ფარსადანოვიჩი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა:

– კი მაგრამ, რაშია საქმე?

– რაზე გვეკითხებით, ნოდარ ფარსადანოვიჩ? – ვიკითხეთ ჩვენ ორ ხმაში.

– რაში და, რას გარბიხართ ყოველ ხუთ წუთში იქით ოთახში? რაშია საქმე, თუ საიდუმლო არაა?

– არაფერი, ისე...

– რას ჰქვია – ისე?

– ისე, ჩვენთვის...

– რა და, – მოულოდნელად გააქტიურდა მუჯირი, – ჩვენი მასპინძლის სამზარეულოს პროექტი მოგვეწონა მე და აგერ – გაბელიასაც და, გვინდა, რომ თბილისშიც ამ პროექტით გადავაკეთოთ სამზარეულოები.

– ვთქვათ, დავიჯერე, მაგრამ, ყოველ ხუთ წუთში რომ გარბიხართ, ერთი გასვლით ვერ დაათვალიერეთ?

– რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და... – ავლუღლუღდი... – თან, გამეორება ცოდნის დედაა.

– აბა, მე გეტყვით ახლა! – დაიწყო ახალკაცმა თავისებური, დამაჯერებელი ხმით, – რომ დაგიღიათ პირი და მამა აბრამის ბატკნებივით შემოდიხართ აქ და გგონიათ, რომ მე ვერაფერს ვხვდები,  მაგას რა ჯობია, იცით?

– რა? – სასტიკად დავინტერესდით.

– რა და, აქ დალიოთ, ვაჟკაცურად, ჩემთან ერთად და მერე გახვიდეთ იმ სამზარეულოს დასათვალიერებლად, ასე თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა.

„გაშიფრულები“ ვიყავით!

ასეთი იყო ცხონებული ფარსადანოვიჩი, ვერაფერს გამოაპარებდი“.

კარგად გვახსოვს,თავის დროზე თბილისის „დინამოში“ მოხვედრა ბევრისთვის ოცნება იყო.

კომუნისტების დროა და ცეკაში გადაწყდა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე თბილისში ჩამოეყვანათ. ბათუმი ვერ ელეოდა იქაურ ამომავალ ვარსკვლავს და თბილისს ეუბნებოდა, ჩელებაძე ჩვენ გვჭირდება და ნუ წაგვართმევთო. ნოდარ ახალკაცმა პრინციპულად მოითხოვა ჩელებაძის „დინამოში“ გადმოყვანა. მან საოლქო კომიტეტს წერილიც კი მისწერა, ჩელებაძის „დინამოში“ თამაში მარტო თქვენი გადასაწყვეტი არაა, ფეხბურთელსაც ჰკითხეთ, რას იტყვისო. დაიბარეს ქალაქკომში ჩელებაძე და ეკითხებიან, სად უფრო გირჩევნია თამაში – თბილისში თუ ბათუმშიო. ბათუმის „დინამოშიც“კარგია, მაგრამ თბილისში უფრო თავისუფლად ვითამაშებდიო, – იყო ფეხბურთელის პასუხი. რატომო, – დაინტერესდა ბათუმის ქალაქკომის მდივანი ანდერკინ კოპლატაძე. იმიტომ, რომ ბათუმში ფეხბურთის გულშემატკივრები დედას მე მაგინებენ, თბილისში კი ჩემს ჩამომყვანსო, – თქვა ჩელებაძემ.

ჩვენი წერილის ბოლო სტუმარი ნუკრი კაკილაშვილი იქნება, რომელიც დიუსელდორფის ისტორიული შეხვედრის პერიპეტიებს კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი გამარჯვების, მთელი ქართველი ერის ზეიმის მონაწილე გავხდი. მით უმეტეს, რომ გუნდში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი – ოცი წლის ბიჭი, ოცდაერთის ვხდებოდი. განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა ის, რომ ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, მათ გვერდით ვიყავი. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველა ვარსკვლავი იყო – მეკარიდან დაწყებული რამაზ შენგელიათი დამთავრებული. ამ თასის მოგება ასე ადვილი არ იყო, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით.

თამაშამდე საშინელი ღელვა მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, მარტო მე კი არა, მთელ გუნდს. ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა იყო, საერთოდ, ფინალი ძალიან რთული სათამაშოა. არ მქონდა თბილისის „დინამოში“ დიდი ხნის თამაშის გამოცდილება, ახალი მისული ვიყავი გუნდში...

ჩვენთან ერთად გულშემატკივრების მცირე ჯგუფი იყო წამოსული, რამდენიმე ფეხბურთელის ცოლი და ცნობილი ადამიანები. ცეკას დახმარებით ხდებოდა ასეთ ჯგუფებში ჩასმა. ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით დიუსელდორფში, რომელსაც პატარა მოედანიც ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი იყო სასტუმროს დირექტორი, რომელიც ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განეწყო და გვგულშემატკივრობდა. მოკლედ, მხარდამჭერები გვყავდა და იქაც დიდი ზეიმი დაიწყო ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მე და ვოვა გუცაევი დოპინგ-კონტროლზე შესამოწმებლად დაგვტოვეს და ორი საათის დაგვიანებით მივედით სასტუმროში.

მე და გუცაევი რომ მივედით სასტუმროში, უკვე დიდი ქეიფი იყო გაჩაღებული. ჯანო ბაგრატიონი თამადა იყო და ხალხი უკვე მოგებული თასიდან სვამდა. ნოდარ ახალკაცი იმ საღამოს ოთახიდან არ გამოსულა – გართობის საშუალება და ერთი ჭიქა სასმლის დალევის უფლება მოგვცა...

ძალიან მკაცრ პირობებში ვიყავით... ასეთ რეჟიმში რომ არ ვყოფილიყავით, ამ წარმატებასაც ვერ მივაღწევდით. მერე უკვე ჩამოვედით  და თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს თუ არა, მივხვდით, რაც ხდებოდა. გაგვაფრთხილეს, რომ გარეთ ზღვა ხალხი გველოდებოდა. ავტობუსში ძლივს ავედით. მთელი გზა აეროპორტიდან დიღმის ბაზამდე, გარეთ ხალხი იდგა, გვესალმებოდნენ და გვეფერებოდნენ. სიტყვებით იმის გადმოცემა რთულია, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობდა“.