თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2 -ის“ პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“ - ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. ტელეკომპანიას საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის დაყადაღებული ქონება ქიბარ ხალვაშის დროს არაა შეძენილი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს დაყადაღებული ქონება ბოლო 3 წლის დროს არის შეძენილი.
როგორც გვარამია აცხადებს, ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული საქმე და არანაირი შეხება საკუთრების უფლების აღდგენასთან არა აქვს. გარდა ამისა, გვარამია მოსამართლეს მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და მოსამართლე ურთმელიძეს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, „ზონდერ“ მოსამართლეს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე ე.წ. წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.
ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა თავის სარჩელში მოითხოვა ტელეკომპანიის 100- პროცენტიანი წილის დაყადაღება. გარდა ამისა, ითხოვს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას აეკრძალოს „რუსთავი 2“-ის სახელზე რიცხული ქონების, მათ შორის, უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება.
ხალვაშის სარჩელი „რუსთავის 2“-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, აიკრძალა „რუსთავი 2“-ს ქონების გაყიდვა-გასხვისება. ბიზნესმენის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, დაყადაღებული ქონება გამოყენების უფლებით რჩება „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში.
ადვოკატის განცხადებით, ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ თუ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება ქიბარ ხალვაშის სარჩელი, არ გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება და დავის პერიოდში არ მოხდეს ამ ქონების გადაფორება მესამე პირებზე.
„არ ვიცი რატომ ფასდება ეს როგორც სამართლებლივი ომი. ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო დავა. გვინდა, რომ „რუსთავი 2“ შენარჩუნდეს იმ სახით, რა სახითაც ის არსებობს, რაც მათ გააჩნიათ მანქანებით დაწყებული, კამერებით დამთავრებული, მას უნდა შუნარჩუნდეს. ჩვენ არ გვინდა დაუშვათ, რომ ვიღაცამ არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და გაასხვისოს ეს ქონება. სხვა მხრივ ტელეკომპანიას არანაირად ხელი არ ეშლება. იმოძრაონ მანქანებით, გამოიყენონ ის ქონება, რომელზეც დღეს ყადაღა ადევს. სასამართლო განჩინების შედეგად არანაირი შეფერხება „რუსთავი 2“-ს არ აქვს მუშაობაში“, - აცხადებს პაატა სალია.
რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ მეწილეებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინება.
„ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურები მიმდინარეობს. არაფერი არაორდინალური ამ შემთხვევაში არ ხდება. დაყადაღებულია ტელეკომპანიის წილების 100%. ანუ, მათ უფლება არ ექნებათ განკარგონ ეს წილები. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ ფორმალურად არ მომხდარიყო წილების გადაფორმება სხვებზე.
ტელეკომპანიაში ყარამანიშვილები ჯამში თავიანთი კომპანიის მეშვეობით 91 პროცენტს ფლობენ - არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს ტელეკომპანია „რუსთავი-2“. როგორც არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი.
„სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე კი მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
ტელეკომპანიის ყოფილ და მოქმედ მესაკუთრეებს შორის დაწყებულ სამართლებლივ დავასთან კავშირს უარყოფს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა, თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა.
რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი მომხრე ვარ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მთავრობის ჩართულობა და როლი, აბსოლუტურად ნულის ტოლია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შს მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო არსებობს, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ზეწოლებისა და სხვა ინსინუაციების გარეშე. ამ საკითხზე შემფასებელი იქნება მოსამართლე“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
„რუსთავი 2“-ისა და ქიბარ ხალვაშს შორის დაწყებულ სამართლებლივ დავასთან, პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელიას, რომლის განცხადებით, თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით, მოტივაციით, განზრახვებით მოხდა საკუთრების უკანონი ხელყოფაც და წილების გადანაწილებაც.
„ეს აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ არის ის დრო, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა და ზეწოლა უნდა მოსცილდეს ამ საქმეს და ჩვენ მივანდოთ მთლიანად ეს სამართლებრივი დავა სასამართლოს. დღეს უზრუნველყოფილია ის რაც არ იყო მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშის უფლებები შეილახა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ შეფასებით, „რუსთავი 2“ - ის გარშემო განვითარებული მოვლენები ქიბარ ხალვაშთან არანაირ კავშირში არ არის და ხელისუფლების მიერ წამოწყებული შეტევაა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
„მინდა ვუთხრა მათ, ვის თავშიც ეს გეგმა მოიხარშა და ვინც ამას ახორციელებს, ამ ომს ვერ მოიგებენ და ეს ომი ცუდად დასრულდება თითოეული ამ ადამიანისათვის და ზოგადად, ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ქონების დაყადაღება ხელს არ შეუძლის კომპანიის მაუწყებლობას. მისივე თქმით, მაუწყებლობისთვის ხელის შეშლა მიუღებელი იქნება არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელებისთვის, არამედ, მთლიანად საქართველოს მოსახლეობისათვის.
„მრავალწლიანი საუბარი სამართლიანობის აღდგენის შესახებ, შეიძლება ერთხელ მაინც კონკრეტული შედეგით დამთავრდეს. როდესაც ვისმენ საკითხს, რომელიც ეხება ბატონ ხალვაშს, ძალაუნებურად თვალწინ მიდგება ის ხარნძრები, რომელიც მთელს მის ქონებას გაუჩინეს ყოფილი ხელისუფლების მითითებით.
რასაკვირველია, თუ რაიმე საფუძველი არსებობს ასეთი ქმედებების სამომავლოდ აღმოფხვრისთვის, ყველამ უნდა აანაზღაუროს ის ზარალი, რასაც თვითონ აყენებდა ამა თუ იმ მათთვის ნაკლებად მისაღებ პიროვნებას. „რუსთავი 2“ არ გახლავთ ერთადერთი დარტყმა, რომელიც ხალვაშს მიაყენენეს. რადგან განახლებული ქართული სასამართლოს იმედი გვაქვს, ვნახოთ რა სიღრმის წვდომას შეძლებს იგი სამართლიანობის მოსაპოვებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.