სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას მიმართავს, რომ ქალ მსჯავრდებულთა საკითხები უფრო სიღრმისეულად განიხილონ. როგორც კახა კახიშვილი აცხადებს, წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც დაბალი რისკის მქონე ქალი პატიმრები განთავსდებოდნენ და უქმე დღეებში სახლში წასვლის უფლებაც ექნებოდათ; თუმცა, ამ პროექტის განხორციელება 13 ივნისის სტიქიამ შეაყოვნა, რადგან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით თანხების მიმართვამ ფინანსური პრობლემები გააჩინა.
„ამის მიუხედავად, მე და ბატონმა გიორგიმ ვისაუბრეთ და ახლა თანხების მობილიზაციას მოვახდენთ იმ კუთხით, რათა საძირკველი მაინც ჩავუყაროთ და რამდენიმე თვეში მაინც შევძლოთ გახსნა, რადგან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქალებისთვის. სხვათა შორის, მინდა, მივმართო შეწყალების კომისიას, საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ იქნება ცუდი, თუ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ქალ მსჯავრდებულთა საკითხები შეწყალების კომისიის მიერ“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
პატიმარ ქალთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების და შეწყალების მიდგომების გადახედვის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში ქალ პატიმართა პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
„ბუნებრივია, პატიმრობა ყველასთვის ძალიან რთულია, მაგრამ ქალებისათვის ეს არის ორმაგად მძიმე ტვირთი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მათი პირობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ პრეზიდენტს, მაქსიმალურად გამოიჩინოს მეტი ჰუმანურობა ქალი პატიმრების მიმართ. მათ საკმაოდ ბევრი აქვთ მოხდილი იმისთვის, რომ მიიღონ თავისუფლება. ვფიქრობ, ამ მხრივ მიდგომები გადასახედია“, - აცხადებს ეკა ბესელია.
სწორედ ქალი მსჯავრდებულების შეწყალება არის ის მთავარი საკითხი, რატომაც საქართველოს პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ და მას მეტი ჰუმანურობისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა პრეზიდენტს, რომ გამოიჩინოს გულმოწყალება პატიმარი ქალების მიმართ და შეიწყალოს დედები.
თუმცა, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხდებს, გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება შეხსენება, რომ ქალბატონი მსჯავრდებულების მიმართ იყოს ლმობიერი. ქორიძე მიიჩნევს, რომ ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო პირადად პრეზიდენტმა და შეყალების კომისიამ, როდესაც მხარი დაუჭირა უვადო მსჯავრდებული ქალბატონების შეწყალებას.
„6 მარტს გამოიცა უვადო მსჯავრდებული ქალბატონების შეწყალების გადაწყვეტილება, საქართველოში უკვე აღარ გვყავს უვადო მსჯავრდებული ქალბატონი. ეს თემა ქართულ პოლიტიკურ კლასს, ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ქართულ მედიას არ ჩაუთვლია მნიშვნელოვან მოვლენად. როდესაც მოხდა უვადო მსჯვარდებულების შეწყალება ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან და ადამიანის უფლება დამცველებისგან უფრო მეტი აღფრთოვანება მოვისმინე ამ ფაქტზე, ვიდრე თვითონ საქართველოში.
საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც სამი უვადო მსჯავრდებული ქალბატონი ჰყავდეს. ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არავის არ დაუნახავს. მათ მიაჩნიათ, რომ აქ შეიძლება ვიღაცის კერძო ინტერესი დიდად არ იყო წარმოჩენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრეზიდნეტის მხრიდან, ამას არავინ არ წერს.
ერთ კონკრეტულ ქეისს ამოიჩემებენ და მერე ყველა - საზოგადოება და პოლიტიკური კლასი მხარს უჭერს ამას. არ ვარ დარწმუნებული, რომ კონკრეტულად ქალბატონი თეა სირაძის ბედი ასეთი მნიშვნელოვანი არის ამ პოლიტიკოსებისათვის. შეიძლება ამაზე მქონდეს ჩემი მოსაზრება და ეჭვი, თუმცა, მე ამას ვერ ვიტყვი. თუ დააკვირდებით, ვისი შეწყალების მოთხოვნით იყვნენ ისინი მოწადინებული ამ თვეების განმავლობაში, უფრო ადვილად მიხვდებით“, - აცხადებს ზვიად ქორიძე.
ქალი მსჯავრდებული, ვისი შეწყალებაზეც პრეზიდენტმა ორჯერ თქვა უარი, თეა სირაძეა, ის სასჯელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო იხდის. მაშინ სირაძეს სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის გაუქმების შემდეგ, მას წლები ჩამოაკლდა და 29 წლიან პატიმრობა, 13 წლით შეეცვალა. სირაძემ ორჯერ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და ორივეჯერ უარი ეთქვა.
შეწყალების კომისიის თავმჯდმარე ამბობს, რომ კომისიამ განიხილა ამ მსჯავდრებულის საქმე, მაგრამ დადებითი რეკომენდაცია არ მისცა, რადგან არ აკმაყოფილებდა ვადის კრიტერიუმებს. თუმცა, როგორც ქორიძე აცხდებს, ეს არ ნიშნავს, რომ სირაძის შეწყალება არასოდეს არ მოხდება.
„მაგრამ ასეთი მონდომება და დაჟინება ამ ერთ საქმეზე, ცოტა არ იყოს ჩემთვის მართლა გასაკვირია. ამაზე რაღაცა კითხვის ნიშნები თქვენც უნდა დასვათ, რატომ მაინცდამაინც ეს ქალბატონი? მაგალითად, პრეზიდენტმა ახლა შეიწყალა ქალბატონი, რომელსაც უფრო მეტი შვილი ჰყავს და დანაშაულიც შეიძლება გარკვეულწილად, უფრო მეტი ჰქონდეს ჩადენილი. მაგრამ ეს გამოდინარეობს რაღაც კონკრეტული ქეისის განხილვიდან.
ასე კამპანიურად ქალები შევიწყალოთ, არ არის სწორი მიდგომა. შაბათს თქვა პრეზიდენტმა ეს წელი ქალთა წლად გამოვაცხადე და მე მადანაშაულებენ იმაში, რომ ქალებს ვდევნი საპატიმროშიო - ასეთი რამ არ არის მართებული. იმიტომ, რომ მართლა მაქსიმალურად ლოიალურ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი ქალბატონების შეწყალებაზე. მაგრამ არის გარკვეული საქმეები, რომელზეც პრეზიდენტსაც და კომისიასაც აქვს კითხვის ნიშნები“, - ამბობს ზვიად ქორიძე.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი გახდა, საერთო ჯამში 11 შეწყალების აქტი გამოიცა, 2 მარტს საგანგებოდ მხოლოდ ქალბატონების შეწყალება მოხდა, 6 მარტს გამოიცა უვადო მსჯავრდებული ქალბატონების შეწყალების გადაწყვეტილება, ასეთი კი სამი მსჯავრდებული იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამით ამოწურულია. ქალბატონები პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვენ, თუმცა შეწყალებულთა სიაში, როგორც წესი მამაკაცები ჭარბობენ.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ არსებობს დებულება, რომელიც შეწყალების კომისიას არ აძლევს უფლებას, მეტად ლოიალურნი იყვნენ ქალი მსჯავრდებულების მიმართ. თევდორაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ დამატებითი უფლებები გადასცეს კომისიას.
„ისეთი მაღალი სასჯელი აქვთ ქალბატონებს შეფარდებული, რომ ის დებულება, რომელიც მაშინ არსებობდა და არსებობს დღესაც, კომისიას არ არძელევს საშუალებას, ქალების მიმართ იყვნენ განსაკუთრებით ლმობიერები. მომხრე ვარ იმისა, რომ ქალების მიმართ იყოს უფრო სხვა მიდგომა - ისინი არიან დედები.
თუ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ეკა ბესელიას მიმართვას და კომისიას მისცემს დამატებით უფლებას, იმიტომ, რომ ეს მისი უფლებაა გადასცეს კომისიას დამატებითი უფლებები, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი სასჯელი აქვთ ქალბატონებს შეფარდებული. სამწუხაროდ, ქალბატონების უმრავლეობა ნარკოტიკების გასაღებისთვის არის ბრალდებული, რაც ართულებს სიტუაციას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ელენე თევდორაძე.