ფუნდამენტური კვლევები, გაზრდილი ბიუჯეტი, შეფასების ახალი კრიტერიუმები, საერთაშორისო ექსპერტთა შეფასება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა - ეს შოთა რუთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტების მცირე ჩამონათვალია. რა ახალი პერსპექტივები ელოდებათ მეცნიერებს და რა თანამედროვე სიახლეები ინერგება მათთვის, აღნიშნულზე ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორ მარინე ჩიტაშვილი საუბრობს.
რა მიზანს ემსახურება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი?
კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეარჩიოს და დააფინანსოს კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღებას ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში. საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს მოვლენების, ფაქტების, თეორიების, მოდელების, ახალი იდეებისა და კონცეფციების თეორიულსა და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან ტექნიკური პროგრესის საფუძველს.
როგორია აღნიშნული კონკურსის შეფასების კრიტერიუმები?
ვმუშაობთ შეფასების ახალ კრიტერიუმებზე, რომლის დანერგვაც ახალი კონკურსების გამოცხადებისას მოხდება. საკითხი ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზევე იყო განხილული და ფონდს დაევალა ახალი კრიტერიუმების სისტემის მოდელზე მოამზადოს პროექტი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ახალი კრიტერიუმები, რომლის შემოღებასაც ვაპირებთ იქნება იგივე რასაც იყენებს ჰორიზონტი 2020, ევროპის კვლევითი საბჭო ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ფონდი. ამ ფონდებს თუ გადავხედავთ აღმოჩნდება, რომ კატეგორიზაცია 7 საფეხურის მიხედვით ხდება: ყველაზე უფრო საუკეთესო(გამორჩეულად კარგი), ძალიან კარგი, კარგი, საშუალო, სუსტი, არ ექვემდებარება დაფინანსებასა და განხილვას. შეფასების მინიჭებისას დაიწერება განვრცობილი კომენტარი, რომელიც მიიღწევა კონსენსუსის საფუძველზე ექსპერტთა მიერ. ეს ძირითადი მონახაზია, თუმცა, დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება.
ფონდი სერიოზული სამუშაოს ჩატარებას აპირებს ახალი კრიტერიუმების სისტემის დასადგენად, რომლის თანახმად, დიდი განსხვავება ჩვენსა და უცხოეთში ამჟამად არსებულ კრიტერიუმებს შორის აღარ იქნება. მაქსიმალურად იქნება დაახლოებული შეფასების კრიტერიუმებიც, სისტემებიც და მოთხოვნებიც. პროექტის გაფორმებისთვის წაყენებული გარკვეული სტანდარტების ანალოგად გამოყენებული იქნება ევროპის კვლევით საბჭო ან ჰორიზონტი 2020.
ამას აქვს კიდევ ერთი მიზეზი, 2016 წლის 1 იანვრიდან, ფაქტობრივად დამთავრებულია მოლაპარაკება ჰორიზონტი 2020-თან და შეთანხმების თანხმად, საქართველო ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული წევრი ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ თვითონ იყვნენ განმცხადებლები, წამყვანები და დაფინანსება მოიპოვონ.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ასევე, ხომ არ გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტიზასაც და მაშინ, როგორია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება ექსპერტთა შერჩევისას?
ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მაქსიმალურად სწრაფად ინტეგრირება და ასეთ შემთხვევაში, იმისათვის, რომ შევაფასოთ რეალურად რას ვფლობთ, ან რა პოტენციალი და რესურსი გაგვაჩნია საჭიროა მთლიანად საერთაშორისო შეფასებაზე ანუ საერთაშორისო ექსპერტიზაზე გადასვლა. ამის გამოყენებას ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ, რომ სისტემა არ იყო დახვეწილი, ჩნდებოდა გარკვეული პრობლემები - ექსპერტების შერჩევა არ იყო დამყარებული გაზომვად კრიტერიუმებზე და არ ვიცოდით ვინ უნდა აგვერჩია და ა.შ. რაც, შესაბამისად, ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს. ასევე, მნიშნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ექსპერტული შეფასება არ იყო ანაზღაურებადი. უცხოეთში, მთელ რიგ შემთხვევებში, არ მიმართავენ ექსპერტიზის ანაზღაურებად სისტემას, მაგრამ მათ უნივერსიტეტები უთვლის ადმინისტრაციულ საქმიანობად [სამეცნიერო აქტივობა, რომელიც უშუალოდ არ არის კვლევაზე მიმართული] და ეს ხელფასის შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, ექსპერტული საქმიანობა მათი კარიერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენთან ასეთი სისტემა არ არსებობს, გადავწყვიტეთ ავიღოთ ის მოდელი, რომელსაც იყენებს ევროპის კვლევითი საბჭო ან ჩეხეთის ფონდი. ამ შემთხვევაში, ექსპერტთა ანაზღაურება არ არის მაღალი და შეთავაზებული თანხიდან გამომდინარე, ექსპერტი თავად წყვეტს აიღოს თუ არა თანხა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ბრიტანეთის არცერთი მეცნიერი, ერთი ან ორი პროექტის შეფასებაში, მოცულობიდან გამომდინარე, არ მოითხოვს ამ მცირე თანხის ანაზღაურებას, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს მათთვის აკადემიური კოლეგიალობის და პროფესიული ეთიკის დარღვევა იქნებოდა.
როგორ აპირებს ფონდი უცხოელი ექსპერტების მოძიებას?
„ელსევიერზე“(ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზა) გვაქვს ხელმისაწვდომობა, რაც დაგვეხმარება საკუთარი ბაზის გადახედვა-გადახალისებაში. უნდა ავაწყოთ ისეთი სისტემა, შევიმუშაოთ ფორმატი, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირდება ექსპერტი და პარალელურად ამ ექსპერტის გვერდზე აისახება როგორია: მისი H ინდექსი (მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი); მისი კვლევითი სფერო, პუბლიკაციები და სხვ.
ექსპერტთა ბაზა ნაწილობრივ აქამდეც არსებობდა, მაგრამ დაუხვეწავი იყო. მაგალითად, იყო, რომ ექსპერტები კვლევითი მიმართულების მითითებისას ასევე უთითებდნენ „და სხვას“, რის შედეგადაც ერთი და იგივე ექსპერტს აღმოაჩენდით ისეთ დარგებში, რომლებშიც მათ ნამდვილად არ ჰქონდათ ექსპერტიზა.
ახლა კი, წვდომა ასევე გვაქვს Web of Science (WoS) და Scopus-ზე, რომელთა საშუალებითაც ერთი მხრივ შესაძლებელი იქნება არსებულ ექსპერტთა უფრო ზუსტი პროფილის დადგენა და მეორე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის გამოყენება პროექტების შესაფასებლად.
მრავალშრიანი ფილტრის დაყენების შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენს ბაზაში 4000 დარეგისტრირებული ექსპერტიდან დაგვრჩეს 4 000, ან სულაც 500, რომელიც უკვე ახალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
რომელი მიმართულებებია პრიორიტეტული ფუნდამენტური კვლევებისთვის და როგორია კონკურსის შედეგები?
წელს 106 პროექტი დაფინანსდა. 22 პროექტისთვის ფონდმა დამატებით მოიძია თანხა და ამისთვის საჭირო გახდა 1 თვე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამატებითი თანხების ალოკაციითა და შიდა რესურსების გადანაწილებით, შევძელით საუკეთესო პროექტების დაფინანსება სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონურსის დაფინანსებაზე გამოიყო 13 982 223 ლარი - შარშანდელ კონკურსთან შედარებით 3 034 668 ლარით მეტი.
არა მხოლოდ ფუნდამენტური კვლევებისთვის, არამედ ყველა საკონკურსო პროგრამებისთვის აქამდე პრიორიტეტული იყო 10 სამეცნიერო მიმართულება, რომლის თანახმადაც ტარდებოდა კონკურსები. წელს ფუნდამენტური კვლევების კონკურსის შედეგად მიმართულებების მიხედვით გრანტები გადანაწილდა შემდეგნაირად: ქართველოლოგიის მეცნიერებები -17, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები - 15, საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები - 11, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები - 4, მათემატიკური მეცნიერებები - 8, ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები - 15, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 9, სამედიცინო მეცნიერებები - 5, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 11, აგრარული მეცნიერებები - 11. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფონდის რესტრუქტურიზაციის შედეგად, საგრანტო პროექტები 2015 წლიდან ფინანსდება EUღOშთAთ -ისა და OშჩD-ის კლასიფიკაციის შესაბამისად, რასაც ემატება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ეს სამეცნიერო მიმართულებებია: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები;
თუ გაქვთ მონაცემები, ზოგადად მეცნიერების რომელ დარგებში წარმოჩინდება საქართველო?
„ელსევიერს“ მიერ მოწოდებული სტატისტიკის შედეგად, მათემატიკაში, თეორიულ ფიზიკაში, მედიცინაში, ჩვენ არაფერი გვიჭირს. კარგად ვართ წარმოდგენილი აგრარულ მეცნიერებებშიც, რაც ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო და ძალიან გამიხარდა. ასევე, არ გვიჭირს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, მაგრამ, სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს, ჰუმანიტარულ, სოციალურ მიმართულებებში, ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების რიგ დარგებში: ბიოლოგიაში, ქიმიაში ძალიან მცირეა განაცხადები. ვიცი, ოპონენტების არგუმენტები იქნება, რომ Scopus-ი ყველაფერს ხომ არ ფარავსო? ნამდვილად არ ფარავს, მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც გვჭირდებოდა ხოლმე ექსპერტების შერჩევა, თუნდაც საკონკურსო კომისიისთვის, ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივად ვსარგებლობდით Google scholar -ის (სამეცნიერო საძიებო მონაცემთა ბაზა) საძიებო სისტემით, და უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან სავალალო შედეგებს ვაწყდებოდით - მეცნიერები ელემენტარულად არ იძებნებოდა. არის კიდევ ერთი პრობლემა, იქ სადაც ძალიან კარგად ვართ წარმოდგენილები და ვისაც მაღალი ინდექსაცია აქვს ისინი ხანში შესული ხალხია. შემდეგ თაობაში წყვეტა გვაქვს, დარგის თავიდან აწყობა ძნელი, ხარჯიანი და დროში ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა, რომ დააბრუნოს უნივერსიტეტში კვლევითი პროფესორის სტატუსი, რომელიც მიიღებს დოქტორანტების მომზადებაში მონაწილეობას ძალიან სერიოზულად წაადგება იმ საქმეს, რომ როგორმე შემცირდეს წყვეტა ასაკობრივ ჭრილში.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა თუნდაც ფუნდამენტურ კვლევით პროექტებში მწირია?
ვერ გეტყვით ზუსტად, ვინაიდან ეს სტატისტიკა ახლა არ მაქვს, მაგრამ, ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ჩვენ სრულიად სხვა მიზეზების გამო გადავათვალიერეთ საკონფერენციო გრანტები, რომელიც არის ძირითადად ორგანიზაციულად შესასრულებელი და კატასტროფული შედეგი მივიღეთ, 5 წლის მანძილზე ახალგაზრდების მონაწილეობა 13%-იც კი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ქვია მეცნიერების განვითარება, დაგეგმვა, ორგანიზება, რის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე მეცნიერება, ჩვენი ახლაგაზრდა მეცნიერები არ არიან ჩართულები. მაშინ, დგება მარტივი საკითხი, თუ მე, ახალგაზრდა, ამაში ჩართული არ ვარ, როგორ უნდა შევიძინო სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტისთვის აუცილებელი უნარები? როგორ უნდა ჩავერთო აკადემიურ ქსელში და ბევრი სხვა.
თუ გადავხედავთ სამოგზაურო გრანტებს, აღმოჩნდება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით წლევანდელ წელს, ახალგაზრდების მონაწილეობა მინიმალური იყო. ვფიქრობთ, რომ აკადემიური პერსონალისათვის მისასალმებელი უნდა იყოს ახალგაზრდებისათვის გამოცდილების, ცოდნის შეძენის მოტივაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აისახა 2015 წლის საგრანტო კონკურსში. ემპირიულმა მონაცემებმაც ცხადყო ცვლილების აუცილებლობა.
ამიტომ, წელს დაწესებული თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის გამო, რომ ყველას ჰქონოდა თანაბარი შესაძლებლობა, მივიღეთ შედეგი - 52 % - დაფინანსდა 40 წლის ზემოთ ასაკის მქონე მეცნიერები, ხოლო 48 % - 40 წლამდე მეცნიერები.
რას გულისხმობთ ახალგაზრდებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპში, შეფასების კრიტერიუმების შეცვლას?
არა, შეფასების კრიტერიუმები ყველასთვის ერთი და იგივე იყო, მაგრამ, მე თუ ვიღაცაზე 30 წლით ადრე გავჩნდი და შესაბამისად, ამ 30 წლის მანძილზე, სხვაზე მეტი პუბლიკაცია დავაგროვე და ამ პირობებში, უცხოეთის რომელიღაც ინსტიტუტი არცერთს არ გვიწვევს, მაგრამ ჩვენ მიერ გაგზავნილ ზეპირ მოხსენებებს თანაბრად იღებს, აღმოჩნდება, რომ მეც, 57 წლის ასაკშიც და ჩემს სტუდენტსაც, 27 წლის ასაკში ერთი და იგივე მონაცემები გვაქვს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ამის ნიველირებისთვის, ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს ასაკის მიხედვით ახალგაზრდას და მეტ ქულას აძლევს. შესაბამისად, წარმატებულ ახალგაზრდასა და ზრდასრულ მეცნიერს აყენებს თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.
ჩვენ 2016 წლისთვის გვინდა ფუნდამენტურ, გამოყენებით თუ სხვა კონკურსებში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გამოვაცხადოთ ცალკე კონკურსი, იმისათვის რომ მათ ხელი შევუწყოთ საკუთარი კვლევების განვითარებაში. ამ შემთხვევაში ახალგაზრდად ჩაითვლება მეცნიერი არა ასაკის მიხედვით, არამედ ბოლო 7 წლის განმავლობაში დაცული სადოქტორო ხარისხის მიხედვით.
რას ურჩევდით, თქვენ, როგორც ფონდის გენერალური დირექტორი მეცნიერებს?
მეცნიერების განვითარება დღეს საქართველოსთვის გულისხმობს საერთაშორისო აკადემიურ ქსელში მაქსიმალურად ინტეგრირებას, კოლაბორაციული პროექტების განხორციელებას, კვლევების ხარისხის უზრუნველყოფას, ყველა მიმართულებით სტანდარტების აწევას და ახალგაზრდა მეცნიერების უკან დაბრუნებას კვლევით (და სასწავლო) საქმიანობაში.
ვინმე შემეკითხება 2015 წელს რა მიმაჩნია ფონდის საქმიანობაში ყველაზე დიდ მიღწევად დავასახელებ რამდენიმეს: „ელსევიერის“ ბაზაში განთავსდება ორი ქართული ჟურნალი; ფუნდამენტურ კვლევებში წელს დაფინანსდა 106 პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამსახურებაა - დამატებითი ხარჯების გამოყოფით, გაზრდილმა ბიუჯეტმა შეადგინა 13 982 223 ლარი; 2016 წლიდან ცალკე იქნება პროგრამული დაფინანსება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებისთვის, რომელსაც პროგრამული ბიუჯეტის 10 %, მოხმარდება. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ვალდებულები ვართ პირველ ეტაპზე კვოტის დაწესებით თუნდაც გავაძლიეროთ და გარეთ გავიტანოთ საქართველოს შესახებ არსებული მეცნიერული კვლევები. დაიგეგმა ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისთვის მთელი პაკეტის შექმნა, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით კოლაბორაციული პროექტების ფარგლებში ახალი ტიპის გრანტების დაფინანსებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მიიღეს დოქტორის ხარისხი და გაიარეს პოსტდოქტორანტურა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, ასევე, ჩართულები არიან დიდ პროექტებში შესაძლებლობა მიეცემათ დაბრუნდნენ და ინტეგრირდნენ სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში, ისე რომ შეინარჩუნონ ეს კოლაბორაცია. ეს არის ის რაც ჩვენ წელს გავაკეთეთ.