გოგა ხაინდრავა: მარგველაშვილი ბევრად უკეთესი რექტორი იყო, ვიდრე პრეზიდენტია

გოგა ხაინდრავა: მარგველაშვილი ბევრად უკეთესი რექტორი იყო, ვიდრე პრეზიდენტია

იმის მიუხედავად, რომ ლამის მთელი საქართველო ერთ აზრზეა, პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს. გიორგი მარგველაშვილმა უკვე მერამდენედ თქვა, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ათონელის რეზიდენციაში, არც ის აინტერესებს, რომ იქ ყველაფერი მისი გემოვნებით მოეწყო და ეს 28 მილიონი დაჯდა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ავლაბარში დარჩენა სურს. ამ თემაზე რეჟისორი გოგა ხაინდრავა გვესაუბრება.

-ბატონო გოგა, გიორგი მარგველაშვილს კარგად იცნობთ და თქვენი აზრით, რა შეიცვალა ისეთი, რამაც პრეზიდენტის ასეთი გაჯიუტება გამოიწვია?

-არაფერი არ შეცვლილა, ათონელის რეზიდენცია ისევ ათონელზეა, ავლაბრის რეზიდენცია - ავლაბარში. შეიცვალა მხოლოდ პრეზიდენტი. ვერ გეტყვით, რა მოხდა მასში, რატომ არის ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ფაქტია - მარგველაშვილი სხვაგვარად ფიქრობს და აზროვნებს. არადა, როცა არჩევნებამდე რეზიდენციაზე ვსაუბრობდით, ის ღიად ამბობდა, რომ იქ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა სურდა. სხვათა შორის, მე სხვა მოსაზრება მქონდა. მე მინდოდა, იქ მისულ ადამიანს საქართველო ენახა, ყოფილიყო ბიბლიოთეკა, ეთნოგრაფიული კუთხე და ა.შ.

-როგორც ჩანს, სხვა ხიბლი აქვს ავლაბრის რეზიდენციას...

-ეს რეზიდენცია პირდაპირ იყო წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმის, ბოროტების და სისხლიანი ხელების სიმბოლო. თუ მარგველაშვილს სურს, რომ ამ სიმბოლოს სიმბოლოდ იქცეს, მაშინ დარჩეს რეზიდენციაში, თუმცა მგონია, რომ უკვე იქცა კიდეც. თავის დროზე ის ამ რეჟიმის დაუძინებელი მტერი იყო და ახლა იმავე რეჟიმის სიმბოლოდ ქცევა რამდენად აწყობს, ვერ გეტყვით.

-სხვათა შორის, ბოლო დროს ნაციონალური მოძრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები ერთმანეთს ბევრი მიმართულებით ემთხვევა...

-ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა დავიჯერო, რომ გიორგი მათ რამეს უთანხმებს. არადა, ფაქტია, რომ ხშირად თითქოს ერთნაირად ფიქრობენ. ისე, იმ გუნდმა (არ მაქვს საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც მარგველაშვილის პრეზიდენტობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა), რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტად დასვა, მასთან ურთიერთობა პრაქტიკულად გაწყვიტა და გაწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებაში” ბევრი არაპროფესიონალია. ახლა გამოჩნდა ის, რაც მე არჩევნებამდეც მეგონა - მარგველაშვილი ბევრად უკეთესი რექტორი იყო, ვიდრე პრეზიდენტია და ის რომ რექტორად დარჩენილიყო, მერწმუნეთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვისაც და თავად მარგველაშვილისთვისაც.

-სხვათა შორის, ათონელზე გადასვლაზე უარი უშიშროების საბჭომაც თქვა...

-იმის გათვალისწინებით, ვინ ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს, ეს გადაწყვეტილება არ მიკვირს.

ბათო ჯაფარიძე