„რუსთავი2“ - ის წილის დასაბრუნებლად, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომაპნიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. ხალვაშის სარჩელი „რუსთავის 2“-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა. როგორც ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება „რუსთავის 2“- ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს. სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს, აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი.
რატომ მოითხოვა ბიზნესმენა ტელეკომპანიის წილების დაყადაღება და ვინ არიან მოპასუხეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას ესაუბრა.
ბატონო პაატა, რატომ გადაწყვიტეთ მიგემართათ სასამართლოსთვის და არა პროკურატურისთვის?
- მეშვიდე წელია, რაც ქიბარ ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ამაოდ ითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს პროკურატურისგან. ბიზნესმენის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა მოსალოდნელი და გასაგები იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუმცა 2012 წლის არჩევნებიდან 3 წლის თავზე გაუგებარია ახალი ხელისუფლების უმოქმედობა.
უკვე აშკარა გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ასრულებს მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით.
სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას „რუსთავის 2“- ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც „რუსთავი 2“-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ ჩანს.
საკამოდ დიდი ხანი ველოდეთ პროკურატურას, რომ მიეღო გადაწყვეტილებები და გამოეძიებინა ეს საქმეები.
რაკი პროკურატურის მხრიდან უმოქედობა გაგრძელდა, გადავყვიტეთ მიგვემართა სამოქალაქო სასამართლოსათვის „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებით.
ეს არ ეხება კომპანიის ფუნქციონირებას. აქ საუბარია ყოფილ და დღევანდელ პარტნიორებს შორის დავაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიის დღევანდელი პარტნიორები ფიქტიურად არიან რეგისტრირებული, რეალურ მესაკუთრეებს კი სხვა პირები წარმოადგენენ. კომპანიის კანონიერი მესაკუთრე არის ქიბარ ხალვაში, რომელსაც ეს წილები 2006 წლის გვიან შემოდგომაზე იძულებით ჩამოერთვა.
ანუ, ითხოვთ წილების დაბრუნებას და არანაირად არ ეხებით ტელევიზიის ფუნქციონირებას და საქმიანობას?
-რა თქმა უნდა. დავა არის კომპანიის გარეთ, ვინ იქნება კომპანიის მესაკუთრე. რა ხდება ამ ეტაპზე კომპანიის შიგნით, ამაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. კომპანია ჩვეულებივად გააგრძელებს მუშაობას. თუ შეიცვლება მისი მესაკუთრე, ქიბარ ხალვაში უზრუნველყოფს, რომ ეს იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, როგორც ეს იყო 2004-2006 წლებში, სანამ მის საკუთრებაში იყო ეს ტელევიზია.
ყველას კარგად ახსოვს რატომაც დაიწყო შეტევა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ - ის აშუქებდა სიმართლეს, პრიორიტეტს ანიჭებდა იმ მოვლენებს, რაც საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი და არა იმას, რაც აწყობდა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ მოხდა ქიბარ ხალვაშისთვის ტელევიზიის ჩამორთმევა.
აშკარად უნდოდათ სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რის საშუალებასაც მათ არ აძლევდა ქიბარ ხალვაში. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ თუ ჩვენ ამ წილებს დავიბრუნებთ, მომავალშიც ასე იქნება. არანაირი შეფერხება არ ექნებათ ჟურნალისტებს. ისინი დამოუკიდებელი იქნებიან ყველასგან და მათ შორის მეპარტონისგან.
ვინ არის მოპასუხე, ვისთან იწყებს სასამართლო დავას ქიბარ ხალვაში?
-ქიბარ ხალავში დავას იწყებს დღევანდელი მესაკუთრეების წინააღმდეგ. ესენი არიან - ძმები ყარამანიშვილები, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ტელეკომპანია „საქართველო“. გადა ამისა, დღევანდელი მდგომარებით კომპანიის 9%-იანი წილი ეკუთვნის ყოფილი მფლობელის, გიორგი გეგეშიძის მეუღლეს, სწორედ ესენი არიან მოპასუხედ დასახელებული.
რაც მთავარია, 2006 წელს რამდენიმე კომპანიის წილების გადაფორმება მოხდა, ნაწილი ბეჟუაშვილზე გადაფორმდა, ნაწილი - იმდროინდელი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად პირებსა და მათ წარმომადგენლებზე.
არაერთხელ მიმართა პროკურატურას ხალვაშმა კუთვნილი ქონების დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე პროკურატურის მხრიდან ამაზე არ იყო რეაგირება. გაქვთ ინფორმააცია, რატომ არ დაიწყო გამოძიება საგამოძიებო ორგანომ?
-ამაზე ალბათ კომენტარი თავად პროკურატურამ უნდა გააკეთოს, რატომ არ არის რეაგირება „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით; მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით რაღაცა აქტივობაა შეინიშნებოდა, ტელევიზიასთან მიმართებაში არანაირი აქტიურობა არ ყოფილა.
რითი ხსნით იმას, რომ სწორედ „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნების საკითხი არ იყო საგამოძიებო ორგანოს ინტერესის საგანი?
-ვერ გეტყვით, არ ვიცი. არ მაქვს ამასთან დაკავშირებით პასუხი. შეიძლება არ იყო ინტერესი. როდესაც კონკრეტული დაზარალებული პირი მოითხოვს მისი უფლების აღდგენას, პროკურატურა ვალდებულია გადადგას სამართლებლივი ნაბიჯები. არავინ არ ითხოვს პროკურატურისგან აუცილებლად შედეგის დადგომას, ჩვენ ამ შემთხვევაში მოქმედებას ვითხოვთ, რომელსაც ადგილი არ აქვს.
რაკი არ ხდება არაფერი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა უკვე სასამართლოსთვის. სარჩელო სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა. სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება „რუსთავის 2“-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს. წილების დაყადაღება საშუალებას მოგვცემს, აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი. ამიტომ მოვითხოვეთ წილების გაყიდვის აკრძალვა.
ანუ ითხოვთ წილების დაყადაღება?
-დიახ, ჩვენ მოვითხოვეთ წილების დაყადაღება, თუმცა, ჯერ არ ვიცით შედეგი, სასამართლო გვაცნობებს ამის თაობაზე. წილის დაყადაღება ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მესაკუთრე ამ წილს ვერ გაყიდის და ვერც გირავნობით ვერ დატვირთავს. ჩვენ არ ვითხოვთ ტელეკომპანიის ქონების იმგვარად დაყადაღებას, რომ ამან რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს მის საქმიანობას, ეს მიზანი არ გვაქვს და ასეთი მოთხოვნა სასამართლოში არ წარგვიდგენია.
დავა ბიზნეს სუბიექტებს შორისაა - რამდენად სწორად აქვს მესაკუთრეს აღნიშნული წილი საკუთრებაში. ჩვენ ვამბობთ, რომ არასწორად აქვთ, იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გავედით კომპანიიდან.
რა შანსი არსებობს იმისა, რომ სასამართლოს გზით შეძლებთ „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას?
-შანსი, რომ არ იყოს, სასამართლოს არ მივმართავდით. როგორც იურისტი ვთვლი, რომ არსებობს ფაქტები, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს მხოლოდ მოსამართლემ იცის, როდესაც გადაწყვეტილების გამოსატანად გადის. წინასწარ ვერ გავაკეთებ პროგნოზს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.