„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები

„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები

ტრაგედიის მიზეზები

 

საუკუნის განმავლობაში გამოითქვა ლაინერის ჩაძირვის რამდენიმე ვერსია: ადამიანური ფაქტორის გავლენა, „ტიტანიკის” სუსტი მზადყოფნა ავარიულ სიტუაციებში, დაზიანება გერმანელების მიერ გაშვებული ტორპედოთი და, ასევე, „ფარაონების წყევლა” (გემის ტრიუმით ძველი ეგვიპტური მუმია გადაჰქონდათ), სულ ბოლო ვერსიით კი, გემის ჩაძირვის მთავარ დამნაშავედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დასახელდა. ინგლისელმა ჟურნალისტმა, კრიმინალურმა რეპორტიორმა რობერტ სტრენჯმა, თავის წიგნში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ნაციონალურ არქივში მოძიებული ცნობების თანახმად, „ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზად უინსტონ ჩერჩილის გულგრილობა დაასახელა. ავტორის თქმით, ჩერჩილი, ხომალდის პროექტირებისა და აგების დროს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო უშუალოდ გემის ჩაძირვის პერიოდში – საადმირალოს პირველი ლორდი იყო და სწორედ მას ეხებოდა გემის საექსპლუატაციო უსაფრთხოების შემოწმება. „საქმეზე ფიქრის ნაცვლად, ჩერჩილი მთელ დროს თავის პოლიტიკურ ამბიციებსა და მომავალ მეუღლეზე, კლემენტინაზე ფიქრში ატარებდა და, მიმაჩნია, რომ მან უნდა აგოს პასუხი ატლანტის ოკეანის გაყინულ წყალში ათას ხუთასი ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების დაღუპვაზე” – ამბობს რობერტ სტრენჯი, რომელიც, ტრაგედიის კიდევ ერთ „გმირად” „ტიტანიკის” ოპერატორი კომპანია „უაით სთარ ლაინის” მფლობელს, ამერიკელ ფინანსისტსა და ბანკირს, ჯონ პირპონტ მორგანსაც ასახელებს.

უცნობი ფაქტები

„ტიტანიკის” პირველ რეისში მონაწილეობის მიღებას რამდენიმე მდიდარი ადამიანი გეგმავდა, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. მათ შორის იყვნენ: „ტიტანიკის” მფლობელი, ზემოთ ნახსენები ჯონ პირპონტ მორგანი, რომელმაც ბოლო მომენტში თავი შეუძლოდ იგრძნო და გემიდან ჩამოვიდა; ვერფის „ჰარლანდ ენდ ვოლფის” პრეზიდენტი (კომპანიის, რომელმაც ააგო „ტიტანიკი”), ლორდ პირი; გემზე ასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მგზავრობა გადაიფიქრა, ასევე, სამრეწველო და ფინანსურმა მაგნატმა, მილიონერმა ალფრედ ვანდერბილდტმა მეუღლესთან ერთად.

1912 წლის 10 აპრილს, საუთჰემპტონის პორტიდან გასვლისთანავე, „ტიტანიკი” სასწაულებრივად გადაურჩა შეჯახებას თბომავალ „ნიუ-იორკთან”.

„ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზებზე მომუშავე ბრიტანულმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერზე მართლა იყო ბინოკლების დეფიციტი, კერძოდ საუბარია ეგრეთ წოდებულ „ყვავის ბუდეზე”, საზღვაო ჟარგონით სამეთვალყურეო ანძაზე, საიდანაც მეზღვაურს თვალყური უნდა ედევნა კურსისთვის – ბინოკლი იქ არავის არ ჰქონდა.

„ტიტანიკზე” მხოლოდ პირველი სამი ორთქლის მილი იყო მუშა მდგომარეობაში, მეოთხე მხოლოდ გამწოვი ვენტილაციის ფუნქციას ასრულებდა. არსებობს მოსაზრება, რომ მეოთხე მილი გემისთვის უფრო მეფური იერის მისაცემად დამონტაჟდა.

„ტიტანიკზე” არ იყო საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები – მათი რაოდენობა გათვლილი იყო 1 178 ადამიანზე, მაშინ, როცა გემზე 2 200 მგზავრი იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ნავების რაოდენობა 1 178 ადამიანზე იყო გათვლილი, გადარჩა მხოლოდ 705 იღბლიანი. ნავებზე ადგილების გადანაწილება არაპროპორციულად ხდებოდა, ზოგიერთი ნავი გადავსებული ტოვებდა „ტიტანიკს”, ხოლო ზოგ მათგანში სულაც რამდენიმე ადამიანი იჯდა.

1985 წლამდე არსებობდა მოსაზრება, რომ „ტიტანიკი” ჩაძირვის მომენტში ორ ნაწილად არ გამსკდარა, თუმცა, რობერტ ბალარდის ექსპედიციის შემდეგ, რომელმაც „ტიტანიკი” აღმოაჩინა ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ცნობილი გახდა, რომ ხომალდი მართლაც გაიპო შუაზე. ეს მომენტი გენიალურად აქვს ნაჩვენები ჯეიმს კამერონს თავის ფილმში „ტიტანიკი”.

„ტიტანიკის” ბორტზე არ ჰქონდათ წითელი ფერის სასიგნალო მაშხალები და სწორედ ამ ფაქტის გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი: ახლოს მყოფმა გემებმა საგანგაშოდ არ ჩათვალეს თეთრი ფერის რაკეტები, რომლებსაც „ტიტანიკიდან” უშვებდნენ ჩაძირვის დროს.

„ტიტანიკი” არ „მოინათლა” ძველი საზღვაო წესით, ანუ, მის კორპუსზე არ გატეხეს შამპანურის ბოთლი. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ „უაით სთარ ლაინს” საკუთარი ტრადიცია ჰქონდა – ხომალდებს არ „აკურთხებდა”.

„ტიტანიკი” ეგრეთ წოდებულ „შავ აისბერგს” დაეჯახა, რომელიც ახალი ამოტრიალებული იყო წყალში. მისი შემჩნევა ღამით თითქმის შეუძლებელია, რადგან ის მუქი ფერისაა და ზოგადად, ასეთი აისბერგები იშვიათი მოვლენაა ოკეანეში, თუმცა, „ტიტანიკს” აქაც „გაუმართლა”.