სტალინის ფენომენი ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ ასპექტებთან ერთად იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი მოღვაწეობისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივის განსაზღვრაში ერთ-ერთ წონად ფაქტორს წარმოადგენს, მითუმეტეს, როცა ამჟამად რუსული საზოგადოების უმრავლესობა სტალინს მიიჩნევს რუსეთის უდიდეს ისტორიულ პოლიტიკურ მოღვაწედ, რომელსაც უკავშირებს საბჭოთა კავშირისა და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილის, რუსეთის სახელმწიფოებრივ სიძლიერესა და წარმატებებს.
ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის მიმართ დადებითი შეფასებები მისი სიკვდილის შემდგომ საბჭოთა კავშირის ჯერ დეგრადაციისა, შემდგომ სრულიად დაშლისა და ამავე დროს, მისი მთავარი მემკვიდრის, რუსეთის სახელმწიფოებრიობის დასუსტების ფონზე რუს ხალხში უფრო და უფრო იზრდება. ხატოვნად რომ ვთქვათ, სტალინი რუსებისთვის იგივე გახდა, რაც ქართველებისთვის დავით აღმაშენებელია.
იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რეალურად სტალინის მმართველობის ქვეშ 30 წლის მანძილზე იმყოფებოდა საქართველო, ანუ ეს დრო ჩვენი ისტორიის ნაწილიც არის, ხოლო ისტორიას პირუთვნელი შეფასება სჭირდება და არა კონიუნქტურული პოლიტიკური მოსაზრებით მთელი ისტორიული ეპოქის გინება და აუგად ხსენება.
ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, სტალინის უარგუმენტოდ ახირებული კრიტიკა და შეურაცხყოფა, რომელსაც იდეოლოგიური დემაგოგია უდევს საფუძვლად, ემსახურება მხოლოდ რუსებსა და ქართველებს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას, რასაც კატასტროფული შედეგები მოაქვს საქართველოსთვის.
ასეთივე კატეგორიას მიეკუთვნება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება და მისი გაიგივება ლამის ნაცისტურ გერმანიასთან, როცა აღნიშნულ ომს რუსეთი წმინდათა წმინდა დიდ სამამულო ომს უწოდებს, მაგრამ ამ საკითხზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
ვინც აგდებულად, ნაკლებმნიშვნელოვნად აფასებს ამგვარ თემას, მათ შევახსენებთ, რომ ისტორიული მოვლენებისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების გამო, მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სომხების 1915 წლის გენოციდის საკითხი, სულ ახლახანს თურქეთსა და რუსეთს შორის იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ თურქეთს რუსეთიდან საკუთარი ელჩის გამოწვევაც სურდა, რაც სახელმწიფოებს შორის მკვეთრი დაძაბულობის უმაღლესი გამოვლინელებაა.
რუსეთი კი ყველა ასპექტში თურქეთისთვის ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის და ახლა წარმოიდგინეთ, რა დამოკიდებულება ექნება რუს ხალხსა და მის ხელმძღვანელობას იმ პატარა და სუსტი სახელმწიფოს მიმართ, რომლის პოლიტიკური ელიტა შეურაცხყოფს მათ აღიარებულ დიდ ისტორიულ პოლიტიკურ მოღვაწეს სტალინის სახით, რუსებისთვის წმინდათა წმინდა დიდი სამამულო ომის ხსოვნას ფეხქვეშ თელავს, ხოლო მის მომგებ საბჭოთა კავშირს ნაცისტურ გერმანიასთან ათანაბრებს.
მოცემული წერილის მიზანია სტალინის მოღვაწეობის იმ ეპიზოდების მოკლე ანალიზი, რომელიც ქართული, და არა მარტო ქართული, საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესოდ და სადავოდ არის მიჩნეული, რაც, იმედია, ამ უდავოდ დიდი ისტორიული პიროვნების შეფასებისას ბევრად უფრო სიმართლის შემცველი დასკვნების გაკეთების ხელშემწყობი გახდება.
კონკრეტულად მინდა ვისაუბრო სტალინის მიმართ იმ ბრალდებების შესახებ, რის გამოც ლიბერალისტურად მოაზროვნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას ტირანად, ჯალათად და ათობით მილიონი ადამიანის რეპრესიების ორგანიზატორად მოიხსენიებს, ამის გამო სტალინის ყველა დამსახურებას აკნინებს და სრულიად უარყოფით პოლიტიკურ მოღვაწედ აფასებს.
სხვათა შორის, ამგვარი მაქსიმალისტური კრიტერიუმებით რომ აფასებდნენ სხვა ხალხები თავიანთ ისტორიულ გმირებს, მაშინ ფრანგებს რობესპიერი და ნაპოლეონი ერთმნიშვნელოვნად კაციჭამიებად უნდა ჰყავდეთ გამოცხადებული, რადგან პირველმა სამასი ათასამდე ფრანგს რევოლუციის სახელით გილიოტინაზე მოკვეთა თავი, ხოლო ნაპოლეონმა საფრანგეთში ახლად ჩასახულ დემოკრატიას ყელი გამოჭრა და ლამის მთელი მსოფლიოს დაპყრობის სურვილით მილიონი ფრანგი მიწაში ჩააწვინა, მაგრამ ფრანგები საკუთარი ისტორიიდან ამ პიროვნებების ეპოქების ამოჭრას კი არ ცდილობენ, არამედ მათ მოღვაწეობას სათანადო პატივს მიაგებენ.
ანალოგიურად, აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმენი ორ იაპონურ ქალაქზე ატომური ბომბების ჩამოყრით ასი ათასობით მშვიდობიანი იაპონელის გაწყვეტის გამო, შეიძლება ითქვას, რომ საკაცობრიო დანაშაულის ჩამდენია, მითუმეტეს, ახალი გამოკვლევებით დასტურდება, რომ ამ ქალაქების გადაბუგვას სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა და ეს საშინელება უფრო საბჭოთა კავშირის დაშინების მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჰუმანიზმისა და დემოკრატიის იდეებზე აღზრდილი ამერიკელთა უმეტესობა ტრუმენსა და მის გენერლებს ამერიკის დიდ პატრიოტ ისტორიულ მოღვაწეებად მიიჩნევენ.
არც ბრიტანეთისა და ამერიკის სამხედრო ავიაციის მიერ 1945 წლის 13-15 თებერვლის დრეზდენის მასირებული დაბომბვა, რომელსაც თავისი ისტორიული ძეგლებით ფლორენციას ელბაზე უწოდებდნენ, იყო სამხედრო აუცილებლობა, რომელსაც ერთ ღამეში სამოქალაქო მოსახლეობაში ათი ათასობით მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ რუზველტისა და ჩერჩილის ეს ამაზრზენი ქმედება დასავლურ საზოგადოებაში სამხედრო დანაშაულად არ შეფასებულა.
ბრალდებათა შორის უმთავრესია სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა სახელმწიფოს მიერ გატარებული რეპრესიები, რომელსაც, მართალია, არა მრავალ ათეულ მილიონიანი მსხვერპლი მოჰყვა, რასაც ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს ლიბერალისტური დემაგოგიური მანქანა, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ამას ადასტურებს არქივების მიხედვით დადგენილი სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთაგან ყველაზე სანდოდ შეიძლება ჩავთვალოთ გარდაცვლილ სტალინთან დაუღლელი მეომრის ე.წ. სიმინდის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის მოთხოვნით საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, შსს-ა და ისუტიციის მინისტრების 1954 წლის 1 თებერვლის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 1922 წლიდან 1953 წლის ჩათვლით პოლიტიკური მოტივებით სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა გამოუტანეს 642 ათას ადამიანს, ბანაკებსა და ციხეებში სასჯელის მოხდა დააკისრეს 2 369 ათას პატიმარს, ხოლო 765 ათასი გადაასახლეს. იხილეთ: http://stalinism.narod.ru/vieux/repress.htm და http://kiev-grad.com/b/litvinenko_podlinnaya_istoriya_sssr/2
მაგრამ რეპრესიების დიდი მასშტაბები სწორედ 1937- 38 წლებს მიეკუთვნება და ამაზე ღაღადებს ეს სასტიკი ციფრებიც -1937 წელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს 353 074 ადამიანს, ხოლო 1938 წელს 328 618-ს. მართალია, როგორც არქივებიდან ირკვევა, გარკვეულ რაოდენობას შემდგომში აღნიშნული სასჯელი შეუცვალეს, მაგრამ არსებულ სტატისტიკას და საქმის არსს ეს ძირეულად მაინც ვერ ცვლის.
მაინც რა მოხდა ისეთი 1937-38 წლებში, რამაც გამოიწვია, საერთო ჯამში, სხვა წლებთან შედარებით რეპრესირებულთა მასშტაბური ზრდა? ამ საკითხზე საინტერესო, კომპეტენტური და არგუმენტირებული პასუხი გააჩნია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს იური ჟუკოვს, რომელიც ათობით წლის მანძილზე სწავლობდა სტალინის ეპოქის საიდუმლოებებს და ავტორია წიგნისა ”Иной Сталин. Политические реформы в СССР в 1933-1937 гг” წყარო: http://www.litmir.info/br/?b=93055&p=1
იური ჟუკოვი საარქივო დოკუმენტების საფუძველზე განიხილავს ბოლშევიკურ კომუნისტური მმართველობაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ხელისუფლებისათვის ბრძოლის მწვავე პერიპეტიებს და მასში სტალინის მომხრეთა პოლიტიკურ სტრატეგიასთან იმ პერიოდისთვის ბევრად უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული ტროცკის კლანის ჭიდილს აღწერს.
მათი ბრძოლის მთავარი მოტივი იყო სტალინის მიერ წამოყენებულ იდეასთან დაპირისპირება, რომლის მთავარი არსს წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ სახელმწიფოში სოციალისტური წყობის მშენებლობა და ამ მიზნით ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის განვითარება, რათა მსოფლიოს კაპიტალისტურ სისტემასთან სამხედრო დაპირისპირებას, რასაც სტალინი, მაქსიმუმი, 10 წელიწადში ვარაუდობდა. ამის შესახებ სტალინი წინასწარმეტყველურად ამბობდა: “მოწინავე ქვეყნებს ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩით. ეს მანძილი 10 წელიწადში უნდა გავირბინოთ. ან გავაკათებთ ამას, ან ჩვენ დაგვამსხვრევენო“.
ტროცკისტები კი ამგვარ იდეას მსოფლიო რევოლუციის ღალატად მიიჩნევდნენ და ბოლშევიკური სახელმწიფოს მთავარ ამოცანად დანარჩენ მსოფლიოში დაუყოვნებლივ ე.წ. პერმანენტული რევოლუციების, მისი ექსპორტის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. მსოფლიოში კომუნისტური ჰეგემონიზმის დამკვიდრების რესურსი ჰქონდა თუ არა მსოფლიო და სამოქალაქო ომით გაპარტახებულ ტექნოლოგიურად ისედაც ჩამორჩენილ რუსეთს, ამაზე პასუხი ტროცკისტებს არ გააჩნდათ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ანალოგიური რევოლუციური პათოსით 1920 წელს პოლონეთში შეჭრილმა რუსეთის წითელმა არმიამ ტუხაჩევსკის მეთაურობით მწარე დამარცხება განიცადა და ასი ათასობით ჯარისკაცი დაკარგა.
ამავე დროს, საბჭოეთის ინდუსტრიალიზაციის მშენებლობისთვის საჭირო იყო დიდი ფინანსები, ხოლო დასავლური კორპორაციები მანქანა-დანადგარების გაყიდვისას ოქროსა და გადახდის სხვა საშუალებებებზე უარს ამბობდნენ და რატომღაც მოითხოვდნენ მხოლოდ ხორბლით ნატურალურ ანგარიშსწორებას.
ხორბალი კი საბჭოთა კავშირში მხოლოდ საშუალო და წვრილი გლეხური მეურნეობების ხელში იყო, ხოლო ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასებით მის დათმობას არ აპირებდნენ. სტალინი მძიმე დილემის წინაშე დადგა, ხორბლის გარეშე ინდუსტრიალიზაციის გეგმა ვერ განხორციელდებოდა, რაც, საერთოდ, საბჭოთა სახელმწიფოს არსებობას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო ხორბლის ძალადობით გლეხობისთვის წართმევაც თავისი უკანონობით ახალი სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი გახდებოდა.
ამიტომ მოფიქრებული იქნა იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება - ქვეყნის სოფლის მეურნეობის სრული კოლექტივიზაცია-კოოპერაცია, რომელიც გარეგნულად ვითომ ნებაყოფლობით საწყისებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ რეალურად შეძლებული გლეხობის კულაკებად, რევოლუციის კლასობრივ მტრებად გამოცხადების ნიადაგზე მიმდინარეობდა.
გლეხური წვრილი და საშუალო მეურნეობების ნაცვლად შეიქმნა საბჭოთა კოლმეურნეობები და მეურნეობები, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურიც იყო მექანიზებული სასოფლო წარმოების განვითარებისათვის და ამავე დროს ხორბლის მოსავალი და მასზე ფასების განსაზღვრა სახელმწიფოს პრეროგატივად იქცა.
სამაგიეროდ საბჭოთა ინდუსტრია მანქანა-დანადგარებს სისტემატურად აწვდიდა სასოფლო კოლექტიურ მეურნეობებს. 1941 წლამდე 10 წელიწადში სოფელს 700 ათასი ტრაქტორი მიაწოდეს, რაც მსოფლიოს ტრაქტორების წარმოების 40% იყო. ხოლო მიღებული ხორბლის ექსპორტის ხარჯზე კიდევ უფრო იზრდებოდა მრეწველობის აღმავლობის ტემპები.
თუმცა, უკანასკნელი გამოკვლევებით ირკვევა, რომ ხორბლის ექსპორტით შემოსული ვალუტა მხოლოდ რამდენიმე ასეული ქარხნის მოწყობილობის იმპორტით შემოტანას ეყოფოდა, ხოლო არასრულ სამ ხუთწლედში, 1941 წელს ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირში 9 ათასზე მეტი მოქმედი ქარხანა-ფაბრიკა აშენდა. სამრეწველო წარმოება გაიზარდა სამნახევარჯერ, ყოველწლიურად მისი 16%-იანი მატება იყო, მანქანათმშენებლობის მოწყობილობის ზრდამ კი ყოველწლიური 27% შეადგინა, რაც იყო მანამდე მსოფლიოში არნახული სარეკორდო მონაცემები და ამის შედეგად სსრკ სამრეწველო პროდუქციის წარმოების რაოდენობით ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ამავე დროს, თუ მეფის რუსეთში წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის რაოდენობა 80%-ს აღწევდა, ის, საერთოდ, ლიკვიდირებული იქნა.
ამგვარი არნახული მიღწევების საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუცნობად ითვლება ეკონომიკის მკვლევარებისათვის და სასწაულების კატეგორიაში გადის. ამის შესახებ კომპეტენტურად საუბრობს ცნობილი რუსი ეკონომისტი ვალენტინ კატასონოვი. იხილეთ ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=2RIL3YBitl0.
შევადაროთ ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდის ტემპები და უფრო კარგად გავიცნობიერებთ სტალინის ხელმძღვანელობით თუ რა გრანდიოზული მასშტაბის ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.
დიახ, ეს პროექტი საწყის ეტაპზე ძირითადად სოფლის კოლექტივიზაციის ხარჯზე შესრულდა, რომელმაც მილიონობით კერძო სასოფლო მეურნეობა მოსპო და ბევრი მათგანისთვის ეს იყო ტრაგედია, მაგრამ აქ სტალინის საქმიანობის შეფასება მხოლოდ ჰუმანურობის ან სამართლებრივ ჭრილში და ამის საფუძველზე მისთვის საკაცობრიო დანაშაულის ბრალდების წაყენება არსებული გარემოებების გათვალისწინების, ანუ აღნიშნული ქმედების მოტივაციის შეფასების გარეშე, ტენდეციური და არასწორი იქნება.
სტალინი, თუ მის მოღვაწეობას სამართლიანად განვსჯით, იყო უდიდესი პრაგმატული, მაკიაველური, ანუ შედეგზე ორიენტირებული მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკოსი, რაც ზოგიერთს მორალურად მიუღებლად მიაჩნია, მაგრამ, თუ ამავე დროს გამოვალთ მაშინდელი ეპოქის რეალიებიდან, როცა მსოფლიო კოლონიური და ფაშისტური იმპერიების დროებაში ცხოვრობდა და მათ საბჭოთა სახელმწიფოს, როგორც მისი იდეოლოგიური მტრის განადგურება უპირველეს ამოცანად ჰქონდათ დასახული, მაშინ სტალინის მოქმედების ახსნა და გაგება შესაძლებელია, რომლის ისტორიული მისია იყო სოციალისტური ფორმაციის მქონე სახელმწიფოს გადარჩენა და საბოლოო ჯამში სოციალიზმის როგორც კაცობრიობის უკეთესი მომავლის, რაც მას შინაგანად სწამდა, მსოფლიოში გავრცელება.
(გაგრძელება იქნება)