ქველმოქმედი ალექსანდრე ჩივაძე

ქველმოქმედი ალექსანდრე ჩივაძე

იყო დრო, როდესაც საქართველოში ფეხბურთი მართლაც რომ უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.

საქართველოში ფეხბურთი  რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.

დღევანდელ წერილში ორ საინტერესო ისტორიას გავიხსენებ.თავდაპირველად სიტყვას არჩილ არველაძეს მივცემ, რომელიც „არასაფეხბურთო“ ამბავს მოიგონებს.

„ის პერიოდია, საშა ჩივაძე რომ გვავარჯიშებს... გარდა იმისა, რომ ის ამ უკვდავი სპორტის გენიალური სპეციალისტია, ადამიანურადაც დიდი ჰუმანისტია. არ არსებობს, მან ფეხბურთელების ჭირი და ლხინი არ გაიზიაროს. არ ყოფილა მომენტი, საშას ვინმე გასაჭირში მიეტოვებინა. ასეა დღესაც და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ქართული ფეხბურთის სასახელოდ.

ახლა კი მორიგ ამბავს მოგახსენებთ, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის და საჭიროდ ჩავთვალე – უნდა იცოდეს... ერთი ტექნიკური თანამშრომელი გვყავდა – მიტუშა (პირობითად). ბებია გარდაეცვალა რაიონში. ძალიან კარგი და ყურადღებიანი თანამშრომელი იყო ბატონი მიტუშა და მისი გამზრდელი ბებიის გარდაცვალების ამბავი, რა თქმა უნდა, ყველამ გულთან მიიტანა. 100-100 ლარი უყოყმანოდ ჩავრიცხეთ მიტუშას ბებიის გასვენების ფონდში. ჩივაძემ, როგორც უფროსმა – 200 ლარი შეაწია.

შეუდგა საქმეს გასვენების შემდეგ ჩვენი მიტუშა. ყველას დიდი მადლობა ჩამოგვირიგა და წავიდა ყველაფერი თავისი გზით.

რუსების ნათქვამია: „ბედა ადნა ნე პრიხოდიტ!“

ორ თვეში დედა არ გარდაეცვალა ამ უბედურებით გაჩენილ და ღვთისგან დაწყევლილ მიტუშას?

რა თქმა უნდა, ჩვენმა კოლექტივმა მიიტანა გასაჭირი გულთან. გასვენებაშიც ჩავაკითხეთ რაიონში და ფულიც შევუგროვეთ: ჩვენ – 100-100 და საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და „მამა-მარჩენალმა“, ისევ 200 ლარი შეაწია დამწუხრებულ ოჯახს.

– თქვენს ოჯახში არასდროს მენახოს მსგავსი ამბავი, – იცრემლებოდა საწყალი მიტუშა და  მადლიერების ნიშნად გულამოსკვნილი გვეხვეოდა.

მორჩა ეს ამბავიც...

ერთი ანეკდოტის არ იყოს... არ დაიჯერებთ ახლა და ზუსტად ორ თვეში, მამაც არ მოუკვდა იმ უბედურ დღეზე გაჩენილ მიტუშას?!

ისევ დამგლოვიარდა ძლივს გამხიარულებული ჩვენი საფეხბურთო სამყარო.

– უი, უი, რა უბედური ბედის კაცი ყოფილა ეს საწყალი! – თქვა ერთმა.

– აბა, კაცო, აბა! – რავა მაგიზა მეიცალა ყველა სიკვდილმა!

სხვა რა გზა იყო და ისევ დავდეთ 100-100 ლარი. საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და როგორც ყოველთვის, თვალის დაუხამხამებლად შეაწია ისევ – 200 ლარი.

ძვირფასო მკითხველო, ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, არასდროს არავისი დანაკლისი განგეცადოთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რასაც ახლა წაიკითხავთ...

ერთ თვეში მიტუშას შინაბერა უმცროსი დაც გამოეცალა ხელიდან.

– რას იზამ... სიკვდილი არავის უნდა... ხდება... ხდება! – თქვა საშამ და კიდევ შევაქუჩეთ 100-100 ლარი, საშამ – 200...

თვალზე ცრემლშეუშრობელ მიტუშას თვითონ გადასცა საშამ კონვერტში ჩადებული, აკრეფილი ფული და არცთუ ისე არასერიოზულად უთხრა:

– აი, შენ, ჩემო მიტუშა, ეს ფული, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო და დაიმახსოვრე კარგად...

– მთხოვეთ, ბატონო საშა, მთხოვეთ, რაც გნებავთ! – წყლად წავიდა მიტუშა.

– რამდენი დედმამიშვილი დარჩით ახლა თქვენ?

– ექვსი, ექვსი... ბატონო საშა, – ამოისლუკუნა მიტუშამ.

– ჰო და, ჩემო მიტუშა... ძალიან გთხოვთ, მთელი ჩვენი კოლექტივი... გაუფრთხილდით ერთმანეთს, რა!“

ჩვენი მეორე რესპონდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ბატონი დავით კვინიკაძე იქნება.

„ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა!.. შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა: ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, რომ, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში ორ-სამ ბურთს აუცილებლად გავიტანო. მაინც, რა „ისეთი“ ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, ბურთს კი თვითონვე დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ. ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.

ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია – ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთზე თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – მიყოლებით ბურთზე ორჯერ შეხება აკრძალულიაო. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო:

– ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ. მოდი, ასე მოიქეცი: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.

მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან“.