„ყველა მსჯავრდებულის უფლებები არის უზრუნველყოფილი და არავის შემოძახილი არ მჭირდება“

„ყველა მსჯავრდებულის უფლებები არის უზრუნველყოფილი და არავის შემოძახილი არ მჭირდება“

„ყველა მსჯავრდებულის და ბრალდებულის უფლებები საპატიმრო ადგილებში არის უზრუნველყოფილი. არავის შემოძახილი არ მჭირდება. აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა და უზრუნველვყო მათი უფლებები. არავის შენიშვნა მე ნამდვილად არ მჭირდება. თუ ვინმე იცავს მათ უფლებებს, პირველ რიგში ეს ვარ მე“, - ასე უპასუხა გიორგი მღებრიშვილმა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდ პირობებში იმყოფება, რატომაც მოსამართლე სამინისტროს მოუწოდებს, რომ ბრალდებულ ფირცხალავას მიაქციონ ყურადღება.

თავის მხრივ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილ სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების უსაფრთხოება და სათანადო პირობები უზრუნველყონ. მოსამართლის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბრალდებულების - ლევან ბეროძის, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიერ გაკეთებული განცხადებები. ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ იგი არა ე.წ. მატროსოვის ციხეში, არამედ გლდანის N8-ე დაწესებულებაში განათავსეს, სადაც მას იქ მოთავსებულმა პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მიმიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც ადვოკატთან შესახვედრად უნდა გამოვსულიყავი. გამოვიარე ეზოში რამდენიმე კორპუსი. ატყდა ერთი ამბავი. ათასამდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები და ყველა კეთილის მსურველი. ხმა არ გამიცია, უკანა გზაზეც იგივე მოხდა.

წუხელ კი ღამის 4 საათზე გამაღვიძეს, სასამართლოში უნდა წავიდეთო. საათი გეშლებათ-თქო, ვუთხარი. ჩაალაგე ნივთები, არ გვეშლებაო. ისევ იმ ავადსახსენებელ ოთახში ველოდებოდი ბადრაგს. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 დღე არ მიჭამია, არ მძინებია, მაინც მოვედი. მინდა გთხოვოთ თქვენ, ჩაერთოთ ამ სიტუაციაში. თუკი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადამიყვანენ, მომდევნო პროცესიდან, ორშაბათიდან სასამართლო სხდომებს აღარ დავესწრები და ადვოკატზეც უარს ვიტყვი“, - აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

დღესვე ბრალდებული ფირცხალავა გლდანის N8-ე დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ფირცხალავას ერთი დღით გლდანის N8-ე დაწესებულებაში გადაყვანა მისივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა. თუმცა, მინისტრი არ აკონკრეტებს, რა საფრთხე ემუქრებოდა ფირცხალავას მატროსოვის ციხეში. თუ რა მოტივით მოხდა ბრალდებულის მატროსივიდან გლდანის ციხეზე ეტაპირება, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, არც ადვოკატს. for.ge-სთან საუბრისას დავით ხაჟალია ამბობს, რომ პატიმრის გადაყვანის სამართლებრივი უფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს. შესაბამისად, ამაში ადვოკატი კანონდარღვევას ვერ ხედავს.

რატომ მოხდა ერთი ბრალდებულის ეტაპირება და განხორციელდა თუ არა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბრალდებულის ადვოკატს, დავით ხაჟალიას ესაუბრა.

სასაჯელაღსრულების ექსკლუზიური უფლებაა პატიმრის ეტაპირება და ამას არ ათანხმებს დაცვასთან, მით უფრო პატიმართან, მიუხედავად თავისი სტატუსისა. თქვენი ინფორმაცით, რატომ გახდა ბალდებულის ერთი დღით გადაყვანა აუცილებელი?

- თუ რატომ მოხდა მისი გადაყვანა, მართლა ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. სამართლებრივად ამის უფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს. როგორც ასეთი, ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ. თვითონ ირაკლი ფირცხალავა ამას განიხილავს როგორც ზეწოლის ერთ-ერთ ფორმას. ჩვენც მიგვაჩნია, რომ თუ ის დარჩებოდა გლდანის საპყრობილეში, ბუნებრივია, ეს განხილული იქნებოდა როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისი გლდანში დარჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ფიზიკური ზემოქმედებაც განხორციელებულიყო. გლდანის ციხეში ძალიან ბევრი პატიმარია და შეუძლებელია გააკონტროლო ყველა პატიმარი.

სამინისტრო ამბობს, რომ ფირცხალავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა გლდანის ციხეზე ეტაპირება, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი მას საფრხე ემუქრებოდა მატროსოვზე, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს, ამ შემთხვევაში გლდანის ციხე უსაფრთხო იყო, სადაც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირები იხდიან?

- რა თქმა უნდა, მატროსოვის ციხეში უფრო უსაფრთხოდ არის პატიმარი, იქ უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტია. იქ მხოლოდ თანამდებობის პირები იმყოფებიან და ის საპყრობილე საერთოდ გამიჯნულია სხვა კატეგორიის პატიმრებისაგან. ბუნებრივია, რომ გლდანში მისი უსაფრთხოების სტანდარტი ვერ იქნებოდა იმდენად მაღალი, რამდენად ეს არის მატროსოვზე.

ირაკლი ფირცხალავას გლდანში გადაყვანას მღელვარება მოჰყვებოდა სხვა პატიმართა მხრიდან და ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მისი სამსახურეობრივი ამოცანა იყო კრიმინალთან ბრძოლა. პატიმრების მხრიდან იყო შეძახილები, იყო დედისა და ნათესავების მისამართით გინება, იყო ხმაური, შეძახილები. ბუნებრივია, რომ თუ ფირცხალავა დარჩებოდა გლდანის საპყრობილეში, ეს სიტუაცია შეიძლებოდა კიდევ უფრო დამძიმებულიყო დროთა განმავლობაში.

რაც შეეხება პირობებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბრალდებული მოათავსეს სარდაფში, სადაც მოძრაობდნენ ვირთხები, რეალურად მართლაც ასეთ პირობებში იყო მოთავსებული?

- ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ ეს იყო ცალკე საკანი, რომელიც მდებარებოდა სარდაფში და ამ საკანში იყო ტარაკნები. მან აღნიშნა, რომ იქ იყო ღამის 2 საათამდე, ანუ მანამ, სანამ დაიძინა ციხემ, რომ შემდეგ მომხდარიყო მისი გადაყვანა საკანში, რათა მისი კორპუსზე დაბრუნებას არ გამოეწვია ისევ ვნებათაღელვა პატიმრების მხრიდან, ასე ახსნა ეს ყველაფრი ირაკლიმ.

გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა...

- ჩვენ ვერ ვიტყვით ამას. ამის შესახებ რამე კონკრეტული ინფორმაცია მე არ მაქვს. თუ რის გამო მოხდა მისი გადაყვანა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ამ ვარაუდის დონეზეც დავრჩებით. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მისი დატოვება არ მოხდა და აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება ვერსიებზე საუბარი. საზოგადოების თითოეული წევრი, ვისაც აინტერესებს ამ საქმის შედეგი, უნდა დაელოდოს სასამართლო განხილვას, დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს იყო ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, რადგან ირაკლი ფირცხალავამ გაიგო, როგორ აიძულებდნენ სპეცრაზმელებს მიეცათ ჩვენება მათ წინააღმდეგ. შეიძლება სპეცრაზმელების ჩვენებასთან იყოს კავშირში მისი გლდანში გადაყვანა?

- შეიძლება სამართლებრივად არანაირ კავშირში არ იყოს, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინაიდან ფირცხალავამ მოისმინა სპეცრაზემელების საკანში თუ საკანს გარეთ ეს განცხადება.

ბატონო დავით, ბრალდებულმა მართლა მოისმინა როგორ არიგებდა პროკურატურა ბრალდებულ სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რა შინაარსის ჩვენება უნდა მიეცათ? და, თუკი ეს ასეა, ამის იურიდიული მტკიცებულება არსებობს?

- არ ვიცით, აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ ვარაუდია. თუ ასეთი რაღაცა ნამდვილად მოხდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმიტომ გადაიყვანეს გლდანში, რომ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი მატროსოვზე და ამის შემსწრე არ ყოფილიყო ფირცხალავა, თუმცა ეს ვარაუდია. ამის იურიდული მტკიცებულება არ არსებობს. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ სპეცრაზმელების ჩვენებები ორი წვეთი წყალივითი ჰგავს ერთმანეთს, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ ინსტრუქტაჟი მიიღეს და რაღაცა პოზიცია ჩამოაყალიბეს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ჩვენებები საიმედო არ არის. გარდა ამისა, ისინი ვერ ადასტურებენ საკონტროლო გასროლას, ვერ ხსნიან რატომ გაიცა ცეცხლის გახსნის ბრძანება, ან თუ გაიცა საერთოდ. არაფერი იციან მოტივის შესახებ. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ჩვენებები ბრალდების მხარეს ვერ გამოადგება.

ალბათ, რთულია წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება სასამართლოს განაჩენი, თუმცა, სპეცრაზემელების გარდა, არიან სხვა მოწმეები, რომლებიც ფირცხალავას და ცააძეს დანაშაულზე საუბრობენ.

- ამაზე საუბრობს ორი მოწმე, მაგრამ მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ფაქტობრივ გარემოებებთან, თვით ამ სპეცრაზმელების ჩვენებებთანაც კი. სანდოობის თვალსაზრისით, ამ ჩვენებების შეფასება იურისტების საქმეა, შემდეგ უკვე, სასამართლოზე როგორ გაითვალისწინებს ამას ყველაფერს. დღეის მდგომარეობით რა მტკიცებულებებიც სასამართლოზე გამოიკვლიეს, ბრალეულობის ნაწილში განაჩენი ვერ დადგება.