ზაზა აბაშიძე: „ვფიქრობ, პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

ზაზა აბაშიძე: „ვფიქრობ, პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დიდი კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდა. ხელნაწერებს მალე ახალი, ეროვნული განძისთვის შესაფერისი ისტორიული შენობაც ექნებათ, რაც ათეული წლები გადაუჭრელი პრობლემა იყო. უმნიშვნოლავანესია ისიც, რომ ცენტრის თანამშრომლებს ხელფასები 150-300%-ით გაეზარდათ. კიდევ რა შეიცვალა ზაზა აბაშიძის დანიშვნის შემდეგ და რა პროექტების განხორციელება იგეგმება, აღნიშნულზე თავად ზაზა აბაშიძე საუბრობს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დიდი კორნელი კეკელიძის სახელი უბრუნდება. რას უკავშირდება ეს მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება?

მეცნიერებმა ერთ-ერთ შეკრებაზე გამოთქვეს სურვილი, რომ ცენტრს თავისი სახელი დაუბრნდეს, რადგან თავის დროზე, ამ სახელის ჩამოშორება გაუგებრობის გამო მოხდა. იმ პერიოდისთვის გადაწყდა, რომ ცენტრები არავის სახელობის არ უნდა ყოფილიყო და სახელწოდებებიდან კორნელი კეკელიძის სახელი სწორედ ამიტომ გაქრა. ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორ მარიკა დიდებულიძის დიდი მცდელობით, სახელი შეუნარჩუნდა ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიისა და  ბერიტაშვილის სახლეობის ცენტრებს. მხოლოდ კორნელი კეკელიძე რჩებოდა. შესაბამისად, მივწერეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ მეცნიერ-თანამშრომლებს კვლავ სურდათ ამ სახელის აღდგენა. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილება მოვიდა, რომ ცენტრს ოფიციალურად აღუდგა კორნელი კეკელიძის სახელი, რომელიც თავის დროზე ილია აბულიძის ინიციატივით ეწოდა.

ბატონო ზაზა, თქვენი დანიშვნა აჟიოტაჟის ფონზე მოხდა თუმცა, ცენტრში მუშაობა მეტად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, როგორ მუშაობთ კოლექტივთან? საზოგადოებისთვის ეს ალბათ, ძალიან საინტერესოა.

არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ჩემთან თანამშრომლობა და ურთიერთობის დალაგება ვინმეს გაუჭირდეს.  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 475 თანამშრომელი მყავდა და პირველი დღეებიდანვე ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიეთობა მქონდა, გავიცანი თითქმის მთელი კოლექტივი. მე არ ვარ რთული საურთიერთობო, მაგრამ დირექციის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლაც  არ არის ლამაზი. ჭორებს აყოლილი ადამიანი არ ვარ და ჯერჯერობით რეაქცია არ მაქვს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ცენტრში არის მცირე დაჯგუფება, რომელსაც სურს დისონანსი შეიტანოს ცენტრის მუშაობაში, რაც არ გამოუვათ. 

ცენტრში მოსვლის პირველივე დღეს სიმშვიდე დამხვდა. არავითარი დაპირისპირება თანამშრომლებთან არ მქონდა და არც მათ ჰქონიათ პრეტენზია ჩემს პიროვნებასთან. მათი პროტესტის მიზეზი სხვა რამ იყო. თანამშრომლები მოითხოვდნენ დიერქტორი სამეცნიერო საბჭოს აერჩია, მაგრამ 2011 წლის დებულებით, დირექტორს საბჭო არ ირჩევდა. დაპირისპირება მათსა და მაკონტროლებელ ორგანოსთან ამან გამოიწვია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ დღეს ცვლილება შევიდა „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში“ - სამეცნიერო დაწესებულების დირექტორს 5 წლის ვადით სამეცნიერო დაწესებულების სამცნიერო საბჭო ირჩევს. პრაქტიკულად, მივიდნენ იმ კანონამდე, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები ითხოვდნენ.

მე პირადად, ასეთი ცვლილების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ჩვენს ცენტრთან მიმართებაში. ბერიტაშვილისა და ბაქტერიოფაგიის ცენტრებში, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტებში  კი, ბატონო, აირჩიონ დიერქტორი, მაგრამ ჩვენ  უბრალოდ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი არ ვართ. ბატონ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მივწერ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თავის თავში აერთიანებს როგორც სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის საცავი, რომელიც მილიონობით ღირებულების საგანძურს ინახავს. ესაა ეროვნული მემკვიდრეობის, უძვირფასესი ძეგლების დაცვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ესაა მილიონობით ლარის სახელმწიფო ქონება და მისი დირექტორი, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ქონების მცველი, კოლექტივის მიერ არ უნდა იყოს არჩეული. მისი დირექტორი უნდა ინიშნებოდეს სახელმწიფოს მიერ,  პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ან მინისტრის მიერ, რადგან მას სახელმწიფოებრივ საქმეს ანდობენ და არა უბრალოდ სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელობას. საცავის მთავარი მცველი, საქართველოში ალბათ ადამიანთა იმ ხუთეულში შედის, რომელთაც ყველაზე დიდი განძი აქვთ მინდობილი. აქედან, დაწესებულების დირექტორი, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს არჩეული. ეს არის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობის ბოლომდე გაუცნობიერებლობა და ამ ჩემს მოსაზრებას გავაცნობ მინისტრსაც, პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და თუ საჭირო იქნება, პარლამენტსაც გავუგზავნი შესაბამის წერილს.       

რა შეიცვალა თქვენი დანიშვნის შემდეგ? აცხადებთ, რომ პირველ რიგში  თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს დააყენებდით...

უკვე გვაქვს დამტკიცებული საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, რიგ თანამშრომლებს ხელფასი 300%-ითაც კი მოემატა. ფინანსისტები ითვლიან, რომ მატება საშუალოდ 150%-ია, მაგრამ მაგალითად, მთავარ სპეციალისტს, რომელსაც ხელფასი 240 ლარი ჰქონდა, 850 გაუხდა. ჩვეულებრივი სპეციალისტის ყველაზე დაბალი ხელფასი 650 ლარს შეადგენს ანუ, ხელფასმა საკმაოდ მოიმატა.

გამომდინარე იქიდან, რომ მატება  რამდენიმე დღის წინ მოხდა, ივლისის თვეში თანამშრომლები მხოლოდ რამდნეიმე დღის მომატებულ ხელფასს აიღებენ, მაგრამ აგვისტოში უკვე სრულს მიიღებენ. ხელფასის მატებას ჩემს თავზე ვერ მივიწერ. ეს პრემეირის დავალებაც იყო და მანამდეც, სამინისტროს ჰქონდა ამის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. უბრალოდ, ეს ჩემს პერიოდში მოხდა. ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის.  მე არასდროს მივცემ თავს უფლებას სხვისი დამსახურება მივიწერო.

თქვენს დანიშვნამდე ცენტრი სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა. რა ახალ პროექტებზე მუშაობთ? რა გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ?

პროექტები, რაც ცენტრში ხორციელდებოდა, ყველა მათგანი გაგრძელდება და  ბევრი ახალი იდეებიც დაემატება. ახლა, მკვდარი სეზონია, გარდა ამისა,  მოვალეობის შესრულებას რეალურად, ივნისში შევუდექი და ამ ეტაპზე საორგანიზაციო, სახელფასო და სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე ვმუშაობთ. ცენტრს ექნება არა მხოლოდ კვლევითი დაწესებულების, რაც უმნიშვნელოვანესია, არამედ საგანმანათლებლო და სამუზეუმო-საექსპოზიციო ფუნქციაც.  

ინტენსიური საუბარი მიმდინარეობდა შენობის შეცვლაზე, ადგილი შეირჩა?

სხვა ქვეყანაში არ მიცხოვრია, აქ ვცხოვრობდი, კარგად ვიცნობდი აქაურ თანამშრომლებს და ისიც კარგად ვიცი, რომ მინიმუმ 30 წელზე მეტია საუბარი მიდიოდა ცენტრის სხვა შენობაში გადასვლაზე და სათანადო პირობების შექმნაზე პირველ რიგში ხელნაწერებისთვის. ამაზე ზრუნავდა ბატონი ზაზა ალექსიძე, ქალბატონი ელო მეტრეველი. იყო კიდეც გადაწყვეტილება მიღებული, რომ ინსტიტუტს გადასცემოდა მეტად მყარი, ყოველმხრივ საუკეთესო ყოფილი „იმელის“ შენობა. ეს იყო ჯერ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება, შემდეგ ზურაბ ჟვანიასი, მაგრამ განხორციელება ვერ მოხერხდა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ეს შენობა გაეყიდა და გაყიდა კიდეც, სადაც ახლა სასტუმროს აშენებენ. ამის შემდგ, ამ საკითხზე ზრუნვა არ შეწყვეტილა არც ბატონი ზაზა ალექსიძის და ბატონი ბუბა კუდავას დროს. როგორც ვიცი ბატონ ბუბას ახლის მშენებლობაზე ჰქონდა აქცენტი. ამიტომ, გამიკვირდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით განაცხადა, რომ ძველი შენობის რეკონსტრუქციაც შესაძლებელია. მე არ ვიცი რა იგულისხმება რეკონსტრუქციაში, მაგრამ ადგილი იმისათვისაც აღარ გვაქვს, რომ თანამშრომლები ნორმალურად ისხდნენ სამუშაო ოთახებში. ყველზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საცავს განვითარება სჭირდება. აუცილებელია, ყველა საცავის ფართი გაიზარდოს. გაიხედეთ, ყოველი მხრიდან კორპუსებში ვართ მოქცეული მაშინ, როდესაც აკადემიური ზონა იყო. სხვადასხვა მიმართულების - გეოლოგიის, გეო-ფიზიკის, მათემატიკის, ხელნაწეთა ინსტიტუტები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. აქ აკადემ-ქალაქის ფუნქციის მქონე ტერიტორია უნდა ყოფილიყო, მაგრამ დარჩა რამე? ყველაფერი გაყიდულია, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, პრაქტიკულად, ჩვენს ეზოში შენდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ კორპუსებში ჩვენი ყოფნა მიზანშეწონილია, ცდებიან. ვფიქრობ, აუცილებელია ახალი შენობა უკეთესი პირობებით.

მინისტრ თამარ სანიკიძის ინიციატივით, ფაქტობრივად, პირველი დღიდან დავიწყეთ შენობის ან შესაფერისი ტერიტორიის ძებნა. გვინდოდა ან მიწის ფართის, ან უკვე არსებული ისეთი ძველი ისტორიული შენობის  გამონახვა, რომელიც რეკონსტრუქციას დაექვემდებარებოდა და ჩვენს ფუნქციებს დააკმაყოფილებდა. ჩვენს მიერ მიწოდებული ნუსხა მინისტრმა პრემიერს გააცნო, შეხვედრას მეც ვესწრებოდი და ბატონმა პრემიერმა ყველაზე მეტად მისაღებ შენობად მიიჩნია და  ვფიქრობ სამართლიანად, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა. ამან ძალიან გაგვახარა. რომ გითხრათ, პირდაპირ შეიძლება გადასვლა ასე არ არის. შენობა გადაკეთებას, ჩვენი ფუნქციისთვის მორგებას საჭიროებს. მართალია შენობაში საცავი ბევრია, მაგრამ რეალურად, გამოყენებადი ჯერჯერობით ორია, ერთი საკმაოდ დიდი, სადაც შეიძლება უკვე დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, რადგან ყველაფერს თავის ნორმა აქვს-უნდა განისაზღვროს როგორი უნდა იყოს საცავი, რა მასალაა საჭირო,  ტემპერატურა და ა.შ. ამ ისტორიულ შენობას, ეზოს მხრიდან კომუნისტების დროს აგებული ერთი უშნო შენობაც აქვს მიდგმული, რომელშიც დაახლოებით 30 ოთახია. ვფიქრობ, იქ შეიძლებოდა მაგალითად, სამეცნიერო ნაწილის განთავსება, მაგრამ ამ მიდგმული შენობის გარემონტება და მისი კაპიტალური აღდგენა, ჩემი აზრით, გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე მისი დანგრევა და 2-3 სართულიანი საინტერესო არქიტექტურის მქონე პატარა, ლამაზი შენობის აშენება, სადაც  ახალი საცავებიც განთავსდება. თუმცა, ცხადია, არქიტექტორებმა უნდა თქვან საბოლოო სიტყვა.

ახალი შენობა ჯერჯერობით რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დავათვალიერე, რადგან ამ ეტაპზე იქ კრიზისებისა და  უსაფრთხოების საბჭო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ეკონომიკური საბჭო და საჯარო სამსახურის ბიუროა დროებით შესახლებული. ჩვენ შევქმნით ჯგუფს, ყველა განყოფილებიდან თითო-თითო კაცისგან, მიბრძანდებიან და ნახავენ, რადგან მათ უკეთ იციან რა ჯობს,  რომელი საცავი სად რა პირობებში განთავსდეს. თუმცა, სხვა უწყებების გადასვლამდე უხერხულია. იქ შესაძლებელია კარგი ბიბლიოთეკაც  გაკეთდეს. არის კარგი საექსპოზიციო სივრცეც და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ქალაქის ცენტრშია, ისტორიულ შენობაში.  ვფიქრობ, პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუმცა,  სერიოზული რეკონსტრუქციაა საჭირო და აუცილებლია უცხოელი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება ასეთი მნიშვნელოვანი საცავების შენების, დაგეგმვისა და აღჭურვისა.   

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაში ცენტრს ბევრი მითითება მიეცაასწორებთ ხარვეზებს?

გადაცდმობები, რომ აღარ განმეორდეს, დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე მუშაობა მიმდინარეობს. ვფქირობ, ეს ბოროტი განზრახვით არ მომხდარა.  ალბათ, უფრო არცოდნის გამო ხდებოდა და უკვე მის გამოწორებაზე ვმუშაობთ. პარალელურად, ცენტრში მუშაობს საგადასახაო  ინსპექციაც, რომელიც მთელ საფინანსო დოკუმენტაციას სწავლობს. როგორც დირექტორმა, უნდა ვიცოდე, რას და როგორ ვიბარებ. საგადასახადო ინსპექცია ამ დღეებში დაასრულებს მუშაობს და გაირკვევა  ფინანსური თვალსაზრისით, კიდევ რამე დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი.