„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საჩუქარი - სტიქიისგან ავტომობილის უფასო დაზღვევა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საჩუქარი - სტიქიისგან ავტომობილის უფასო დაზღვევა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. ამ ინიციატივის შესახებ „ჯიპიაის“ ხელმძღვანელობამ სიმბოლურ ადგილას, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაუზღვეველი ავტომფლობელებისთვის სახელმწიფოს მიერ ჯერ კიდევ აუნაზღაურებელია.

საქართველოში, სადაც მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 5-6%-ია დაზღვეული და 95% დაუზღვეველია, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შეთავაზება საინტერესო უნდა იყოს. 2015 წლის 3 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა ავტომფლობელს შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროგრამაში და მიიღოს სტიქიური რისკების დაზღვევის პოლისი საჩუქრად. დაზღვევის გაფორმება მარტივია. ამისთვის საჭიროა „ჯიპიაის“ სერვისცენტრში მისვლა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და მანქანის ტექნიკური საბუთთან ერთად, ამის შემდეგ რამდენიმე წუთში გაფორმდება პოლისი და სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრება ავტომობილის საბაზრო ღირებულებით.

პროგრამა მოქმედებს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მთელ საქართველოში და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა შეეხება შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს. გაგრძელდება თუ არა ამ პოლისის მოქმედება მომავალ წელსაც, ამას კომპანია წლის ბოლოს შეაჯამებს და გაარკვევს, რამდენად პოპულარული იქნება ამ სერვისით სარგებლობა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სტიქიისგან უფასო ავტოდაზვევა სადაზღვევო კომპანიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანიც საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარებაა. მით უფრო, როცა 13 ივნისის წყალდიდობამ ნათლად დაგვანახა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა.

ქართული გამოცდილებისგან განსხვავებით, განვთარებულ ქვეყნებში დაზღვევების ანაზღაურების წილი 70-80%-ს აღწევს. კერძოდ, 2012 წელს მსოფლიოში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალი შეფასებულია 170 მილიარდ აშშ დოლარად, საიდანაც 70 მილიარდი დოლარი დაზღვევით ანაზღაურდა.

„ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სადაზღვევო მექანიზმები, ისე, როგორც ეს დანერგილია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. ასევე, დავინახეთ, რომ ზარალის კომპენსაციის ტვირთი, ფაქტობრივად, სრულად დააწვა სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელს. სადაზღვევო ინდუსტრია განვითარებული ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური სისტემების საყრდენია. დადგა სწორედ ეს ეტაპი, როცა დიდი ყურადღებით უნდა შევხედოთ მოსალოდნელ რისკებს და ხელთ გვქონდეს ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დაზღვევა ფინანსური დანაკარგის აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა“, - ასეთია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შეთავაზება.

ირაკლი დვალი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ რისკების მართვის დირექტორი, აცხადებს, რომ მათი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მქონეა. ამდენად, მათი მიზანია, ხალხში გააძლიერონ დაზღვევის აღქმა. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გამოსცადოს, როგორ იმუშავებს სადაზღვევო სისტემა, რითაც დაზღვევის პროცედურის სიმარტივის პოპულარიზაცია მოხდება, რადგან ბევრი ადამიანისთვის დაზღვევა კვლავაც ბუნდოვანებასთან ასოცირდება.

„ასეთი პროდუქტი სადაზღვევო ბაზარზე ჯერ არ არის. ჩვენი ახალი შეთავაზებით სარგებლობისას ავტომფლობელებს არაფრის გადახდა არ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, იყიდონ სხვა სადაზღვევო პროდუქტებიც და არა მარტო ავტოდაზღვევასთან დაკავშირებული რისკები დააზღვიონ, არამედ სხვა რისკებიც -სახლის დაზღვევა იქნება თუ სხვა რამ. სტიქიის უფასო დაზღვევით ჩვენ პრეცედენტს ვქმნით ათასობით ადამიანის ფინანსური თავდაცვისთვის მსგავსი მოვლენების დროს. ეს გათვლილია ყველა მსურველზე, მთავარია, მათ ჰყავდეთ ავტომობილი, არ აქვს მნიშვნელობა, მათ აქვთ თუ არა დაზღვევა. თუ აქვთ დაზღვევა, როგორც წესი, მათთვის შეიძლება ეს წინადადება ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ ვისაც არ აქვს დაზღვევა, უნდა ჩაერთოს დაზღვევის პროგრამაში. ამ სტიქიის დროს დაზიანდა დაზღვეული მანქანები, რომელთა ზიანიც სადაზღვევო კომპანიებმა და, მათ შორის, ჩვენმა კომპანიამაც უმოკლეს ვადაში სრულად აანაზღაურა, ამას სულ რამდენიმე დღე დასჭირდა, მაგრამ არის ბევრი ავტომფლობელი, რომელთაც არ ჰქონდათ დაზღვევა და მათი ზიანის ანაზღაურება მუდმივად დღის წესრიგშია. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში დაზღვევა, როგორც რისკის მართვის, ფინანსური თავდაცვის მექანიზმი ძალზე პოპულარულია, ბევრ სახელმწიფოში დაზღვევა სავალდებულოცაა, სახელმწიფო ახალისებს დაზღვევას“, -აღნიშნა ირაკლი დვალმა.

For.ge-ს შეკითხვაზე, მოხდება თუ არა დაზღვევის სხვა სახეობების ინიცირებაც, ირაკლი დვალმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს იტყვის, მაგრამ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინიციატივაა, სახელმწიფოსთან ერთად შეიმუშაოს მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული სახლების დაზღვევის მარტივი და ხელმისაწვდომი პროგრამა, რომელიც ეფექტური გზა იქნება სტიქიის დროს ხალხის თავდაცვისთვის. ეს აქტუალურია ჩვენთან, რადგან საქართველო მიწისძვრის ზონაა და სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა პატარა მიწისძვრა, რამაც შეარყია კახეთის რაიონი. ამიტომ მომავალში სტიქიის დროს ხალხის სხვა ქონებაც დაცული უნდა იყოს.

„ჩვენ დათვლილი გვაქვს ხარჯები, ჩვენ ვართ ძალიან მსხვილი ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია, ჩვენი დამფუძნებელია ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფი, მათი კაპიტალი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ შეფასებულია, როგორც უმაღლესი კატეგორია - „ა“. ეს ნიშნავს, რომ მათი ფინანსური რესურსი მყარი, სტაბილური და დიდია, მათი გამოცდილება ას წელზე მეტს ითვლის. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ ამ რისკების გადაზღვევას ამ კომპანიაში. აქედან გამომდინარე, მასიური მოვლენების დროს ჩვენი გადამზღვეველები, ჩვენი პარტნიორები ჩაერთვებიან ამ ზიანის ანაზღაურებაში და სრულად შევძლებთ თუნდაც დიდ ზიანთან გამკლავებას“.

ზოგადად, მანქანის ღირებულებიდან გამომდინარე, ავტოდაზღვევის პროდუქტის ფასი 3-დან 5%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ აქ შედის მაღალი კატეგორიის რისკი, როგორიცაა ავარია, რაც ავტომფლობელის ძირითადი რისკია.