„ჩემი აზრით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებით საქართველო უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთი“

„ჩემი აზრით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებით საქართველო უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთი“

„რუსეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველო დასავლეთის თვალში წარმოაჩინოს, როგორც საფრთხეებით დახუნძნული ქვეყანა. რუსეთმა ძალიან კარგად იცის დასავლეთის განწყობა, რომ მათთვის მიუღებელია ახალი პრობლემებით დახუძნული ქვეყნის ალიანსში იმპორტირება, ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველდღიურად მძიმე სურათი შეიქმნას საქართველოში“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალა ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, დასავლეთი და თავად ნატო, არ აპირებს რუსეთთან კონფრონტაციის ახალი ფრონტის გახსნას.

მიიღებს თუ არა ქვეყანა ვარშავის სამიტზე MAP-ს და რა კავშირი აქვს MAP-ის მინიჭებას აბაშიძე-კარასინის ფორმატთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-ში მიაჩნიათ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, საქართველოსთვის MAP-ის მიღების საკითხი გართულდება. ბატონო ზაალ, რა პირდაპირი კავშირი აქვს ამ ფორმატს MAP-ის მინიჭების საკითხთან?

- დასავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველომ გაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის ბოლო ხაზი, ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის სარისკო იქნება, გაზრდის საქართველოს წინაშე საფრთხეებს, დაძაბულობას შეიტანს ორმხრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, რუსეთის რეაქცია საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე შესაძლოა უფრო მძაფრი იყოს. აი, ასეთი ვარაუდი შეიძლება დავუშვათ დავით უსუფაშვილის განცხადებიდან. სხვა მხრივ, MAP-ის მინიჭება-არმინიჭებასა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებასთან პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, როგორც ჩანს, მაინც არ უნდათ, ორმხრივი ურთიერთობის ეს მწირი არხები ბოლომდე ჩაიჭრას.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ძალიან აქტიურად ითხოვს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, თვლიან, რომ ეს არ არის შედეგზე ორიენტირებული ფორმატი. როგორ ფიქრობთ, რამდენად გადაჭარბებული იყო მოლოდინები ამ ფორმატთან დაკავშირებით?

- საჭიროა, რომ გვქონდეს სწორი მოლოდინი იმისა, თუ რას ველით ამ ფორმატისგან. მოლოდინები, რაც არსებობდა ვფიქრობ, რომ მეტწილად გამართლდა და ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგები. კერძოდ, მიზნად დასახული იყო, რომ გახსნილიყო რუსეთის ბაზარი საქართველოს გარკვეული პროდუქციისათვის, გაფართოებულიყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა და, ფაქტია, რომ ეს პროცესები დაიძრა. აღსდგა სატრანპორტო მიმოსვლა და რაც მთავარია, გარკვეული კატეგორიის მოხელეებისთვის მოხდა სავიზო რეჟიმის გამარტივება. ანუ, რომ შევადაროთ იმ სიტუაციას რაც იყო ამ ფორმატის გახსნამდე და რაც ახლა გვაქვს, გარკვეული პოზიტიური შედეგები არის. თუნდაც იმ კუთხით, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის გარადუსმა დაიწია.

თუმცა, ამ ფორმატმა ნამდვილად ვერ შეუწყო ხელი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ მთავარ პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიები...

- ნამდვილად ასეა. თუმცა, ეს საკითხი არც იდგა ამ ფორმატის დღის წესრიგში. ჩემი აზრით, ამასთან რამე მოლოდინების დაკავშირება გაუმართლებელი იქნებოდა.

ფორმატი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონიმუკური ურთიერთობის აღდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ამ კუთხით შედეგი ნამდვილად არსებობს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ფორმატმა უნდა შეასრულოს ახალი ფუნქცია?

- სხვათა შორის ამაზე რუსი ექსპერტებიც საუბრობენ, რომ ამ ფორმატს უნდა მიეცეს უფრო მეტი დატვირთვა, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

კონკრეტულად?

- თუკი ამ ფორმატმა შეიძინა პოლიტიკური კომპონენტი და მას დაეკისრა პოლიტიკური საკითხების განხილვა, ამან შეიძლება ერთგვარად დააკნინოს ჟენევის პროცესი, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმონაწილეობთ. ამის რისკი არსებობს და ამან შეიძლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გვერდზე გაყენება გამოიწვიოს. რაც შეეხება არსებული ფორმატის გაუქმება-არგაუქმებას, ამისთვის საჭიროა დასხდნენ მაგიდასთან, აიღონ ხელში ქაღალდი და ჩამოწერონ ვისთვის არის სასარგებლო ფორმატის გაუქმება და ვისთვის საზიანო. ჩემი აზრით, ამ ფორმატის გაუქმებით საქართველო უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთი.

რა კუთხით დაზარალდება საქართველო?

- გაწყდება ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც არსებობს. შესაბამისად, აღარ გვექნება საშუალება ვესაუბროთ რუსეთს იმ საკითხებზე, თუნდაც იგივე საზღვრისპირა პრობლემებზე.

თუმცა, ამ ფორმატის არსებობის მიუხედავად საზღვრისპირა პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ დგას...

- გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმატის მეშვეობით ხდება საკითხის დაყენება, მათ შორის რუსეთში პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების საკითხი. ამ ფორმატის ფარგლებში, ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა ხდება, რაც ბევრი ჩვენი მოქალაქის ბედს წყვეტს. ასე რომ, ამ ფორმატის გაუქმებით რუსეთი აბსოლუტურად არაფერს არ კარგავს. საქართველომ კი, შეიძლება დაკარგოს რუსეთთან დიალოგის უკანასკნელი საშუალება, რომელიც ქვეყანას აძლევს იმის შანსს, რომ გარკვეული საკუთარი მოსაზრებები მიიტანოს რუსულ მხარესთან. ფორმატის გაუქმება ორმხრივ ურთიერთობებს ისევ აბრუნებს იმ წერტილთან, სადაც 2012 წლამდე ვიყავით. შესაბამისად, უფრო გაიზრდება დაძაბულობა, ეს რაში გადაიზრდება, ვფიქრობ, ამის პროგნოზირება რთული არ უნდა იყოს.

რუსეთთან დიალოგი არასოდეს ყოფილა იოლი. ვიდრე რუსეთი არ გადახედავს თავის სტრატეგულ გეგმებს და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არ შეიცვლება მიდგომა იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ისინი მათ ახლო საზღვარგარეთს ეძახიან, მანამდე რუსეთთან დიალოგი ყოველთვის იქნება რთული.

სრული შეუთავსებლობა არსებობს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და რუსეთის მოთხოვნას შორის, რომელიც ითვალისწინებს ამ კურსის შეცვლას. ამ საკითხს რუსეთი აყენებს, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ შეხვედრებაზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე, რომელშიაც მეც მიმიღია მონაწილეობა. ჩვენ ყოველთვის გვექნება რუსეთთან ასეთი მძიმე დაძაბული ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი იძლევა იმის მწირ საშუალებას, რომ ეს მძიმე ურთიერთობები რაღაცნაირად შევარბილოთ და არ გადაიზარდოს დესტრუქციულ მოქმედებებში.

რისი მცდელობებიც არის ბოლო დღეების განმავლობაში?

- დიახ. არ მოხდეს იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება იგივე ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც, მე ვერ გავიზიარებ იმ წრეების მოთხოვნას, რომლებიც მოითხოვენ ამ ფორმატის გაუქმებას. ეს იქნება საქართველოსთვის სარისკო და არაკონტდრპროდუქტიული. მითუმეტეს, რომ არანაირ ალტერნატივას არ გვთავაზობენ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გაუქმების ინიციატორები.

აქედან გამომდინარე, რამდენად აქვს ქვეყანას შანსი, რომ ვარშავის სამიტზე მიიღოს MAP?

- ვფიქრობ, ამის პასუხი იკითხება უსუფაშვილის განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ დასავლეთი და თავად ნატო, არ აპირებს რუსეთთან კონფრონტაციის ახალი ფრონტის გახსნას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩამოყალიბდება ვარშავის სამიტისთვის. ძალიან ბევრ საგარეო პოლიტიკურ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მიღწეული იქნება თუ არა დასავლეთსა და რუსეთს შორის რაიმე შეთანხმება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, როგორი იქნება მათი თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საერთაშორისო ტერორიზმი, ირანის ბირთვული პრობლემა, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული საფრთხეები და ა.შ. რომელშიც დასავლეთს ძალიან სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა.

ერთი წუთით შევეცადოთ ჩავჯდეთ ნატოს ტყავში და მათი გადმოსახედიდან შევხედოთ საქართველოსთან მიმართებაში არსებულ სიტუაციას, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად აწყობს ნატოს საქართველოს სახით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ნატოს გაფართოების თავალსაზრისით. MAP, ეს უკვე, ძალიან სერიოზული განაცხადია. ფაქტიურად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ერთი ნაბიჯით შედგა ფეხი ნატო-ს კარებში, რაც ვფიქრობ, ასე უმტკივნეულოდ არ ჩაივლის.

ის პროცესები, რომელიც ახლა საქართველოს საზღვრებთან ხდება, ერთგვარად უკავშირდება ვარშავას სამიტს და საქართველოს მოლოდინებს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით?

- რუსეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველო დასავლეთის თვალში წარმოაჩინოს როგორც საფრთხეებით დახუნძნული ქვეყანა. რუსეთმა ძალიან კარგად იცის დასავლეთის განწყობა, რომ მათთვის მიუღებელია ახალი პრობლემებით დახუძნული ქვეყნის ალიანსში იმპორტირება, ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველდღიურად მძიმე სურათი შეიქმნას საქართველოში, რათა ნატოში ნაკლები ენთუზიაზმი ჰქონდეთ იმისათვის, კარი გაუღონ საქართველოს.