ქალები და კაცები...

ქალები და კაცები...

საყვარელ მამაკაცთან დიდხანს და ბედნიერად რომ იცხოვრო, კარგად უნდა გაიცნო ის და, ისიც დაინახო, რა განასხვავებს მას შენგან. დიახ, ძლიერი სქესი ჩვენ არ გვგავს – ეს ფაქტია. შეიძლება, ამაში ქრომოსომების რაოდენობაა „დამნაშავე“ ან ჰორმონები... ასეა თუ ისე, ყოველგვარი მითებისა და სტერეოტიპების გარეშე...

ქალები სამჯერ უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე კაცები. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს – ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელიც საუბრისა და მოსმენის იმპულსებზეა პასუხისმგებელი, 12 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე კაცის, ანუ, რაც მეტად უხვსიტყვიანია ქალი, მით უფრო ჯანმრთელი ფსიქიკის არის ის (საუბარი არ არის პათოლოგიებზე).

შურისმაძიებელი ორივეა – ქალიც და კაციც, მაგრამ ასეთ დროს ქალს სპონტანურობა ახასიათებს – მოქმედებს ემოციისა და გულის კარნახით. კაცი ჯერ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის, ყველა მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებს, გეგმას დასახავს და მხოლოდ ამის მერე დაიწყებს შურისძიებას.

ქალი და კაცი განსხვავებულები არიან სტრესთან მიმართებაშიც: ქალს მაშინვე „ჩაერთვება“ ხოლმე ემოცია და იწყებს ტირილს, აქტიურდება და იწყებს ქმედებას; მამაკაცი ჯერ მოწევს სიგარეტს, მერე პირველივე შემხვედრზე „გამოუშვებს“ ორთქლს და, შეიძლება, ამან დეპრესიაშიც ჩააგდოს. აქტიურ ქმედებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ქალი უფრო ხშირად უდგება საკუთარ გარეგნობას კრიტიკულად, ვიდრე მამაკაცი. კაცებს საკუთარ პერსონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ.

მამაკაცს საკმაოდ მახვილი სმენა აქვს, მაგრამ, როცა რამის გაგონება არ უნდა, „არ ესმის“ – ეს მათი იმუნიტეტია ქალების ზედმეტი ლაპარაკისგან დასაცავად.