ქუთაისში მდებარე პარლამენტის გამჭვირვალე შენობაში ზამთარში წვიმის ჩასვლას ებრძვიან, ზაფხულში - მზის სხივებს. საკანონმდებლო ორგანოს პირველ სართულზე, დღის პირველ ნახევარში ტემპერატურა დაახლოებით - 37 გრადუსია, მესამე სართულზე - 47 გრადუსი, მეექვსე სართულზე კი, სადაც დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტია განთავსებული, ტემპერატურა - 62 გრადუსსაც აღწევს.
ქუთაისის 360 მილიონიან პარლამენტის შენობას ნესტიანი ამინდში ტრადიციული პრობლემა უდგას - შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც იატაკზე მცირე ზომის გუბეები დგას, ხოლო ზაფხულის ხვატში, შენობაში იმდენად ცხელა, რომ ის ყვავილებიც ხმება, რომლებიც აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშ ყვავის და იფურჩქნება.
ყვავილებისგან და მედიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურა დეპუტატებზე არ მოქმედებს, რადგან ისინი სხდომათა დარბაზში თავს ისე გრძნობენ როგორც ბაკურიანში. მაშინ, როდესაც პირველ სართულზე არსებულ ფოიეში ტემპერატურა მინიმუმ 37 გრადუსს აღწევს, კანონმდებლები სხდომათა დარბაზში 20-21 გრადუსში პიჯაკებით სხედან.
მართალია, მერვე მოწვევის უწყების „აქილევსის ქუსლად“ სეზონების მიხედვით - სიცხე და წვიმა იქცა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს. ნაციონალები ირწმუნებიან, რომ შენობის გაგრილების მიზნით, შენობაში დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემა, რომელსაც სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის რამდენიმე აგრეგატის დამატება სჭირდება, პარლამენტის ხელმძღვანელობა კი, საპირისპიროს ამტკიცებს.
სანამ პოლიტიკოსები შენობის გარშემო არსებული აუზების წყლით ავსებას გადაწყვეტენ და კონდიცირების სისტემის არსებობა-არარსებობას დაადგენენ, მანამდე, ჟურნალისტებს მაღალი ტემპერატურის პირობებში თავის გატანა მრავალჯერ ნაცადი და გამართლებული მეთოდით უწევთ - როგორც კი რომელიმე დეპუტატი სხდომათა დარბაზის კარს გააღებს, ჟურნალისტები უმალ იქ ჩნდებიად და დარბაზიდან გამოსულ გრილ ჰაერს უშვერენ შუბლს.
ტელეკომპანია „აჭარის“ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე for.ge-სთან საკანონმდებლო ორგანოში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობს და ამბობს, რომ ზოგადად, ჟურნალისტებისთვის სამუშაოდ პარლამენტის შენობის განლაგება კომფორტულია, რადგან კომიტეტების დარბაზები მესამე სართულზეა განლაგებული და მედიის წარმომადგენლებიც ერთ სივრცეში მუშაოებენ.
„სასესიო დარბაზთან დაკავშირებით, ვითარება გაცილებით უფრო რთულია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში, შეუძლებელია, ნორმალურმა ადამიანმა იქ გაძლოს, ვინაიდან ზაფხულის განმავლობაში შენობაში გაუსაძლისი სიცხეა“, - ამბობს ხარაბაძე, რომელიც კოლეგების მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოში დილის 10:00 საათზე მიდის და მინიმუმ, ღამის 22:00 საათამდე მუშაობს.
„აჭარის“ საპარლამენტო კორესპონნდენტი იმასაც გვიყვება, რომ ჟურნალისტებმა სიცხესთან ბრძოლის ერთ მეთოდს მიაგნეს.
„არ შეიძლება, რომ სასესიო დარბაზის შესასვლელთან მედიის წარმომადგენლები ვიყოთ, მაგრამ იმის გამო, რომ სუნთქვის სხვა საშუალება არ გვაქვს, იძულებული ვართ, იქ დავსხდეთ, კარები მოვხუროთ და იმას ველოდოთ, რომელი დეპუტატი გააღებს კარს, რომ ცოტა სიგრილე გამოვიდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი იქ ყოფნის გამო შესაძლოა, მანდატურებს საყვედური გამოუცხადონ, მაგრამ ისინი გვწყალობენ და იქ ყოფნის უფლებას გვაძლევენ“, - აცხადებს ხარაბაძე, რომელიც ადასტურებს, რომ შენობის კონდიციონირების მიზნით, რამდენიმე აგრეგატი არსებობს, რომელსაც დამხმარე საშუალებები სჭირდება.
ხარაბაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო მესამე წელია ქუთაისში მდებარეობს და ყოველ ზაფხულზე მაღალი ტემპერატურის პრობლემა ჩნდება, გამოსავალი კი, მარტივად საპოვნელია.
ჟურნალისტი შენობასთან დაკავშირებით, სხვა პრობლემებზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ პარლამენტის ტერიტორიის გარშემო მწვანე საფარი მოუვლელია და ამას ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ტერიტორიას ხშირად, ტურისტები სტუმრობენ.
„სასურველია, რომ ბალახი თვეში ერთხელ მაინც გაკრიჭონ. ეს არის სახლი, სადაც დეპუტატები არიან და ეს არის სივრცე, სადაც ისინი მუშაობენ. შესაბამისად, აქ ნორმალური ვითარება უნდა იყოს. რადგან, შენობაში მაღალი ტემპერეტურაა, ამის გამო უწყება თბილისში კი არ უნდა დააბრუნონ, არამედ დანადგარები უნდა ჩართონ. პრობლემები ჟურნალისტებს ექმნებათ, თორემ, დეპუტატები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ, მაგრამ რეაგირება არ ხდება“, - განაცხადა ხარაბაძემ, რომლის მსგავს პრობლემებზე აქცენტირებს ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპოდენტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
როგორც for.ge-ს ვაჩიბერაძემ განუცხადა, პარლამენტში ჟურნალისტებს დილის 10:00 სათიდან საღამოს 22:00 საათამდე მუშაობა გაუსაძლის სიცხეში უწევთ.
„შენობის პირველ სართულზე,ზოგჯერ, სიცხე 55 გრადუსს აჭარბებს, მესამე სართულზე არსებულ აივანზე კი, ზაფხულობით ვერ გადიან, რადგან ტემპერატურა დაახლოებით 60 გრადუსია.
ამ ყველაფერს დეპუტატებიც ამჩნევენ და ინტერესდებიან, ამ გაუსაძლის პირობებში როგორ ვმუშაობთ. დღის წესრიგში საკითხი არასოდეს დამდგარა, რომ არსებული ვითარება გამოასწორონ. საინტერესოა ის, სიცხეს თუ რა მეთოდით ვებრძვით. ბოლო პერიოდში, ერთი გეგმა შევიმუშავეთ. სასესიო დარბაზის შესასვლელთან ვსხდებით და დეპუტატებს ვთხოვთ, რომ კარი ღია რამდენიმე წამით მაინც დატოვონ, რათა ცივი ჰაერი გამოვიდეს. ამით ვგრილდებით და გასასვლელის კარებს ვხურავთ, რომ სიგრილე დაგროვდეს“, - ამბობს ვაჩიბერაძე და კიდევ ერთ პრობლემას იხსენებს, რომელიც ჟურნალისტებმა თავად გადაჭრეს.
„მაესტროს“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ჟურნალისტებს პირველ სართულზე დენის წყაროების დიდი პრობლემაც ჰქონდათ, რის გამოც ფული შეაგროვეს და გადამყვანები იყიდეს.
„მეორე ხელისუფლებამ მეოთხე ხელისუფლებაზე რაღაც კუთხით უნდა იზრუნოს და ელემენტარული პირობები გააუმჯობესოს“, - დასძენს ვაჩიბერაძე, რომლის პოზიციას იზიარებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ირაკლი აკობია.
for.ge-სთან საუბარში აკობია აღნიშნავს, რომ როდესაც ქუთაისში ტემპერატურა მაღალია, შენობაში ტემპერატურა ორმაგდება და ჟურნალისტები სიცხისგან თავის დაღწევას ხან მედია-ცენტრში ცდილობენ, ხან სასესიო დარბაზის შესასვლელთან, მაგრამ მედია-ცენტრი ნულ სართულზეა და ვინაიდან, პოლიტიკური ეპიცენტრი პირველ სართულზეა, იქ ყოფნა უწევთ.
„ჩვენი იქ ყოფნის გამო, შეიძლება, მანდატურებს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ისინი იქ ყოფნას არ გვიშლიან და ამით გვეხმარებიან. პარლამენტში ვენტილაციას არ რთავენ და ეს დეპუტატებთან არაერთხელ გავაჟღერეთ, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია“, - აცხადებს აკობია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კორესპოდენტი ირმა ჭოლაძე კი, კიდევ ერთ პრობლემაზე აპელირებს. როგორც for.ge-ს ჭოლაძემ განუცხადა, მედია-ცენტრში გაურკვველი წარმოშობის ადამიანები იყრიან თავს, არადა, ეს ოთახი ჟურნალისტებისთვის არის განკუთვნილი, იქ კი, ზოგჯერ ხმაურია, რაც მათ მუშაობაში ხელს უშლის.
„სხდომათა დარბაზის ფოიეში მუშაობა გვიჭირს, სადაც ჰაერი თითქმის არ არის და სიგარეტის კვამლია. იმისათვის, რომ ვისუნთქოთ, სხდომათა დარბაზის წინ ვსხდებით. როდესაც დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან გამოდის, ცივ ჰაერს მაშინ ვსუნთქავთ. კომიტეტების სართულზე კონდენცირება ჩართულია და იქ უფრო მარტივი სამუშაოა. რამდენიმე დეპუტატს ვთხოვეთ, რომ არსებული პირობები გამოასწორონ. რაც შეეხება დენის წყაროებს, ზოგჯერ, ტელეფონებს სველ წერტილებში ვმუხტავთ“, - დასძენს ჭოლაძე.
სხვათაშორის, დენის წყაროებისა და კიდევ სხვა პრობლემების საკითხით დაახლოებით ორი წლის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესდა, რომელმაც ჟურნალისტებს ფურცელზე იმის ჩამოწერა მოსთხოვა, პრობლემებს რა უქმნიდათ და უკეთესი მუშაობისთვის, რა სჭირდებოდათ. მაშინ, მედიის წარმომადგენლებმა ფურცელზე „ხუთი სურვილი“ ჩამოწერეს, სპიკერმა „მაესტროს“ ეთერში კი, „სამ სურვილზე“ ისაუბრა - მათ შორის დენის წყაროებსა და პრინტერზე, მაგრამ სურვილები ფურცელზე დაწერილი დარჩა. მართალია, ორი წლის თავზე, ჟურნალისტებმა გადამყვანები შეიძინეს, მაგრამ ისინი არც „41 სურვილის“ ჩამოწერას გეგმავენ და ვერც კონდიცირების სისტემის ყიდვას შეძლებენ.
მედიის წარმომადგენლების პრობლემების გაცნობის შემდეგ, საკითხის გარკვევას შენობის ამშენებელ და განმკარგავ პოლიტიკურ ძალებთან შევეცადეთ.
for.ge-ს ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი არწმუნებს, რომ დასამატებელია აგრეგატები, რომელიც შენობის იმ ნაწილის კონდიცირებას უზრუნველყოფს, სადაც ჟურნალისტები არიან. მისი ცნობით, თავის დროზე, მზის ასარეკლი შუშები თანხის დაზოგვის მიზნით არ გაკეთდა, თუმცა, შენობის გარშემო აუზებია განლაგებული, რომელიც ვენტილაცია-კონდეციონირებისთვის მოეწყო.
„ყველაზე რთულ ვითარებაში ჟურნალისტები არიან, რომელთაც მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ. აგრეგატების შეძენა ბევრად ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე მთავრობის წევრების პრემირება. ამასთანავე, ავადსახსენებელი EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე პარლამენტში კარები გამოცვალეს, დეპუტატები ახალ ავტომანქანებში გადასხდნენ და ეზოში ორი დიდი შენობა მოაწყვეს, რომელიც უკვე დაშალეს. ამ შენობის გაგრილება გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე თუნდაც კარების შეცვლა. თუკი სურვილი არის, პარლამენტის შენობის გაგრილება კი არა, ყველაფერი შეიძლება. შენობის პრობლემაა, რომ ის პარლამენტის ბალანსზე არ არის. ხელისუფლებას შენობა გერი შვილივით ჰყავს. შიგნით არსებული შენობის ვენტილაცია ხდება, გარე სივრცეში კი გაუსაძლისი სიცხეა“, - დასძენს მაჭავარიანი, რომლის განცხადებაზეც ერთი ფაქტი მახსენდება.
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ტელევიზიის ჩართვის ტექნიკურმა ჯგუფმა მესამე სართულიდან ბიუროს მიმართულებით კაბელები „გაჭიმა“, რომელიც კედელს შეეხო და კედელი დასვარა. აღნიშნული ფაქტი იურუდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მკაცრად გააკრიტიკა და ჟურნალისტები დატუქსა, for.ge კი, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, აპარატის ხელმძღვანელობას იმაში არწმუნებდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შესასვლელში ჭერიდან წვიმის წყლის დინება შეეჩერებინათ. ისინი კი იმის ახსნით იყვნენ დაკავებულნი, რომ „ამხელა შენობის თავზე“ იმ წერტილს ვერ იპოვნიდნენ, საიდანაც წყალი ჟონავდა. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ აპარატმა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობის თავზე „წერტილი“ იპოვა და მეც „ევრიკა“ დავიძახე.
პარლამენტის შენობაში რომ გაუსაძლისი სიცხეა და ჟურნალისტები რომ ამ პირობებში მუშაობენ, ამას for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც უდასტურებს, მაგრამ ის ინფორმაციას არ ფლობს, რომ კონდიცირების სისტემის ჩართვა არ ხდება.
„თუკი ამაზე ვინმე საუბრობს, მოვიდნენ, მიგვანიშნონ და თუკი სადმე რაიმეს გამოყენება არ ხდება, ამ საქმეში ჩავერთვები და იმის გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ სიცხეში არ დაიწვებით“, - დასძენს ტყემალაძე.
ყოფილი ჟურნალისტი, დეპუტატი ანი მიროტაძე კი, for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საკითხს პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის წინაშე დააყენებს.
„დარბაზში დეპუტატებისთვის მეტ-ნაკლებად გრილა, თუმცა, იქაც გაურკვეველი ვითარებაა - ძალიან ცივა. მხარს ვუჭერ, რომ ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობები შეიქმნას, რადგან ზაფხულობით აქ მუშაობა წარმოუდგენელია. შევეცდები, რომ ეს საკითხი პარლამენტის აპარატის უფროსთან დავაყენო, რომელსაც ამის მოგვარება ევალება“, - დასძენს მიროტაძე, რომელიც სხვა ქალბატონი დეპუტატების მსგავსად, ხშირად იმაზე საუბრობს, რომ სხდომათა დარბაზში იმდენად გრილა, კანონმდებლები ზოგჯერ ცივდებიან კიდეც.
რაც შეეხება აპარატის უფროსის განმარტებებს, for.ge-სთან საუბარში ზურაბ მარაქველიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის ღია სივრცეში არც გათბობის და არც გაგრილების სისტემა არ არსებობს, რადგან როცა შენობა აშენდა, ღია სივრცეში აღნიშნული სისტემების დამონტაჟება გათვალისწინებული არ იყო.
„თუკი რაიმე ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ მერე გაეკეთებინათ, ეს „ამირან გულში მღეროდან“ ოპერიდან არის“, - აცხადებს მარაქველიძე, რომელსაც კითხვით მივმართეთ - არის თუ არა შესაძლებელი, რომ შენობა გაგრილდეს.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის შეფასებით, ბუნებაში შესაძლებელი ყველაფერია.
„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს შესაძლოა, 40 სართულიანი კორპუსი აშენდეს და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა, ეს რა დაჯდება, რა იქნება საჭირო, ეს სხვა თემაა. ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის შენობის გაგრილებაც. ჭორებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ამ სისტემის დამონტაჟებას რამდენიმე ასეული ათასი ევრო დასჭირდება“, - ამბობს აპარატის ხელმძღვანელი.
მარაქველიძე მაჭავარიანის შეფასებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ყველა დეპუტატის აზრი მნიშვნელოვანია, ის უმრავლესობის წევრი იქნება თუ ოპოზიციის, თუმცა: „იმ დეპუტატებს კითხვით მივმართავ, რომლებიც მსაყვედურობენ. ადრესატი ზუსტად ყავთ შერჩეული? - კარგი იქნება, თუკი გაარკვევენ. თავზე ჭერი ჩამოგვენგრა და აღდგა. როგორც სხვა ქალაქებში, ასევე ქუთაისშიც, რაღაც ზიანდება და მისი შეკეთება ხდება. ამის საუკეთესო მოწმე თქვენ და თქვენი კოლეგები ხართ, რომელიც იქ სიცხესა და სიცივეში თავდაუზოგავად შრომობთ“, - განაცხადა მარაქველიძემ.
და ბოლოს... მაშინ, როდესაც, ერთის მხრივ, ჟურნალისტები სიცხეს ებრძვიან და მეორე მხრივ, უწყებაში დატვირთული გრაფიკით, დღეში დაახლოებით 12 საათი მუშაობენ, გრილ პირობებში, სხდომათა დარბაზში ისეთი დეპუტატებიც სხედან, რომელთაც 2014 წელს, სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ცნობით, ასეთები არიან - ვალერი გელაშვილი, მახირ დარზიევი, გოჩა ენუქიძე, მარიკა ვერულაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, ერეკლე ტრიპოლსკი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, იაშა შერვაშიძე, თამაზ შიოშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე და თენგიზ ხუბულური.