ყოფილი ჩეკისტის „მოგონება“

ყოფილი ჩეკისტის „მოგონება“

დღეს კვირაა და მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა საზოგადოებისათვის „არაცნობად სახეებს“ ანუ უბრალო ადამიანებს მივცე. იმედია ცნობილი სამართალდამცველები, სპორტსმენები და მსახიობები „დროებით იგნორირებას“ მაპატიებენ და მომდევნო კვირიდან საკუთარი „ისტორიების რიგს“ კვლავ მოუთმენლად დაელოდებიან.

თავდაპირველად ერთი ოხუნჯი გორელი ტაქსისტის თავგადასავალს მოგიყვებით. რამდენიმე წლის წინ ამ პიროვნებას თავს მართლაც რომ უჩვეულო ამბავი გადახდა.

გორის რაიონში ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. გაჭირვების წლები რომ დადგა, ორივემ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და შორ მანძილებზე, რაიონიდან რაიონში ან რაიონიდან თბილისამდე დაჰყავდათ მგზავრები. ერთი ძმაკაცი პატარაობიდან გამხდარი, შავი და მაკვარანცხი იყო და თანასოფლელებმა „ეშმაკა“ შეარქვეს, მეორე კი დინჯი, სერიოზული ბავშვი იყო და, ყოველთვის, როცა რამე გაუკვირდებოდა, „ღმერთო ჩემოო“, – ამბობდა. ამის გამო მეზობლის ბიჭებმა „ღმერთო“ შეარქვეს და ამ მეტსახელებით იცნობდა მათ ყველა.

ეს ამბავი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ზამთარია, შობის ღამე დგება და უმოწყალოდ ბარდნის. ეშმაკამ მგზავრები კასპში ჩაიყვანა და უკან ბრუნდება. უცებ ვიღაც კაცმა აუწია ხელი. ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გააჩერა ტაქსი და მძღოლს ეუბნება, ოღონდ უარი არ მითხრა და ას დოლარს მოგცემ, ჩემს სოფლამდე თუ მიმიყვანო და ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაუსახელა. ეშმაკას გაუხარდა: მაინც იქით მივდივარ და ასი დოლარი ნამდვილად არ მაწყენსო, – გაიფიქრა. ჩაუჯდა მთვრალი კაცი და წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მგზავრი ეუბნება, გავიცნოთ ერთმანეთი, ამაღამ შობაა და, ეტყობა, ღმერთმა შეგვახვედრა, მე ნოდარი მქვიაო. მე კი ეშმაკაო, – უპასუხა მძღოლმა. მგზავრს, ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ამის გაგონება, მაგრამ, ზრდილობის გამო უთხრა, სასიამოვნოაო. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ამინდით დაიწყეს, სპორტზე გადავიდნენ და, ის იყო, პოლიტიკასაც შეეხო მათი საუბარი, რომ მანქანა გაჩერდა. საწვავი გამითავდაო, – თქვა ეშმაკამ და გაბრაზებულმა ხელი დაჰკრა საჭეს, მაგრამ, მგზავრი გაამხნევა, – ჩემს სოფელთან ვართ გაჩერებული და რამეს მოვიფიქრებო. მგზავრი შეშინდა – ეს მძღოლი მართლა ეშმაკს ჰგავს და რამე არ მიქნასო. მერე უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სთხოვა: იქნებ რამე მოიფიქრო, სახლში ხალხი მელოდება და შობის დადგომამდე როგორმე იქ უნდა ვიყო, თორემ, ძებნას დამიწყებენ და, მიწაში რომ ჩავძვრე, მაინც მიპოვიან, მაგრამ, არ მინდა, შევაწუხო, დიდი კაცები არიან და უხერხულიაო, – მგზავრმა, თავისი ჭკუით, მძღოლი შეაშინა.

– ახლა ნახე, რა სასწაული მოვახდინო! – თქვა ეშმაკამ, მერე აიღო მობილური, აკრიფა ნომერი და ძალიან მოწიწებით წარმოთქვა: – ღმერთო, ბენზინი გამითავდა და შენგან ას მეტრში ვარ, მანქანაში კი მგზავრი მიზის, რომელიც სახლამდე უნდა მივიყვანო. გევედრები, მიშველე!

ამ მონოლოგს გამოფხიზლებული კაცი შიშით უგდებდა ყურს, მაგრამ, მისმა შიშმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგონა, როგორ ბუყბუყით ივსებოდა ტაქსის ავზი. გულგახეთქილმა მინა ჩამოსწია და დაინახა, თეთრებში შემოსილი კაცი (უცნობის ლაბადა ფანტელებით იყო დაფიფქული და მგზავრს თეთრ მოსასხამად მოეჩვენა), როგორ „მიცურავდა“ უზარმაზარ ფიფქებში.

– ვაიმე, მართლა ღმერთმა გვიშველაო, – აღმოხდა მგზავრს და გული წაუვიდა.

დიდხანს უმტკიცებდა რის ვაი-ვაგლახით მოსულიერებულ მგზავრს ეშმაკა, ღმერთს როგორ დავურეკავდი, ჩემს ძმაკაცს ჰქვია „ღმერთო“ და იმან ჩაგვისხა ბენზინიო, მაგრამ, ვერაფრით ვერ დაარწმუნა. ის კაცი კი, დღემდე, სადაც მიდის, ყველგან ყვება, როგორ გადაარჩინა თეთრებში შემოსილმა ღმერთმა გზაში გაყინვას.

ეს სახალისო ისტორია ერთმა ნაცნობმა რამდენიმე დღის წინ მომიყვა.

„ამ ცოტა ხნის წინ ჭიათურაში მოვხვდი ახლობლის ქორწილში. სუფრას ორივე მხარის მაყრები უსხდნენ. ჩემ პირდაპირ დედოფლის მაყარი, ბატონი ჯონდი ფიფია ცლიდა შეუფერხებლად ჭიქას ჭიქაზე.

ჯონდიმ ერთი ჭიქა რიგგარეშე ჩაურტყა, ყელი ჩაიწმინდა და უნაკლო მეგრული კილოთი დაიწყო:

– მე, ყოფილი ჩეკისტი ვარ. გასული საუკუნის 70-იან წლებში შიშის ზარს ვცემდი კრიმინალებს. გარდა ამისა, სპორტის ოსტატიც გახლდით (ახლაც ვარ) ჭიდაობა სამბოში. საკავშირო პირველობის პრიზიორიც გახლდით და ძალიან მიყვარდა სპორტის ეს სახეობა. კარატე რომ შემოვიდა მოდაში, ე, მაშინ დაიწყო ეს ამბავი.

ყველა ამტკიცებდა კარატისტს სამბისტი ფეხებსაც ვერ მოსჭამსო, რაც მე ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიმაჩნდა და ყოველთვის ვეძებდი მომენტს, როგორმე დამემტკიცებინა სამბოს უპირატესობა კარატესთან შედარებით.

შესაფერისი მომენტი გვიან, მაგრამ, მაინც ჩამივარდა ხელში.

რესტორანში ჩხუბის გამო, ჩვენებმა დააკავეს ერთი ახალგაზრდა, კარატეს ფედერაციის მოკრძალებული წევრი, რომან კ-ია.

გაგიხარია, მე მაშინ გავიხარე!

დანაშაული არ გახლდათ მძიმე და ხულიგნობისთვის რამდენიმე „სუტკა“ ელოდა იმ რომანს, მაგრამ, პირადად ჩემგან რა ელოდა, ჯერ გაგებაში არ ბრძანდებოდა.

გადავიყვანე „ადინოჩკა“ კამერაში და ჩვენებს ვუთხარი:

– ა, ბატონო, მარტო მე შევალ მაგ კაცთან კამერაში, არავინ შემომყვეს, ახლა დამტკიცდება, კარატე ჯობია თუ სამბო-მეთქი, – დავუბარე ჩვენებს და შევედი. შევედი და მძიმედ მიიხურა კარი ჩემ უკან...

ეს დაპატიმრებული დებოშიორი ზის თავისთვის მოწყენილი. ღირსეული პიროვნება ჩანდა და, უკვე გამოფხიზლებულს, აშკარად ეტყობოდა, როგორ ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.

– ბრალდებულო რომან, ახლა შენი ბედი შენს ხელშია. მე სამბისტი ვარ, შენ კარატისტი ბრძანებულხარ, ჩემო ბატონო, და შევებათ ერთმანეთს. თუ მომერევი, ახლავე გიშვებ „სვაბოდაზე“, თუ მოგერიე – ქე მოგიწევს გრძელი პახმელია ამ კედლებში-მეთქი, – ვხიე ულტიმატუმი.

სახეზე იმედი გამოესახა.

– რამე ფანდს ხომ არ მიწყობ, ლოთიანად? – მეკითხება გამომცდელად.

– გაძლევ გენერლის სიტყვას (მაიორი ვიყავი), ვაჟკაცურად შევებათ და სიტყვას არ გადავუხვევ-მეთქი.

ამის თქმა იყო და, გავიგონე: „იაააა!!!“ პარალელურად დავინახე, ვეფხვივით რომ ისკუპა ჩემკენ და... მეტი აღარაფერი მახსოვს.

გონს რომ მოვედი, ვიგრძენი, რომ ოთხი-ხუთი მილიციელი მასულიერებდა: ზოგი ლოყებში მიტყაპუნებდა გაშლილ ხელებს, ზოგი ცივ ტილოს მაფენდა შუბლზე. დანარჩენები კი ჩემს ხელებსა და ფეხებს უბრუნებდნენ საწყის მდგომარეობას, ისე ვიყავი დაგრეხილი და „დაპწნილი“ მე უბედური.

გადავირიე და რა გადავირიე. – რასაა, რომ აკეთებთ, ამ კაცს ხმა არ  გასცეთ, ხელი არ დააკაროთ! გადით სუყველა გარეთ და დაგვტოვეთ-მეთქი, – შევუძახე ჩვენებს.

– გაგიჟდა, ალბათ, ეს ჩვენი ცოდვით სავსეო, – გადაულაპარაკეს მილიციელებმა ერთმანეთს, – რა უქნა ასეთი, ჭკუაზე აღარაა ეს უბედურიო. მაგრამ, უფროსი ვიყავი, წინააღმდეგობა ვერ გამიბედეს და ერთიმეორის მიყოლებით გაიძურწნენ საკნიდან.

– აბა, ბრალდებულო, თავიდან! – ვიყვირე და მივიღე საბრძოლო მდგომარეობა.

– არ გინდათ, უფროსო, შარში გამხვევთ თქვენ მე... – ჩაიბუტბუტა რომანმა.

– ხმა! – ვიყვირე რიხიანად, – დავაი!

– ააა! – ისევ გავიგონე გამგმირავი, წაგრძელებული ბგერა და კვლავ დავინახე, როგორ გამოფრინდა ჩემი მიმართულებით რაღაც, კვლავ ვიგრძენი ნაპერწკლები ორივე თვალში და კვლავ ჩავიძირე ნაცრისფერ ნისლში.

ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. აზრზე რომ მოვედი, ნელა და ფრთხილად გავახილე ცალი თვალი, მერე – მეორეც... ვხედავ, ჩემ თვალწინ შიშველი, თეთრი უკანალია.

– „დედას გიტირებ, რომანია კარატისტო-მეთქი!” – ვთქვი გუნებაში და მთელი ძალით ვუკბინე იმ საჯდომს, ვუკბინე და... კვლავ დავკარგე გონება – თურმე, ჩემი არ ყოფილა?!

... სუფრაზე ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა, თავი ცირკში მეგონა. სიცილისგან დაოსებული მაყრები სკამებიდან ცვიოდნენ“.

დღევანდელი წერილის დასასრულს ერთ ამბავსაც გაგაცნობთ რომელიც ჩემმა პლეხანოველმა ნაცნობებმა მიამბეს. ალბათ გახსოვთ კაკო ელიავას შეთქმულებისა და მისი თბილისისაკენ გამოლაშქრების ისტორია...

„ეს ამბავი იმ დროს მოხდა, ცხონებული აკაკი ელიავა წინა მთავრობას რომ გადაუდგა, იარაღი აიღო ხელში და ტყეში გავიდა. მოკლედ, ძვალივით ჰყავდათ ყელში გაჩხერილი.

ეზოში ვდგავართ ბიჭები ბირჟაზე და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, დღის მთავარი თემა ელიავას ტყეში გასვლაა.

ერთი იეზიდი მეზობელი გვყავს. მოგვიახლოვდა და პირდაპირ ჩაერთო ლაპარაკში:

– ეს ელიავაც მაგარი ვინმეა – რაღაც ბაზრობაც რომ გაუხსნია! ან როგორ ასწრებს ყველაფერს.

ჩვენს სიცილს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო;

– ჰო რა, ტყუილს ვამბობ? ტყე-ტყე სიარულს, არ ურჩევნია, თავის ბაზრობას მიხედოს?

ამ სიტყვების მერე მუცლები ხელით გვეჭირა, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მაინც ვერ მიხვდა, რა გვაცინებდა“.