საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს, რომლის თანახმად 98 მსჯავრდებული შეიწყალა. საერთო ჯამში სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 74 მსჯავრდებული დატოვებს, 24 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 1 ქალბატონია, 2 არასრულწლოვანი.
შეწყალების კომისიამ 589 მსჯავრებულის საქმე განიხილა. შეწყალება შეეხო ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორიც არის ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, ასევე არის მსუბუქი და მათ შორის მძიმე დანაშაულიც. შეწყალებულ მსჯავრდებულებთა შორის აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე რომელსაც გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა. აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.
„ვადასტურებ, რომ პრეზიდენტმა ჩემი ძმა და საქმეზე მასთან ერთად დაკავებული სამი პირი შეიწყალა. იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას ხელს მოაწერდა“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
ლევან ბობოხიძისგან განსხვავებით, შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა „თელასის მენეჯერის“ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებილი, გიორგი გვიჩიანი, რომელიც 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის წინ სააპელაციო სასამართლომ გვიჩიანს უვადო პატიმრობა ვადიანით შეუცვალა და 15 წლით განუსაზღვრა, საიდანაც ნახევარზე მეტი გვიჩიანს მოხდილი აქვს. გვიჩიანის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს შეწყალების კომისიამ ორჯერ მიმართა, თუმცა, პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა.
რა მოტივით შეიწყალა ბობოხიძე პრეზიდენტმა და რატომ არ შეეხო შეწყალების აქტი გიორგი გვიჩიანს, ამ საკითხზე შეწყალების კომისიაში არ საუბრობენ. შეწყალების კომისიის წევრი, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ეს არის პერსონალური საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი წყვეტს.
„შეყალების კომისიას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. ანუ, ჩვენ მხოლოდ ვურჩევთ პრეზიდენტს და ის იღებს გადაწყვეტილებას. არანაირად არ არის გამართლებული ერთმანეთს შეადარო ეს ორი შემთხვევა, ან რომელიმე სხვა ორი შემთხვევა, იმიტომ, რომ საკითხი წყდება ინდივიდუალურად პერსონის მიხედვით. შეიძლება ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთი პირი შეწყალებული იქნას და მეორე არა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რაიმეთი შეიძლება ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს შეადარო“, - ამბობს ლია მუხაშვია.
გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა არ იცის რა პრინციპით შეიწყალა პრეზიდენტმა ბობოხიძე, მაგრამ იცის რა პრინციპით არ შეიწყალა გვიჩიანი.
„პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ ვარ სასამართლო დავადგინო დამნაშავე არის თუ არა. რაც შეეხება რეალურად გახმაურებულ საქმეებს, სადაც სრულიად აშკარაა დარღვევები, აშკარაა უკანონო გადაწყვეტილებები, ამის მიუხედავად პრეზიდენტი ერიდება რაღაცა ზედმეტი რისკები გაწიოს, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გამოიყენოს ვინმემ.
რაც შეეხება იგივე ე.წ. ტერაქტების საქმეს, იმდენად აშკარაა ამ საქმეზე დაკავებულების უდანაშაულობა, რომ თვითონ პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი ადამიანებიც ამას ადასტურებდნენ და იგივეა გვიჩიანთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ეს საქმე რეზონანსულია, ამ მიზეზით არ ხდება მათი შეწყალება. ასე რომ, სამწუხაროდ, აქ სამართლიანობის დაცვასთან არ გვაქვს საქმე“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.