სააკაშვილის დროინდელი დენის ტარიფი აღდგა

სააკაშვილის დროინდელი დენის ტარიფი აღდგა

რეგიონებში დენი აგვისტოდან გაძვირდება, ხოლო თბილისში ოდნავ მოგვიანებით. ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს ელექტროენერგია 3,34 თეთრით გაუძვირდა. „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირების შესრულება ვერ შეძლო და ხალხი ისევ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონების მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაძვირდა. მარეგულირებელმა კომისიამ არ გაითვალისწინა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნა, რომ ტარიფი 4,8 თეთრით გაზრდილიყო. სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2015 წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ახალი ტარიფი დღგ-ს გარეშე 100 კვტ/სთ-მდე 10.978 თეთრს შეადგენს. 101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, ასევე დღგ-ს გარეშე ტარიფი 14.348 თეთრია, ხოლო 301 კვტ/სთ-დან კი - 18.1 თეთრი. მომხმარებელს კი მასზე დამატებით დღგ-ს გადახდა მოუწევს, ანუ რეალური ტარიფი 18%-ით უფრო მეტი იქნება.

როგორც კი „ენერგო პროს“ მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, „თელასმა“ აღარ დაახანა და სემეკს სატარიფო განაცხადით სასწრაფოდ მიმართა. როგორც ჩანს, დედაქალაქის სადისტრიბუციო კომპანია სწორედ მარეგულირებელი კომისიის დასკვნას ელოდა.

„თელასიც“ დენის გაძვირების საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

სემეკში აცხადებენ, რომ მზად არიან, კანონმდებლობის ფარგლებში განიხილონ კომპანიის განაცხადი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ორგანიზაციის თავმჯდომარე ირინა მილორავა ირწმუნება, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

„ტარიფის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომლებზეც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს გახლდათ, ძირითადად, თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. მნიშვნელოვანი წილი ტარიფის კორექტირებაში სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“, - განაცხადა მილორავამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.

„მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად „თელასის“ ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, იმ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია“, - განაცხადა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვინაიდან ქვეყანაში მოხდა დოლარის გამყარება, ხოლო ენერგოკომპანიებს აქვთ დოლარში ვალდებულება, მთავრობა სემეკის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა. ეს საჭირო იყო, რათა შენარჩუნებულიყო ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა და ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება.

„სამი წლის წინათ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო 3,54 თეთრით დაკლება ტარიფის დღგ-ს გარეშე, დღეს ხდება მომატება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იმის მერე რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა. მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასვე მოხდა დევალვაცია როგორც საქართველოში, ასევე ბევრ ქვეყანაში, ანუ დოლარის გამყარება.

ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ამას გარდა, ვინაიდან ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულება, სახელმწიფომ გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდესს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა.

რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას და ეს არ არის ფუფუნება, ესაა აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სემეკის გადაწვეტილებით უკმაყოფილო დარჩა „ენერგო პრო ჯორჯია“. იგი შიშობს, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენეგიის შესასყიდი ფასი ტარიფში ასახულზე მეტი იქნება.

„ვფიქრობთ და ვეჭვობთ, რომ ჩვენი პროგნოზი გამართლდება. ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ ზრდას. დასრულდება ეს წელი და ვნახოთ რა შედეგები დადგება“, - აღნიშნა კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ბოცვაძემ და აღნიშნა, რომ რეალობის გათვალისწინებით, სასურველი იყო ტარიფები 4,8 თეთრით გაზრდილიყო.

„ეს ზრდა უკვე არის მცირედი ამოსუნთქვის საშუალება ნამდვილად, მაგრამ თუ ჩვენ ელექტროენერგია ისევ უფრო ძვირი დაგვიჯდა, ვიდრე ახლა ჩაჯდა ტარიფში, ისევ სარეაბილიტაციო სახსრებით გადაიფარება ეს. მაშინ ისევ გამრიცხველიანების სახსრები უნდა მიიმართოს ამ მიმართულებით, ისევ ხარისხს დაეტყობა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს უკვე იქნება აბონენტის პრობლემა“, - განაცხადა ბოცვაძემ.

როგორც გაირკვა, მთავრობა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას გეგმავს მოსახლეობისთვის, მაგრამ მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, „მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“.

მან მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს სუბსიდირების გეგმის მომზადება დაავალა. პრემიერის თქმით, გაძვირება მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე არ უნდა იგრძნოს.

„როგორც კი დადგინდება საბოლოო ტარიფი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს. ჩვენ მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ერთობლივად შევიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.