გიორგი ხეჩინაშვილი: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან სწორი და კარგი“

გიორგი ხეჩინაშვილი: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან სწორი და კარგი“

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. სამუშაოებში ჩართულები არიან „გლობალ ალიანსი“, ჯანდაცვის სამინისტრო და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები.

პირველად ჯანდაცვას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმისა“ და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი.

„სრულფასოვანი პირველადი ჯანდაცვის  და მისი რეფორმირების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე, ნორმალური და ადეკვატური ჯანდაცვის სისტემა. აქედან გამომდინარე, ეს რეფორმა არის ძალიან სწორი და კარგი. რაც სწრაფად და ხარისხიანად გატარდება იგი, მით უკეთესი ჯანდაცვა გვექნება ჩვენ.

არაერთი მიმართულებაა სარეკომენდაციო, რომელიც სამინისტრომ იცის. მაგალითად, ტუბერკულიოზთან ბრძოლის საკითხი. ეს არის ძალიან სერიოზული თემა და რომელსაც  დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი ხელისუფლების დროს.

ჩვენ, სწორედ ახლა დავასრულეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ინფექციასთან ბრძოლის გაუმჯობესებას და სრულყოფას საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

სწორედ პირველადმა ჯანდაცვამ უნდა აიღოს ამ საკითხის კონტროლის ფუნქცია და ეს უნდა გააკეთოს ხარისხიანად.

მეორე რეკომენდაცია იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით (USAID), ჩვენ ვაპირებთ ამ თემაზე და ზოგადად, სამედიცინო განათლების რეფორმაზე მუშაობას. აქ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის უწყვეტი სამედიცინო განათლება უკვე არსებული სპეციალისტებისათვის და მათ შორის, პირველად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტების მომზადება-გადამზადების მოდელის შემუშავება და ამოქმედება. რეკომენდაცია კიდევ შეიძლება იყოს ბევრი, თუმცა ამეტაპზე ამ ორს გამოვყოფდი“, - განაცხადა გიორგი ხეჩინაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, ც ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.