„შავი ფული“ რელიგიურ ორგანიზაციებში

„შავი ფული“ რელიგიურ ორგანიზაციებში

რელიგიის კანონმა ტერორისტული ფულის „გადახურდავება“ უნდა შეზღუდოს. ამ საკითხზე ჩვენმა პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ პირველი განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „პროვოკატორში“ სტუმრობისას გააკეთა. მისი აზრით, რელიგიის კანონის მიღების შემდეგ სიტუაცია გაკონტროლდება და არალეგალური, გაეროს მიერ აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოში საქმიანობას ვერ შეძლებენ, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა), ასევე, ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც გამჭვირვალე ფინანსების საწინდარია.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს საქართველო შეუერთდა ე.წ. პატრიოტის აქტს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის წარდგინებით კონგრესის მიერ იყო მიღებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ. ანალოგიური აქტები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებმა, კანადამ და ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც მაშინ კოალიციაში შევიდა. ეს აქტი „შავი ფულის“ „გათეთრების“ და ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასაც მოიცავს, რადგან „შავი ფული“ პირდაპირ კავშირშია ტერორიზმის დაფინანსებასთან. ამდენად, სოსო ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიის კანონში არავითარი ცვლილებების შეტანა არ არის საჭირო და „შავ ფულთან“ ბრძოლა არსებული კანონებითაც შეიძლება.

„2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ლმობიერება მოეპოვებინა ისლამისტ მოჯაჰიდებში, რათა შემდგომში ისინი გამოეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადში. შემდგომში მათი გამოყენება დაიწყეს სირიაში და ახლო აღმოსავლეთის ჯიჰადებში. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არ მუშაობდა. 2012 წელს ეს კანონი გამოიყენეს ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით და მისი ანგარიშების დაყადაღება დაიწყეს. ასე რომ, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც მოიცავს თავის თავში ყველა ამ საკანონმდებლო ბაზას, რომლის საშუალებითაც შეიძლება ამ ფულის შემოდინებისა და გადინების გაკონტროლება. კერძოდ, საზღვარზე მოქმედებს დეკლარირებული თანხა და სახელმწიფოს მიერ კონტროლდება ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც 5 ათას დოლარს აღემატება. ამიტომ რაღაც დამატებითი კანონი საჭირო არ არის. თუ რამის გაკეთება უნდათ, არსებული კანონმდებლობაც მთლიანად აძლევს მათ ამის საშუალებას.

პლუს ამას, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომელიც გაერთიანებულია ტერორიზმთან ბრძოლაში. უბრალოდ, ჩვენი პარლამენტი დღეს წარმოაჩენს, ვითომ ამკაცრებს კანონს. სინამდვილეში, აჯობებს, სესიაშვილმა და სხვა პიროვნებებმა იმის შესახებ ისაუბრონ, სააკაშვილის დროინდელი რამდენი სუს-ის და ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი მუშაობს ამ სტრუქტურებში. მათ ხომ თავის დროზე პირდაპირი კავშირი და ფინანსური ინტერესები ჰქონდათ მოჯაჰიდების გადაყვანა-გადმოყვანასთან. ლაფანყურამდე ხდებოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ლაფანყურის ტრაგედია არჩევნებამდე მოხდა და უფრო გახმიანდა. ამას სააკაშვილის კონტრტერორისტული ცენტრი აკეთებდა. ის ხალხი დღესაც მუშაობს ამ კგბ-ში.

სხვათა შორის, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამაც 2013-14 წლებში სწორედ ისეთი ევროპული ლობისტური იურიდიული კომპანია დაიქირავა, რომელიც არაბული ქვეყნების ფულის ლეგალიზაციით იყო დაკავებული აშშ-ში. ამიტომ რამდენად შეძლებს ქართული მხარე ამ ფულის გაკონტროლებას, უცნობია. ეს ფული შემოდის, კიდევ შემოვა, რაც კომპლექსური საკითხია. ფულის „გათეთრებასა“ და შემოტანას მარტო ბრძოლა არ შველის. მთავარია, საქართველომ მიხედოს იმ ადამიანებს, ვისაც კავშირი აქვთ ფულის შემომტან საეჭვო ხალხთან. თუკი ეს ხალხი ისევ უშიშროებაში მუშაობს, რაღა მნიშვნელობა აქვს მათთან ბრძოლას? ისინი ფარულ ხერხებს ხომ მაინც მოძებნიან? ეს ნიშნავს, რომ მტერი შიგნით გვყავს“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ექსპერტმა განმარტა, რომ უცხოელებიც მუშაობენ ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მაგრამ მთელ მსოფლიოში ძალზე რთულია ამასთან ბრძოლა. მუსლიმანურ ქვეყნებს ხომ ძალზე დიდი ლობისტური ჯგუფები ჰყავთ დაქირავებული მთელ მსოფლიოში, აშშ-დან დაწყებული, ევროპის ქვეყნებით დამთავრებული, რომლებიც მათ სწორედ ფულის „გათეთრებაში“ ეხმარებიან.

ორგანიზაცია „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რომან კვიციანი რელიგიის კანონის მიღებას დადებითად აფასებს და For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი კონტროლი, თუ საიდან შემოედინება ე.წ. შავი ფული და რას ხმარდება. მისი აზრით, არა მარტო ამ ფულის შემოდინების კონტროლი უნდა მოხდეს, არამედ აუცილებელია ჩვენი ქვეყნიდან გაყვანილი სტუდენტებისა და მოსწავლეების გაკონტროლებაც, სად და რა მიზნით მიჰყავთ ისინი, რა ინვესტიციებს დებენ მათში და რა მოლოდინი აქვთ მათგან.

„ვთქვათ, ფულის შემოდინებას გააკონტროლებ, მაგრამ მომავალში უკვე ვეღარ გააკონტროლებ გარკვეული მიზნებისთვის გაყვანილი ჩვენი ახალგაზრდობის ნაკადს, რომლებსაც ისევ საქართველოში აგზავნიან. ანუ ერთი საკეტით მეორეს ვერ გავხსნით. ეს ხალხი რომ დაბრუნდება, უარესი იქნება. გახსოვთ, ალბათ, ორი წლის წინ აჭარელი გოგონები ჰაფიზებად მონათლეს, ანუ რაც ისლამში არ ხდება, ისეთი რამ გააკეთეს. მათგან წარჩინებულები კი თურქეთის ქალაქ ინეგოლში, სასულიერო სასწავლებელში - მედრესეში გაგზავნეს. ახლა აცხადებენ, რომ ბათუმში იყო სასწავლებელი და ორი წლის განმავლობაში ყურანს ასწავლიდნენ. ამ დროს ორი წლის განმავლობაში ყურანს კი არა, არაბულს ვერ ისწავლის ადამიანი. ასეთი რამის კონტროლი უნდა მოხდეს და ეს არა მარტო მუსლიმანებს შეეხება, არამედ ქრისტიანულ საწმუნოებასაც, რადგან ქრისტიანობაშიც არის სექტები, რომელთა კონტროლიც არ ხდება და არავინ იცის, რა მიზნებით იხარჯება ფული. იეღოვაც ერთ-ერთი სექტაა და საზოგადოებაში მათ მიმართ უარყოფითი განწყობაა, რაც გარკვეული პერიოდულობით იჩენს ხოლმე თავს. სახელმწიფოსთვის ეს პრობლემას წარმოადგენს და უნდა მოექცეს ჩარჩოში, რათა დაპირისპირები არ ხდებოდეს“, - აღნიშნა რომან კვიციანმა.

შეკითხვაზე, ტერორისტებისგან ფინანსდებიან თუ არა ეს ადამიანები, რომან კვიციანმა განმარტა, რომ ტერორისტებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ამ ვაჰაბიტური ორგანიზაციების უკან ძალზე დიდი თანხების მობილიზება იგრძნობა. ეს შეეხება როგორც ბიზნესმენებისგან დაფინანსებას, ისე ხელფასის სახით მიღებული თანხიდან დაახლოებით 20%-ის გაღებას საჭიროების შესაბამისად. აქ იგულისხმება იმ ადამიანების ხელფასი, ვისაც უკვე მიაღებინეს განათლება და საქართველოში გარკვეული მისიით გამოგზავნეს. ამდენად, „შავი ფულის“ ბრუნვა ძალზე მაღალია.

ამის საპირისპიროდ, თურქეთის კანონმდებლობით, ნებისმიერი შემოწირულობა სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. თურქეთში არსებობს რელიგიურ საკითხთა სამინისტრო, რომლის ნებართვებსა და დირექტივას რელიგიის შესახებ ნებისმიერი საკითხი ექვემდებარება.