პური ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. ის აკმაყოფილებს საჭირო კალორიების დაგროვების 30 პროცენტს, B ჯგუფის ვიტამინების აუცილებელი რაოდენობის 60 პროცენტს, ფოსფორის, მარილისა და ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობის 50 პროცენტს.
ჭვავის პური დაბალკალორიულია, ამასთან, მდიდარია B1 და B3 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავითა და რკინით.
გაცილებით სასარგებლოა მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, უმაღლესი ხარისხის ფქვილთან შედარებით.
საფუარით გამომცხვარი პურის ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები, სოკოვანი დაავადებები და ალერგია აწუხებთ. დიაბეტიანმა ადამიანმა კი აუცილებლად უსაფუარო პური უნდა ჭამოს.
ახალგამომცხვარი პური ეკრძალებათ გასტრიტისა და კოლიტის დაავადების მქონე ადამიანებს.
ჯანსაღი კვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებია ბოჭკოებით გამდიდრებული პური, რომელსაც ხორბლის ჩენჩო, ღერღილი და მსხვილად დაფქული მარცვლეული შეიცავს. საკვები ბოჭკოები შეიწოვს მავნე ნივთიერებებს და შემდეგ ადვილად გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.
მსხვილად დაფქული ხორბლის პური ნაკლებკალორიულია და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულის დაავადებები აწუხებს; ასევე, კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
უმარილო პური სასარგებლოა თირკმელებით, ჰიპერტონიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის.
დაახლოებით 100 გრამი პური ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებისა და მიკროელემენტებზე 40-50 პროცენტით აკმაყოფილებს, ამიტომ, არ შეიძლება მენიუდან ამ პროდუქტის მთლიანად ამოღება და წონის დაკლების მიზნით მასზე უარის თქმა.