მსახიობებსა და მწერლებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.
დღევანდელ წერილში რამდენიმე სახალისო ისტორიას შემოგთავაზებთ. ნება მომეცით თავდაპირველად გია ფერაძის ორი მოგონება მოგიყვანოთ.
„საშა ჩხეიძეს ერთი უიღბლო მონადირე მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ან სროლა არ ეხერხებოდა ან ღმერთი არ სწყალობდა. ერთ-ერთი ნადირობისას მონადირეებმა დასცეს ბანაკი და მეგობრები კურდღელზე სანადიროდ მიმოიფანტნენ. საშა ჩხეიძეს სწორედ ეს მეგობარი აეკიდა და უკან გაჰყვა. ერთ ადგილას ბილიკი ორად იყოფოდა. მეგობრები სხვადასხვა მხარეს წავიდნენ და დათქვეს, რომ ისევ გზის ამ გასაყართან შეხვედრილიყვნენ. საშამ მოკლა ორი კურდღელი და შეხვედრის ადგილს მიაშურა, მეგობარი არ ჩანდა.
ცოტა ხნის მერე საშა დაბრუნდა ბანაკში მხოლოდ ერთი კურდღლით. გავიდა ხანი და მოდის ის უიღბლო მეგობარი, ჩანთაზე გადაკიდებული დიდი კურდღლით. დაქანცული სახით, ამაყად დააგდო კურდღელი მეგობრების თვალწინ და დაიწყო მოყოლა, თუ რამდენი სერი გადაირბინა, რამდენი სდია და როგორი შორი მანძილიდან გააგორა ეს კურდღელი. საშა ზის ჩუმად და ულვაშებში ეღიმება. რომ დაამთავრა მოყოლა, საშა ეუბნება იმ ბაქიბუქა მონადირეს:
– კაცო, ერთი შეხედე მაგ უბედურს, უკან რაღაც ქაღალდი აქვს გარჭობილი.
ეცნენ სხვა მონადირეები და კურდღლის უკანალიდან (არა, ისე შეუმჩნევლად, ახლანდელი პოლიცია რომ უდებს ჯიბეში „დამნაშავეს“ არარსებულ ნარკოტიკებს) ყველას თვალწინ გამოიღეს ქაღალდი, რომელზედაც ეწერა:
„მე მომკლა საშა ჩხეიძემ“.
ბანაკში ატყდა ერთი ამბავი. ტრაბახა მონადირემ დაავლო ხელი თოფს და საშას გამოეკიდა. მერე საშა ჩხეიძე ამ ამბავს ბებიას რომ უყვებოდა, სიცილით ამატებდა:
– მე გავიქეცი, შარს მოვერიდე! გიჟის თვალებით მომსდევდა, ორჯერ მესროლა. ამხელა კაცს დამაცილა და ეგ რა კურდღლის მომკვლელი იყოო“
ნიაზ დიასამიძე გია ფერაძის ახლობელი გახლდათ.
„ნიაზ დიასამიძე დედას პირველი კლასის მეგობრის, გუგული დიასამიძის ძმა იყო. რომელიც თითქმის მათი ტოლი იყო. ნიაზი ხშირად მოსულა ღამით ჩვენს ოჯახში, „ბიძინა მასწ“.-თან. ვითომდა სკოლის წლების გასახსენებლად და ბავშვობის მეგობრის „ჟორჟოლას“ მოსაკითხავად, მაგრამ იცოდა, რომ „ბიძინა მასწ“ ისე არ გამოუშვებდა... მას განსაკუთრებული რიდი ჰქონდა მამაჩემის, დედასთან კი დასავით შეხუმრებული იყო. მის ენამოსწრებულ რაიმე გამოთქმაზე არც დედა რჩებოდა ვალში.
– კარგი რა, იუზგარ! ერთი სიტყვა მაინც შემარჩინე, – ამბობდა ნიაზი.
ერთხელ ნასვამი ნიაზი მისულა დედასთან ბიბლიოთეკაში და უთხოვია, წინა დღის გაზეთ „თბილისის“ მთელი შეკვრა მომიტანეო. დედას გაკვირვებია:
– რად გინდა, ბიჭო, მთელი შეკვრა?
– წადი, მომიტანე, რასაც გეუბნები, თორემ ამ ჩემანალა პროფესორებს ოფოფებს დავუფრთხობ.
დედას შეეშინდა, მართლა არ აეტეხა ნიაზს ხმაური და გამოუტანა გაზეთების შეკვრა.
ნიაზმა აიღო გაზეთები და ხმამაღალი დედის გინებით დაიწყო მათი დახევა წვრილ-წვრილ ნაჭრებად. ხალხი გაგიჟდა, ყველა მოტრიალდა ნიაზისკენ, დედა დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. როცა გუშინდელი გაზეთების მთელი დასტა ნაკუწებად აქცია, ცოტა დამშვიდდა და დედას მიმართა:
– ჟორჟოლ, ბოდიში. პრაფესორებო, ბოდიში, რომ მოგწყვიტეთ წიგნებს! – რევერანსი გაუკეთა გაოცებულ მკითხველებს და გაემართა გასასკვლელისკენ. გაკვირვებულმა დედამ გამოაცილა და ჰკითხა:
– ბიჭო, რამ გადაგრია ამ გაზეთებში რა წერია ისეთი?
– რა წერია და ჩემი მეუღლესთან განქორწინების განცხადება გამოუქვეყნებიათ. დავდივარ ყველა ბიბლიოთეკაში და ვსპობ, არ მინდა, რომ ეს ინფორმაცია შთამომავლებს დარჩეთ.
მაშინ მართლაც იყო ასეთი წესი, რომ განქორწინების განცხადება გაზეთ „თბილისში“ უნდა გამოქვეყნებულიყო. ნიაზმაც ასე გამოხატა მეუღლესთან დაშორების გულისტკივილი“.
შემდეგი მოგონებები ბატონ ნოდარ დუმბაძეს ეხება.
ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი, ძალიან მფარველობდა და ჰპატრონობდა ნიჭიერ სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. მას არც ნოდარ დუმბაძის ნიჭი გამორჩენია მხედველობიდან და, ერთ დღესაც, უთხრა, ხომ არ ჯობია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადახვიდეო.
– თქვენ, პატივცემულო რექტორო, იმიტომ მოგეწონათ ჩემი ლექსები, ეკონომისტის დაწერილი რომ არის, თორემ, ფილოლოგის დაწერილი რომ იყოს, ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდითო, – ხუმრობით უპასუხა მომავალმა მწერალმა.
ინფარქტებისგან „თავდაძვრენილი“ ნოდარ დუმბაძე სიკვდილზე იმით იძიებდა შურს, რომ ეს თემა სახუმაროდ აქცია. ერთხელაც, ცოლს ეუბნება, მე თუ მთაწმინდაზე დამასაფლავეს, შენ რა გეშველება, სხვა სასაფლაოდან როგორღა გააკონტროლებ ჩემს რეჟიმსო.
– მაგის იმედი არ გქონდეს, – უპასუხა ქალბატონმა ნანულიმ, – ანდერძად დავიბარებ, რომ ჩემი ნეშტი დაწვან და ფერფლი შენს საფლავზე მოაბნიონ.
– ისე, პილპილმოყრილი ხინკალივით არ ვიქნებიო?! – სიცილი აუტყდა მწერალს, – ასეთი სიკვდილი ბარე ბევრს შეშურდებაო.
დღევანდელი „ისტორიების“ ბოლოს სიტყვას ჯანსუღ კახიძეს გადავცემ.
„უნივერსიტეტთან შემხვდა გალაკტიონი, გამაჩერა და მითხრა:
– ჯანსუღ, ნიკოლაი ეჟოვი თუ გაგიგონია?
– კი, როგორ არა, გამიგონია.
– ანდრეი ვიშინსკი?
– ვიშინსკიც გამიგონია...
– ლავრენტი ბერიაც?
– დიახ, ლავრენტი ბერიაც...
– ჰო და თუ დაკვირვებიხარ, რავა სტალინის კიტელებივით ჰგვანან ერთმანეთს?
ამ მსგავსებას მე არასოდეს დავკვირვებივარ, თუმცა გალაკტიონისა კი ძალიან გამიკვირდა და ცოტა ჩამაფიქრა ნათქვამმა, სულაც იმიტომ, რომ მაშინ 1956 წელი იყო – მარტი თუ აპრილი...“