ამ რამდენიმე დღის წინ გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მომხდარმა აფეთებამ დედაქალაქი შეძრა. კორპუსის მოსახლეობის განცხადებით, გაზის სუნი კორპუსში სამი დღის განმავლობაში იდგა, მათ ყაზტრანსგაზის საავარიოშიც დარეკეს, თუმცა მათთან არავინ მისულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
როგორც გავარკვიეთ, ამ დრამატული კორპუსის მაცხოვრებლების ბედი გლდანის გამგეობის პირად კონტროლზეა აყვანილი. გლდანის გამგებელი ბესარიონ ქარცივაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართლია, ამ ადამიანთა ნაწილს არაფერი დარჩა, ზოგს სახლიც დაენგრა, მაგრამ მაინც გაუტეხელები და ამაყები არიან, რადგან იციან, რომ მათ დაეხმარებიან და ამ დახმარების უკან უანგარო შრომაა.
როგორი იქნება კორპუსის მაცხოვრებელთა მომავალი და აღდგება თუ არა დაზიანებული შენობა, ამის შესახებ გლდანის გამგებელს - ბესარიონ ქარცივაძეს ვესაუბრეთ.
- გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსი, ფაქტობრივად, მოსკოვისა და ლვოვის პროექტის მსგავსი ცხრასართულიანი საცხოვრისია, რომლის აშენებაც 35-40 წლის წინ მოხდა. ახლახანს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა მეოთხე სადარბაზო, მარცხენა და მარჯვენა ფლიგელები. მარცხენა მხარეს დაზიანდა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სართულები, ხოლო მეხუთე სართულის ნგრევამ გამოიწვია მეოთხე სართულის დაზიანება და მეექვსე სართულის იატაკის დაზიანება. გარდა ამისა, დაზიანდა მეოთხე სადარბაზოს მოპირდაპირე მარჯვენა ფლიგელის საცხოვრისები, ადგილზე გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, სხვადასხვა სართულზე ნანგრევებში მოყვა არაერთი ადამიანი. რაც შეეხება უვნებლად გადარჩენილ მოსახლეობას, დღეის მდგომარეობით, სასტუმრო „დკდ“-ში 45 ოჯახიდან 189 კაცია გაყვანილი, მათ შორის, ორი ორსული ქალბატონიც, მცირეწლოვანი და სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოხუცები და საშუალო ასაკის საზოგადოება. სასტუმრო „სტარში“ კი განთავსებულია სამი ოჯახი, შვიდი სულით. ეს სასტუმროები გლდანის ტერიტორიაზეა.
ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებდა იმფორმაციას, თითქოს ისინი უყურადღებოდ, საჭმლის გარეშე იყვნენ დარჩენილნი.
- ის, რომ მათ საკვები არ აქვთ და მასზე არ ზრუნავს გამგებელი, არარეალურია. თავად დარწმუნდებით, რომ მათ სამჯერადი კვება, მედიკამენტოზური მომსახურება აქვთ, 24-საათიან რეჟიმშია გადაყვანილი გამგეობის შესაბამისი დანაყოფები, მორიგეობა ხდება სასტუმროში, დაწყებული დილის 9 საათიდან, როდესაც ეს საზოგადოება საუზმობს, დამთავრებული მათი საძილე პირობებით, ანუ 11 საათამდე გამგეობის თანამშრომლები იქ არიან, ყურადღებას აქცევენ. თუკი ვინმე კიდევ უყურადღებობას უჩივის, მაშინ მათ მორალს და ზნეობას სხვა საზომით უნდა მივუდგეთ. ყველა მესაკუთრე, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრისი ფართი ამ კორპუსში, გაყვანილ იქნება ბინის ქირის უზრუნველყოფით. სასტუმრიდან მათი გადაყვანა მას მერე მოხდება, რაც უშუალოდ გაფორმდება ხელშეკრულება ბინის გამქირავებელსა და ამ მოსახლეობის წარმომადგენლობას შორის, ხაზს ვუსვამ, ეს შეეხებათ მხოლოდ მესაკუთრეებს, რადგან ამ შენობაში ბევრი ბინა გაქირავებული ან დაგირავებული იყო. ამიტომ დაქირავებულ ბინაში მყოფ ადამიანებს ჩვენ ბინას ვერ ვუქირავებთ. კანონით, ქირით უზრუნველყოფა მხოლოდ მესაკუთრეებთან მოხდება. კონკრეტული მესაკუთრის ნებელობაა, გააგრძელებს თუ არა ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომელთაც ადრე ქირის უზრუნველყოფით საკუთარ ბინებში უშვებდა.
მესაკუთრეებისთვის რა ოდენობით არის დაწესებული ბინის ქირა?
- 15 ივლისს მთავრობის სხდომაზე ქირით უზრუნველყოფა ჩემს მიერ იქნა განცხადებული. ოფიციალურად მთავრობის სხდომაზე ეს ინფორმაცია გაჟღერდა და ბინის ქირის უზრუნველყოფაში თანხები კანონით გაწერილია. წესისამებრ, ყველა მოქალაქესთან ინდივიდუალურად ხდება ურთიერთობა, თითოეულმა მათგანმა იცის, რა საბუთებით, რა დროით, რა განზომილებით, მერიის ან გამგეობის რომელ სამსახურთან არის ეს ყველაფერი შესათანხმებელი. მათ უკვე მისცეს ბლანკები და განმარტებები. დღეის მდგომარეობით, რამდენიმე ოჯახმა ბინის ქირის უზრუნველყოფის ნაწილში ბინები უკვე მოიძია. აქედან გამომდინარე, უახლოეს საათებში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და მათი გაყვანა საცხოვრებლად. რაც შეეხებათ დანარჩენებს, როგორც კი მოქალაქე მოახდენს საცხოვრისის უზრუნველყოფას, დატოვებს სასტუმროს. მანამდე კი ისინი თვითმმართველობის მიერ იქნებიან უზრუნველყოფილნი ამ სერვისით, სანამ არ მოხდება მათი ბინების წარმოჩენა საცხოვრებლად ვარგის რეალობაში.
ქალაქის მერი-დავით ნარმანია ამბობს, რომ გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. დაახლოებით რამდენ ხანში ელით ამ კორპუსის აღდგენას?
- კორპუსის აღდგენა, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ კვლევების რეალობაზე, რომელმაც განაზოგადა, რომ კორპუსი, თავისი სიმყარით არ წარმოადგენს ნგრევის ზონის ობიექტს. ანუ წინასწარი ინფორმაცით, ჩამოშლა აღარ მოხდება. ამიტომ უკვე დაიწყო სამუშაოები. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლობა უკვე აწარმოებს ობიექტის აზომვას, ნახაზები უკვე წარმოდგენილია, ცოტა ხანში აღიმართება დიდი კედელი და მოხდება სამუშაოების წარმართვა წინა და უკანა მხარეს. ბატონი დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გარკვეული ფულადი სახსრებია გამოყოფილი და მათ ეს თანხები ჩაერიცხებათ მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე. ასევე, გამგეობა, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ფულადი სახსრის ჩარიცხვას ამ ოჯახის (მეუღლის, მამის, დედის) ოფიციალურად წარმოდგენილი განცხადების შემდგომ. მათ ბინის ქირით უზრუნველვყოფთ და გადასვენების თუ სარიტუალო ხარჯებს გამგეობა, ოჯახის მიმართვის შემთხვევაში, აანაზღაურებს.
დაზარალებულებმა ერთჯერადი დახმარება თუ მიიღეს?
- დაზარალებულის სტატუსი არცერთ მათგანს არ აქვს, რადგან გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. საქმეს აწარმოებს შს სამინისტროს, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი უნდა გამოკითხოს და ჩვენება ჩამოართვას. გამოძიების პრეროგატივაა, ესა თუ ის პიროვნება დაზარალებულად ცნოს.
ანუ ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის?
- ზარალი რომ დაითვალოს, ამისთვის საჭიროა დაზარალებულთა ქონების აღწერა. ბინებს რა საზომში მიიღებს მოქალაქე, როგორი იქნება მათი კეთილმოწყობა, ეს უკვე ინდივიდუალურად გადაწყდება.
თქვენ, როგორც გამგებელი და ყოფილი იურისტი, რას იტყვით „ყაზტრანსგაზის“ საქმიანობის შესახებ, რაც კითხვებს ბადებს. კორპუსის მოსახლეობა აცხადებს, რომ გაზის სუნი სამი დღის განმავლობაში იგრძნობოდა და მათ „ყაზტრანსგაზის“ საავარიოშიც კი დარეკეს, მათგან რეაგირება კი არ ყოფილა.
- ზოგი ინფორმაცია ყურმოკრულია. მაგალითად, როდესაც ჩვენ მოსახლეობა სასტუმროში გადავიყვანეთ, 14-ში ცხრა საათზე საღამოსთვის ყველა მოქალაქე დაბინავებული იყო, ამ დროს კი ერთი ტელეკომპანია აცხადებდა ერთს, მეორე-მეორეს და ინტერვიუს აძლევდა ის საზოგადოება, რომელთაც იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ უცხოვრიათ. ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება, ვიღაცამ ჭორის სახით რაღაც თქვა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, არის თუ არა ეს ინფორმაცია შემხებლობაში იმ სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც უკვე გამოძიებაშია, არის თუ არა ავთენტური და რელევანტური. აქედან გამომდინარე, გაირკვევა ყველა იმ პირის სიმართლე, რომელიც სატელევიზიო სივრცეში აცხადებდა, გაზის სუნმა შემაწუხა და დავრეკეო. გამოძიება ამას დაადგენს. მინდა გითხრათ, გამოძიება ოპერატიულად მიმდინარეობს. როგორც გამგებელს, მაქვს მათთან ურთიერთობა, გაცვლით რეჟიმშია ჩვენი სამართლებრივი ურთიერთობა. სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ ვიცნობ და არავითარი წვდომა არ მაქვს, მაგრამ იმ ინფორმაციების მოძიების ნაწილში, რომელიც ჩვენ გავეცით, ვიცი, თუ რა მოცულობით სამუშაოებს აწარმოებენ. ასე რომ, სრულყოფილი და მოცულობითი გამოძიება თუ ჩატარდება, დადგინდება, ვინ განაცხადა ჭორი და ვინ -მართალი. პატივი მაქვს, რომ გლდანის გამგებელი ვარ და ამ მოსახლეობას ვეხმარები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე, ლეტალური შედეგის შემდეგ მიწევს მათთან ურთიერთობა, ჩვენს შორის არის ნდობის, ურთიერთგაგების ფაქტორი, ძალა ერთობაშია, ყველა საკითხი მათთან ინდივიდუალურად გავლილია. ყოველ საღამოს მათთან ხდება განმარტებითი სამუშაოები და გარკვეული სერვისის მიწოდება, როგორიცაა პირველადი მოხმარების ნივთები, ოჯახისთვის საჭირო საგნები. განსაკუთრებით, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ზრუნვის ობიექტები არიან ორსული ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები. მათი კვების რაციონი, მათდამი ურთიერთობა, ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის, პატივია. მინდა ვუთხრა ამ ოჯახებს, რომ ნუგეშთან ერთად მთავარია ერთობა და ამ ერთობისთვის მადლობას ვუხდი. ზოგს არაფერი დარჩა, ნივთიც არ დარჩა, მაგრამ არიან გაუტეხელები, ამაყები იმით, რომ იციან, რომ მათ უანგაროდ დაეხმარებიან.