„ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა - კარი გაუღო ასირიელ დევნილებს“

„ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა - კარი გაუღო ასირიელ დევნილებს“

„აი-სი-სი“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ მართლმადიდებელი ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავმა ფაქტებმა მსოფლიო შეძრა. საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლებისგან ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემა მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნას შესაბამისი ნაბიჯით უპასუხა და როგორც ასურელების სულიერი მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, ხელისუფლებამ კარი გაუღო ასურელ დევნილებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა სურვილი გამოთქვა ასურელი ბავშვები ეშვილათ. ბავშვების შვილად აყვანის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტერორისტებმა გაავრცელეს ვიდეო, როგორ კვეთდნენ თავს ბაშვებს. ინტერნეტში გავრცელდა ასურელი ბავშვების მიმართვაც, სადაც ისინი იმ საშინელებების შესახებ ყვებოდნენ, რაც თავად ნახეს და შველას ითხოვდნენ. კადრებში ჩანდა ასეულობით მოკლული და ჩამომხრჩვალი ბავშვი, თავმოკვეთილი და ჯვარზე გაკრული ქრისტიანები. როგორც აღმოჩნდა ეს რამდენიმე წლის წინანდელი კადრები, იყო, თუმცა ეს იყო შეზარავი რეალობა.

რამდენმა ასურელმა შეაფარა თავი საქართველოს, რატომ არ მოხდა ბავშვების შვილად აყვანა და დატოვებს თუ არა საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ასირიელების სულიერ მოძღვარს, მამა სერაფიმეს ესაუბრა.

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ აუდიო-მასალებს რომელიც ბავშვების მკვლელობის ფაქტს ასახავდა. მაშინ მთელი საქართველო მთავრობის დონეზე გაერთიანდა ამ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა, დღეს ეს თემა უკვე აღარ არის აქტუალური. რა ხდება, მართლმადიდებელი ასირიელების წინააღმდეგ ძალადობა შეჩერდა?

- საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რისი საშუალებაც ჰქონდათ - რაც მთავარია, კარი გაუღო ყველა იმ დევნილს, ვინც ახლო აღმოსავლეთში მოჰყვა ამ ჯოჯოხეთში. საქართველოში ჩამოვიდა უამრავი ხალხი და არა მარტო ასურელები, არამედ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს მთავრობას, რომელმაც გამოიჩინა ძალისხმევა, რომ რამენაირად დახმარებოდა ამ ხალხს. ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა - კარი გაუღო ამ ხალხს.

დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში?

- დაახლოებით 2000-მდე ადამიანი ჩამოვიდა. ესენი იყვნენ არა მარტო ასურელები, იყვნენ არაბები, ქურთები და ა.შ. საქართველოსთან ერთად ამ ხალხს კარი გაუღო ევროპამ და ამ ხალხმა აირჩია ევროპაში წასვლა. იქ მათ მარტო პენსიის სახით 450 ევრო დაუნიშნეს, გარდა ამისა, მათ ჰქონდათ მუშაობის უფლებაც. ამიტომაც ნაკადი წავიდა ევროპისკენ. მე ყოველთვის ცალსახად და ღიად აღვნიშნავდი, რომ საქართველოს დევნილთა ნაკადი არ მოაწყდებოდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს კარი გაეღო იმ დევნილთათვის, რომლებიც იტანჯებიან და იწამებიან ქრისტეს სახელისთვის და, მთავრობამ მათ კარი გაუღო. იცით, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში ისევ მიმდინარეობს და თუ რომელიმე დევნილი გადაწყვეტს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, საქართველო მას ღებულობს. ამჟამად საქართველოში 2 თუ 3 ასურელი ოჯახია.

ანუ, ისინი დასახლდნენ საქართველოში?

- დიახ, თბილისში დასახლდნენ. საქართველოს ისინი უკან არ გაუგდია, მაგრამ მათაც თქვეს, რომ ჩვენ ევროპა გვირჩევნია, თავს უფრო დაცულად ვგრძობთო, ეს მომენტი იყო.

რაც შეეხება ბავშვების შვილად აყვანის თემას, 500-მდე ოჯახი მზად იყო, რომ ეშვილათ ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავდათ. მაგრამ, ეს მხოლოდ სურვილად დარჩა. რა მიზეზის გამო ვერ მოხდა ამ ბავშვების შვილად აყვანა?

- ბავშვებს, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი, მეზობლების იმედად არიან და მეზობლებთან ერთად გამოიარეს ის ჯოჯოხეთი. ამიტომ, ის მეზობელი ამ ბავშვს სხვა ადამიანს არ მისცემს. ეს არარსებული ფაქტი იყო და ამის შესახებ თავიდანვე აღვნიშნე. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია თუ ხანდაზმული, თუ იგი იდევნება სხვადასხვა მიზნის გამო, საქართველო მას ღებულობს როგორც დევნილს. საქართველო დაგვიდგა გვერდით, ასურელების ტკივილი თავის ტკივილად აღიარა.

ბავშვების გაშვილება იყო გამოსავალი? ბევრს საუბრობდნენ მაშინ, რომ ვერ მოხდებოდა ამ ბავშვების ადაპტირება...

- პაპაჩემი იყო რეპერსირებული და ამიტომ მამაჩემი ციმბირში დაიბადა. 9 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში. თვლის, რომ ქართული ადათ-წესებით არის გაზრდილი და საქართველო არის მისი სამშობლო. მთავარი იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან კარი გაიღო და მსურველს ჰქონდათ საშუალება ამ ღია კარში შემოსულიყო. ამ ღია კარში ბევრი შემოვიდა და ბევრი დანუგეშდა.

ფაქტია, რომ ომი გრძელდება, დღეს რა მდგომარეობაა, მართლმადიდებელი ასურელების წამებისა და მკვლელობის შემზარავი ფაქტები ისევ გრძელდება?

- ეს ძალადობა არ ეხებათ მხოლოდ ქრისტიანებს, ეს ეხება ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება. ის კადრები, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, მე მაშინ აღვნიშნე, არ გეგონოთ, რომ ეს არის გუშინდელი, ის შეიძლება იყოს შარშანდელი ან შარშანწინდელიც.

საინტერესოა აქამდე რატომ არ მოხდა ამ კადრების გავრცელება?

- უბრალოდ, ახლა მოაღწია ჩვენამდე. აქამდე ბევრი რამე დაფარული იყო, ჩვენამდე ვერ აღწევდა. მთელმა მსოფლიომ ამოიღო ხმა, როდესაც ასურელების კულტურული ძეგლების დანგრევის კადრები გავრცელდა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ახლა მოხდა, მაგრამ ეს მოხდა შარშან. არასწორია ინფორმაცია, როდესაც ამბობენ, რომ მამა სერაფიმეს აწვდიან წამების ვიდეო-ჩანაწერებსო. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ არის ასეთი გვრედი „ჩვენ ვართ ასურელები“ და „13 წმინდა ასურელი მამის მონასტერი“ სადაც ყველა ასურელები ერთმანეთს ვუკავშირდებით, სწორედ მათ აწვდიან ამ კადრებს. აი, ამ ღია სივრცეში ყოველთვის იდებოდა ეს ინფორმაცია.

როდის დაიდო პირველი ინფორმაცია?

-ეს იყო 2010 წელი. მაშინ ვთქვი, რომ მოხდა თავდასხმა ეკლესიაზე, მოკლეს მღვდელი, დიაკონი და დაცხრილეს ეკლესია. მაგრამ, სამწუხაროდ 4 წლის წინ არავინ ამის შესახებ არ გამომხმაურებია. მხოლოდ ხალხი წერდა, რომ ეს არის დიდი ტრაგედია.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა მაშინ ამის გახმაურება? 2010 წელს რომ ყოფილიყო ანალოგიური მხარდაჭერა, ალბათ, დღეს ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა...

- არც ერთი ტელევიზია მაშინ ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. მხოლოდ 2013 წელს მიმიწვიეს „ტაბულაში“ და ვთქვი, რომ ასეთი რამ ხდება. იქ არ ეკითხებიან შენ მართლმადიდებელი ხარ, კათოლიკე, აღმოსავლური ეკლესიის მიმდევარი, თუ ანტიოქიის ეკელსიის მიმდევარი. იქ ეკითხებიან ქრისტიანი ხარ? და თუ ქრისტიანია მაშინ კლავენ. ისლამი არ ქადაგებს რადიკალიზმს, ეს არის ახალი იდეოლოგია, რომელიც ყველას ემუქრება, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა მუსლიმია, მართლმადიდებელი, კათოლოკე თუ ვინ.

დაახლობით სტატისტიკა თუ არასებობს სარწმუნოების ნიადაგზე რამდენი ადამიანი არის მოკლული?

- სამწუხარდ, ეს სტატისტიკა ჩვენ არ გვაქს. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ერაყში და აქედან მილიონ 600-მა ადამიანმა ერაყი დატოვა. ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს რამხელა საშიშროება იყო, რომ ხალხი წავიდა ევროპაში. დევნილების დიდი ნაკადი მიიღო ავსტრალიამ და გერმანიამ. ავსტრალიიდან მწერენ ჩამოდით, ჩვენთან იყავითო.

აპირებთ წასვლას?

- არა, რა თქმა უნდა. მამა ასურელი მყავს, მაგრამ დედა ქართველი მყავს. აქ დავიბადე და გავიზარდე, და თუკი უფლის ნება იქნება, აქ უნდა დავლიო სული. ჩემს ხორცში ორი სისხლი დუღს - ასურელის და ქართველის. ჩემთვის სიმბოლურია, რომ ასურელი მღვდელი ვმსახურობ საქართველოში და ამავე დროს ვემსახურები ასურელ ერს.