ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაკითხა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ამბობს, რომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან. მისი თქმით, 2 თებერვლის ღამეს 3-დან 4 საათამდე რეკავდა და ძაძამია ეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დაალაპარაკებდა მეუღლეს. შემდეგ, როგორც ქადაგიძე ამბობს, იგი ფეხით წამოვიდა წყნეთიდან და შუა გზაში დაეწია მანქანა. ცოტა ხანში კი მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა.
რატომ იტყუებიან დაცვის წევრები, რატომ შეიქმნა გიორგი ბარამიძისთვის ევროინტეგრაციის სამინისტრო და რატომ არ უშვებდა გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრთან კობა ხარშილაძე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ესაუბრა.
ქალბატონი ნინო, თქვენ აღნიშნეთ სასამართლოზე, რომ ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, რატომ ფიქრობთ, რომ ბრალდებულები იტყუებიან?
- ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია. ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. ახლა კი, რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს, შემდეგ, ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან (გაზს ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს). ასევე, ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ქონია. მეზობლები გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ.
ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა...
- ქრონოლოგიურად მოვყევი ყველა დეტალი. ყველა მომენტში დავაფიქსირე, რომ ეს ხალხი იტყუებოდა. მათი ადვოკატისკან უფრო მეტს მოველოდი, ორ საკითხზე მიტევდა, პირველი - თქვენი ზარები არ იყო ძაძამიას ტელეფონზე დაფიქსირებულიო. ე.ი. ღამე წყნეთიდან ყოველგვარი ზარის გარეშე წამოვედი ისე, რომ არავისთან არ მილაპარაკია? შემდეგ კი, ამის საწინააღმდეგოდ მეუბნებოდა, რატომ ურეკავდით ძაძამიას რამე განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყოო? - აი, ამას მეკითხებოდა.
ძაძამია იყო დაცვის თანამშრომელი და ლოგიკურია, რომ დარეკავდით...
- ბუნებრივია, ძაძამია დილით მოვიდა სახლში და ვიცოდი, რომ ის და ხარშილაძე იყვნენ ზურასთან. დავურეკე ერთსაც და მეორესაც. 3-დან 4 საათამდე ვრეკავდი და ძაძამია მეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დამალაპარაკებდა ზურას. იმ ამონაწერში თუ არ არის სატელეფონო ზარი, ე.ი. გაყალბებულია. ღამის 3 საათზე გავიღვიძე, არც ერთი ზარი არ გამიკეთებია არავისთან და ისე გამოვიქეცი წყნეთიდან? თუ მაგასაც უარყოფენ, რომ ნახევარი გზა ფეხით ჩამოვიარე?
შესაძლებელია, რომ სატელეფონი ამონაწერი გაყალბებული იყოს?
- რა თქმა უნდა, გაყალბებულია. ამ საქმის გამოძიება საერთოდ არ უნდოდათ. თავიდან ბოლომდე გააყალბეს.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ თქვენ ნაფიცი მსაჯულების ემოციურ მხარეზე აპელირებდით და არა ფაქტობრივ გარემოებებზე...
- სიმართლე ყველაზე მოქმედებს. ჩემს სიტყვას აქვს რაღაცა ფასი და ჩემი სიტყვა, ჩემი ცხოვრებით მაქვს გამყარებული. ყველამ იცის, რომ მთელი 10 წლის განმავლობაში, ამ საქმეზე ერთი ტყუილი არ მითქვამს, ერთი ინფორმაცია არ მითქვამს ისეთი, რომელიც ზუსტად არ ვიცოდი და იმიტომ მენდობიან. მაგათ არავინ არ ენდობა, ყველაფერი, რაც თქვეს, ტყუილი აღმოჩნდა. როდესაც მივედი გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე შესვლის უფლებას არ მაძლევდა. სახლთან ბევრი პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით მოვახერხე ბინაში შესვლა და ვნახე რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ.
როგორ ხსნით იმას, რომ კობა ხარშილაძე არ გიშვებდათ პრემიერ-მინისტრთან?
- ალბათ, იმიტომ, რომ შეიძლება, იქ ისეთი რამ დამენახა და დამემახსოვრებინა, რაც მათ არ აწყობდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ზურას სახის გარდა არაფერი არ დამამახსოვრდა. ეშინოდათ, რომ მე გავიქცეოდი, მივიხედ-მოვიხედავდი და რაღაცეებს დავათვალიერებდი. სამწუხაროდ, მე ეს ვერ შევძელი.
მეორე საკითხი, რაზეც მე მედავებიან, გახლავთ ის, რომ აქ კონსპირაციული შეხვედრები იყო და ამიტომ ფანჯრები დაკეტილი იყოო. ორი თვე გრძელდებოდა კონსპირაციული შეხვედრა და როგორი უჟანგბადობა იქნებოდაო. კონსპირაციული შეხვედრების დროს უჟანგბადობით იხრჩობიან? ნაგვის ყუთში 30 ღერი სიგარეტის ნამწვავი არის ნაპოვნი, ამ 30 სიგარეტს ისე ეწევიან, რომ უნდა ამოიხრჩონ? ზურა დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა.
ამ დროის განმავლობაში 30 ღერ სიგარეტს მოწევდა პრემიერი?
- არა, რა თქმა უნდა. მართალი, რომ გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის სიგარეტები, რაც მე ვნახე, სადღაც ნაგვის ურნიდან ამოიღეს და იქ გადმოიტანეს პირდაპირ.
ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა, შიგნიდან კი სისხლნაჟღენთი ეტყობოდა. თქვენ შეხვდით ადეიშვილს და მოხოვეთ ეს ფოტოები, რომელიც დაკარგული აღმოჩნდა. 10 წლის შემდეგ როგორ ხსნით ამ ყოველივეს?
- მე ნანახი მქონდა ფოტო, სადაც ზურას ტუჩის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა და შიგნიდან კი სისხლნაჟღენთი ეტყობოდა. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მივედი ადეიშვილთან და ვუთხარი ამ ფოტოების შესახებ. მან მთხოვა ფოტო მეჩვენებინა. როდესაც მოვიძიე ფოტო, აღმოჩნდა, რომ იგი გააქრეს. ძალიან მარტივად არის საქმე, ზურა არის მოკლული. მთელი გამოძიება არის გაყალბებული იმ მიზნით, რომ ამ ჭუჭყიანი სისულელეებით გადაეფარათ მკვლელობა. ერთია, რომ ცოცხალი და ჭკვიანი ადამიანი არ უნდოდათ გევრდით და პლუს, უნდოდათ ზურა როგორც ადამიანი, გაენადგურებინათ.
ხარშილაძე თავისი ჩვენებით შეეცადა გაემყარებინა ვერსია უხერხულ სცენარზე, რაზეც საუბრობდნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები?
- ეს ვერსია პირველი დღიდან გაავრცელეს. ეს ხომ დღეს არ მომხდარა, ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ბავშვები ხომ არ ვართ. მკვლელობიდან მეორე დღეს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ დარაზმული ავრცელებდა ამას და ეს ხდებოდა ორგანიზებულად. სწორედ, იმიტომაც არ დაუჯერა არავინ.
იგივეს ამბობდნენ მისი მეგობრები, ღიად საუბრობდნენ უხერხულ სცენარზე...
- სანამ ზურა ცოცხალი იყო, ასეთი შეკითხვა არც ერთხელ არ ყოფილა. როგორც კი მათ თანამდებობებს შეეხნენ, გაჩუმდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამჯერ გადაიყვანეს გიორგი ბარამიძე ერთი ადგილიდან მეორეზე იმიტომ, რომ ზურას ებრძოდნენ და არ აწყობდათ. შს მინისტრი იყო და გაუშვეს, მეტიც, კინაღამ დაიჭირეს, კორუფციაში დასდო ბრალი ირაკლი ოქრუაშვილმა, მაშინ ზურა გადაეფარა, შემდეგ ევროინტეგრაციის სამინისტრო მოუფიქრა ზურამ. რა დღესაც ხელი მოაწერა ამ ვერსიას, იმ დღიდან ბარამიძეს არავინ შეხებია. სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ასე უზნეოდ იქცევიან.
მე პირადად მის ადგილას წავიდოდი და გავაგრძელებდი იმ პრინციპებისთვის ბრძოლას, რაც ზურას სწამდა. მაგათ ამისთვის არაფერი არ გააკეთეს. იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, ომი, გირგვლიანი, მილიონი ადამიანი უსამართლოდ იტანჯებოდა და ხმა არ ამოუღიათ, მათ იცოდნენ ზურა რას იზამდა ამ უსამართლობებზე, მაგრამ არა, ხმა არ ამოიღეს. კობა ხარშილაძეზე კი გამოვარდნენ ეს ნაძირლები, არ დაიჩაგროს და ორი წელი ციხეში არ წავიდესო. აი ეგ არის სიმართლე. მე ვარ გულწრფელი, იმიტომ, რომ მე ვარ მართალი.
ბარამიძე ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემს სახლში ფეხი არ შემოუდგამს გარდა პირველი კვირისა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა. მათ მოსასვლელი პირიც არ ჰქონდათ. გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები, ზურა რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ზურა აღარ არის და ისინი ახლა რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. მაგათ არა აქვთ არანაირი ღირებულება.
ქალბატონო ნინო, გაქვთ იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა?
- არ ვცხოვრობთ ისეთ სრულყოფილ ქვეყანაში, ვთქვა, რომ ჩვენ ისეთი მართლმსაჯულება გვაქვს. აგერ არის სასამართლო, პროკურატურა. არ ვიცი, შევხედოთ.