შეურაცხყოფილი პაციენტი - რა ხდება წერეთლის N138-ში მდებარე პოლიკლინიკა „მედიკლაპში“?

შეურაცხყოფილი პაციენტი - რა ხდება წერეთლის N138-ში მდებარე პოლიკლინიკა „მედიკლაპში“?

სოციალურად დაუცველი ხათუნა ქვლივიძე წერეთლის N138-ში მდებარე პოლიკლინიკა „მედიკლაპის“ მომსხახურებით სარგებლობს და უკვე ორი წელია, მომსახურებასთან ერთად, პერსონალის შეურაცხმყოფელ მოპყრობას იტანს. განერვიულებული ქალბატონი for.ge-ს რედაქციაში აცრემლებული მოვიდა და დახმარება ითხოვა - როგორმე ხმა მიგვეწვდინა შესაბამისი უწყებებისთვის. პარალელურად, ხათუნა ქვლივიძე აპირებს, განცხადებით მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყონ.

ხათუნა ქვლივიძე ამბობს, რომ ორი წელია მას პოლიკლინიკის ექთანი, ნანული წიკლაური შეურაცხყოფას აყენებს. მას შემდეგ, რაც ქალბატონი ხათუნას ისტორია მოვისმინეთ, შევეცადეთ კონსულტაცია გაგვევლო ამ სფეროს წარმომადგენლებთან და როგორც აღმოჩნდა, სოციალურად დაუცველი პაციენტების მიმართ, პოლიკლინიკებში მსგავსი მოპყრობა უცხო არ ყოფილა.

რატომ აყენებენ შეურაცხყოფას სოციალურად დაუცველ ქალბატონს და რა პრეტენზიები აქვს მასთან პოლიკლინიკის ექთანს, ხათუნა ქვლივიძე თავად ისაუბრებს.

ხათუნა ქვლივიძე: - ეს არის პოლიკლინიკა „მედიკლაპი“, ყოფილი მე-3 პოლიკლინიკა, რომელიც მდებარეობს წერეთლის N138-ში. ორი წელია რაც ურთიერთობა მაქვს ამ პოლიკლინიკასთან და ეს ორი წელია შეურაცხყოფილი ვარ. როგორც სოციალურად დაუცველი ამ პოლიკლონიკას მიმამაგრეს. როდესაც დამჭირდა, მივედი ექიმითან, ქალბატონ მარინა ჯანგიშერაშვილთან, მაგრამ როდესაც ნახა თემქაზე ვცხოვრობ, მითხრა, რომ თქვენ ამ პოლიკლინიკაში ვერ მიგიღებთ, თქვენ უნდა მოგემსახუროთ თემქაზე არსებული პოლიკლინიკაო. თემქაზე რომ მივედი, უარი მითხრეს - სადაც მიგაწერეს იქ მოგემსახურებიანო. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში, ვიკითხე, გამარკვით რა გავაკეთო-თქო. სამინისტროში მითხრეს, რომ სადაც თქვენ ისურვებთ, იმ პოლიკლინიკაში მოგემსახურებიანო, თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ და თუ რამე პრეტენზია გექნებათ დაგვირეკეთ, გვითხარით და ჩვენ ამ ყველაფერს მივხედავთო.

ჩემი შვილის გულისთვის ვიტანდი ამ შეურაცხყოფას და მაინც დავდიოდი. ჩემი შვილი არის 22 წლის, რომლესაც 5 წელია ძალიან მძიმე დაავადება აქვს, არასპეციფიური წყლოვანი კოლიტი, რომელიც უძლიერეს მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, როდესაც წამლები დამჭირა მივედი პოლიკლინიკაში. მთელი უბედურება ის არის, რომ ექიმი იმდენად არ აქტიურობს, რამდენადაც ეს ექთანი, რომელთანაც აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ლამისაა შემჭამოს, ისეთი აგრესიულია.

ვინ არის ეს ქალბატონი?

- ვინმე ნანული წიკლაური. ექიმთან, რომ შევდივარ, ლამის, გაგიჟდეს, არ ვიცი რატომ მოსდის ასე. ალბათ, ყველასთან ასეთი აგრესიულია. იქ მოდიან მოხუცები, გაუბედურებული ადამიანები, უყვირის ამ ხალხს. არადეკვატურია, არადამიანურად ექცევა ავადმყოფებს. შეიძლება მე ვიყო ასეთი აგრესიული, იმიტომ, რომ მე ავადმყოფი ვარ, მაგრამ, შენ ექიმს და ექთანს, არ გაქვს უფლება, რომ მიყვირო. ჩემი შვილის გამო ვითმენდი ამ ყველაფერს.

ამას წინათ, დამჭირდა პოლიკლინიკაში მისვლა, ჩავეწერე, მაგრამ არ მივედი. შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ ჩავეწერე და არ გამოვცხადდი.

რატომ არ მიხვედით?

- იმიტომ, რომ ჩემი შვილი მიმყვებოდა და ვიცოდი, რომ ისევ აგრესია წამოვიდოდა იმ ქალისგან. ამიტომ, წავედი თემქაზე „ავერსის“ კლინიკაში, იქ 20 ლარი გადავიხადე. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, რომ ექიმთან ვიზიტის დროს ნერვები არ მომეშალა. თუმცა, ახლა, ბავშვის წამლებისთვის დამჭირდა ფორმა 100 და იძულებული გავხდი მივსულიყავი „მედიკლაპში“. ადრე კი მითხრეს, რომ ახალი ფორმა 100 მოგვიტანე მკურნალი ექიმისგანო, მაგრამ იმდენი პრობლემები მაქვს, რომ არ გამხსენებია და ბოდიში მოვუხადე. ამ დროს ეს ექთანი ცინიკურად მპასუხობს, შენ სულ ასე იცი, ვაიმე რა წუწუნა ქალიაო. მომიბრუნდა და მეუბნება - რას წუწუნებ ქალო!

მე ვუთხარი, შენობით და ქალობით რატომ მელაპარაკები-თქო და ამაზე მიპასუხა - სულ არ მაქვს შენთან სალაპარაკოო. მაშინ ვკითხე, რა გინდათ, რატომ მეჩხუბები-თქო? ამ დროს ჩემი ავადმყოფი შვილი გვერზე მიზის და მეუბნება - დედა რა ვქნაო? ვატყობდი, რომ რაღაც მოხდებოდა და ამიტომ ისევ გადავყლაპე მისი შეურაცხყოფა.

მანამ შევიდოდით ექიმის კაბინეტში, ჯერ ჩემი ბიჭი შევუშვი, ბავშვმა კარებზე დაუკაკუნა და კარი, რომ გააღო უყვირა ჩემს შვილს, ბიჭო შენ კიდევ აქ მოხვედიო.

თქვენთან აქვს ეს აგრესია მხოლოდ, თუ ყველასთან ასე ხდება?

- ვერ გეტყვით. ჩემთან ასეა და მგონია, რომ ყველასთან ასეა.

თვითონ ექიმი რას ეუბნება?

- მე მგონია, რომ ექიმი გათიშულია ამის ყვირილით, საერთოდ ხმას არ იღებს. როდესაც ექიმმა მითხრა, კარგით ქალბატონო, მე დაგიწერთ ფორმა 100-სო და ამაზე გაგიჯდა ეს ექთანი, შენ რატომ უწერო. ექიმმა უთხრა, უკან ხომ არ გავუშვებ, ჩავწერ, რომ ავადმყოფის კატეგორიული მოთხოვნა არის მივცე ფორმა 100-იო.

რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში იმ პოლიკლინიკის მთავარი ექიმი?

- შემძლო მიმემართა მთავარი ექიმისთვის, მაგრამ არ შევედი. იმიტომ, რომ იმ მთავარ ექიმს ეცოდინება ეს ვინც არის. მე ჩავთვალე, რომ ისიც ესეთია და ამიტომ აჩერებს ასეთ თანამშრომელს. ამიტომ, აზრი არ ჰქონდა ჩემს ახსნას. არ არსებობს, რომ ამ ექთანს შევარჩინო ეს შეურაცხყოფა.

არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. რატომ უნდა მეშინოდეს ექიმთან მისვლის, თუ რამე პრეტენზია აქვს ჩემთან, მითხრას.

ადრე გქონდათ რამე შეხება ქალბატონ ნანული წიკლაურთან?

- არანაირი შეხება არ მქონდა.

როგორ ფიქრობთ, ამ აგრესიის მიზეზი თქვენი სოციალურად დაუცველის სტატუსია?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მიზეზი. სხვა მოტივი არ არსებობს. ისე გვიყურებენ, თითქოს ადამიანები არ ვართ, კეთროვანებივით გვექცევიან, ვინაიდან ფულს არ ვიხდით. ვიცი, რომ ძალიან ცუდი დროა, მაგრამ როდემდე უნდა ვითმინო? ჩემი ავადმყოფი შვილის კანკალს ვიღაცა წიკლაურს ნამდვილად არ შევარჩენ.

ასეთი აგრესიული ადამიანი არ შეიძლება ამ სფეროში მუშაობდეს. არავითარ ბოდიშს არ მივიღებ, მან უნდა დატოვოს სამსახური. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და ამიტომ მივედი ამ ზომამდე. მან უნდა დატოვოს სამსახური. თუ ასე გაგრძელდა, რაღაცა უბედურება მოხდება ან ჩემი, ან ჩემი შვილის მხრიდან და რატომ? გეკითხებით, რატომ უნდა დავდიოდე ექიმთან ექთნისგან შეშინებული?